2020 წლის “სონის” მსოფლიო ფოტოგრაფიის დაჯილდოება მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების დაჯილდოებებისგან. წლევანდელმა კონკურსმა კიდევ რამდენიმე ახალ კატეგორიაში გამოავლინა გამარჯვებული. ნომინაციებიდან ყველაზე საინტერესო კი ეკოლოგიისა და კრეატივის თემაზე წარმოდგენილი ნამუშევრები იყო.
მთავარი პრიზი, 25 000 ამერიკული დოლარი, გადაეცა ფოტოსურათების შთამბეჭდავი სერიის ავტორს, ურუგვაელ პაბლო ალბარენგას, რომელმაც წარმოადგინა ფოტოები სახელწოდებით Seeds of Resistance. თითოეულ ფოტოსურათზე გამოსახულია ადგილობრივი აქტივისტი და ტერიტორია, რომლის დაცვასაც ის ცდილობს.
photo – Pablo Albarenga
საინტერესოა, რომ ფოტოგრაფი ამ ნამუშევრებით შეეხო არა მხოლოდ გარემოს დაცვის თემას, არამედ ეკოაქტივისტთა უფლებების დაცვის საკითხსაც, რადგანაც ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ განვითარებად ქვეყნებში.
photo – Pablo Albarenga
პაბლო ალბარენგამ განაცხადა, რომ ამ წარმატებაში ორ გამარჯვებას ხედავს. ერთი მხრივ, შესაძლებლობას, მოყვეს ამაზონის ტრადიციული, ავტოქთონური საზოგადოებების ისტორიები, თუ როგორც იცავენ ისინი საკუთარ გარემოს, ხოლო, მეორე მხრივ, ლათინოამერიკელი ფოტოგრაფის საერთაშორისო აღიარებას.
რაც შეეხება გარემოს კატეგორიას, აქ გამარჯვებული გერმანელი ფოტოგრაფი, რობინ ჰინში, გახდა, რომელმაც 2019 წელს ფირზე აღბეჭდა ნიგერიაში არსებული უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება. მისი ფოტოსურათები ასახავენ ნავთობინდუსტრიის შედეგად დაბინძურებულ მდინარე ნიგერის დელტას.
photo – Robin Hinsch
კონკურსს კიდევ ბევრი გამორჩეული მონაწილე ჰყავდა, რომელთაც არანაკლებ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს და მოწონება დაიმსახურეს ჟიურის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ კომპანია Sony-მ მსოფლიო ფოტოგრაფიის დაჯილდოება რამდენიმე წლის წინ დააარსა და დღემდე სტიმულს აძლევს ბევრ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ფოტოგრაფს.