სოფო ჭყოიძე SpinCar-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

სოფო ჭყოიძე ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერის, SpinCar-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ის ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელია, რომელიც ზემოხსენებულმა კომპანიამ გასული წლის მაისში შეიძინა.

სოფომ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში კავკასიის უნივერსიტეტში 2017 წელს მოიპოვა. ის სწავლის პარალელურად ჯერ კომპანია Smartex-ში მუშაობდა ციფრული ანალიტიკოსის პოზიციაზე, მოგვიანებით კი – eMoney-ში, სადაც თავდაპირველად კომერციული მენეჯერის, შემდეგ კი კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა.

SpinCar-ის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ამის შემდეგ კარიერა Pulsar AI-ში განაგრძო. აღსანიშნავია, რომ ფინანსური კომპანიებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიის შექმნა დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წლიდან დაიწყეს. 2019 წლიდან მათ სოფო ჭყოიძე შეუერთდა და გუნდმა Pulsar AI დააარსა, რომლის მიერ შექმნილი პლატფორმა Conversational AI ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს.

რაც შეეხება SpinCar-ს, კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წელს დაარსდა. ის ავტოინდუსტრიაში წარმოდგენილ ბიზნესსექტორსა და დილერებს ციფრული გაყიდვების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. SpinCar-ის მიერ შექმნილი პროდუქტის დახმარებით მყიდველები ციფრულ სივრცეში ისეთივე გამოცდილებას იღებენ, როგორსაც შოურუმში ვიზიტის დროს.