სამხრეთ კორეა COVID-19-ის ტესტირების უფრო სწრაფი ნაკრების გამოყენებას განიხილავს

Photo By Steven Roe

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ორგანოებმა 26 აპრილს განაცხადეს, რომ COVID-19-ის ტესტირების ისეთი კომპლექტის შემოღებას აპირებენ, რომელიც პასუხის დაფიქსირებას, დაახლოებით, ერთ საათში შეძლებს და მას გადაუდებელი ოპერაციების საჭიროების მქონე პირთა ან მშობიარე ქალებისთვის გამოიყენებენ.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) ხელმძღვანელმა, ჯეონგ ეუნ-კეიონგმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს გეგმას, რომელიც ექიმებს, საგანგებო შემთხვევებში, საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ერთსაათიანი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტირების კომპლექტები.

ჯეონგმა ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის ორგანოები არ გამორიცხავენ სწრაფი PCR ტესტის ნაკრების რიგით ადამიანებზე გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ტენდენცია დაბალ ნიშნულზეა, KCDC-მა დაიწყო იმ შემთხვევების გამოძიება, როცა გამოჯანმრთელებული ადამიანების დამატებითი ტესტირება კვლავ დადებით პასუხს იძლევა.

ექსპერტთა თქმით, სავარაუდო შესაძლებლობებს შორის არის რეინფიცირება, რეციდივი, ან არათანმიმდევრული ტესტები. ჯეონგის განცხადებით, ეს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვირუსის “რეაქტივაციასთან” და არა – პაციენტების რეინფიცირებასთან.

KCDC-ის ცნობით, კვირას ახალი ტიპის კორონავირუსით დასნებოვნებული 10 ახალი პაციენტი გამოვლინდა და რიცხვმა 10,728-ს მიაღწია. დაღუპულთა რიცხვი კი 242-ს შეადგენს.

ცნობისათვის, ჩინეთის შემდეგ ვირუსი სწორედ სამხრეთ კორეაში აფეთქდა და სერიოზული გავრცელება დაიწყო, თუმცა მასიური ტესტირებისა და კონტაქტების ინტენსიური დამუშავების წყალობით, ქვეყანამ სიტუაციის გაკონტროლება მოახერხა