Sotheby’s-ის აუქციონის სახლმა ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრების გაყიდვა დააანონსა

Sotheby’s-ის აუქციონის სახლმა ამერიკელი ნეოექსპრესიონისტი მხატვრის, ჟან-მიშელ ბასკიას, ორი  ნამუშევრის გაყიდვა დააანონსა. ნამუშევრები სახელწოდებით „Black“ და „Jazz“ 1986 წელსაა შესრულებული, მხატვრის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. ორივე ნამუშევარი Sotheby’s-ის მიერ 4-6 მილიონ დოლარადაა შეფასებული. აუქციონი 28 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჟან-მიშელ ბასკიას ნახატების კოლექციონერი ენრიკო ნავარა იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნავარას კოლექციაში ორივე ნამუშევარი 1990-იანი წლებიდან იყო. კერძოდ ნავარამ „Black“ 1995 წელს, ხოლო „Jazz“ 1996 წელს იაპონიაში შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ნახატებს აუქციონზე გაიტანენ. 2015 წლის  Sotheby’s-ის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე არცერთი მათგანი არ გაყიდულა. ნეოექსპრესიონისტი მხატვრის ნამუშევრებში უჩვეულო სიმბოლოებით გამოსახული მინიშნებებია. ნახატ „Black“- ში ბასკია აშკარად ამერიკელ ჯაზის მუსიკოსზე, ლუი არმსტრონგზე, მიუთითებს. Sotheby’s-ის თანამედროვე ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გრეგორ ბილოს, განცხადებით, ბასკიას ნამუშევრებს საერთაშორისო ბაზრის განვითარებაში დიდი როლი აქვთ.