სფეისი VISA-სთან პარტნიორობით გლობალურ ბაზარზე გადის

Photo Credits to SPACE

პირველი სრულად ციფრული ქართული ნეობანკი სფეისი გლობალურ ბაზარზე გასვლას VISA-სთან პარტნიორობით გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული ონლაინ-გამოცემა Finextra ავრცელებს.

სფეისი თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ციფრული ბანკინგის აპლიკაციას 160,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ საბანკო პროდუქტებს, როგორიცაა სადებეტო ბარათი, ონლაინ სესხი, QR განვადება, P2P გადარიცხვები და გადახდები.

წარმატებული პირველი წლის შემდეგ სფეისი სამხრეთა-აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებში გეგმავს შესვლას. ამ პროცესში სფეისს აქტიურად უჭერს მხარს  VISA.

„სფეისზე მუშაობისას გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ტრადიციულ საბანკო მიდგომებსა და მოძველებულ ტექნოლოგიებს გასცდებოდა და უკეთ უპასუხებდა თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს. ჩვენ ეს შევძელით და ახლა მზად ვართ საერთაშორისო ბაზარს შევთავაზოთ სფეისი.“ – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ქურდიანმა.

„ჩვენ მომსწრენი ვართ საბანკო სექტორის სწრაფი ტრანსფორმაციის, სადაც ახალი მოთამაშეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნეობანკი ორიენტირებულია მომხმარებელზე, ინოვაციურია და მოქნილი, ამასთან, მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ ფინანსურ გადაწყვეტებსა და ბანკინგის ციფრულ გამოცდილებას. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესში მხარი დავუჭიროთ კავკასიის რეგიონის ფინტექ პროექტს.“ – განაცხადა კომპანია VISA-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და ფინტექის დირექტორმა, ევგენი ლისნიაკმა.