სოფო სოლოღაშვილი საკუთარ სამსახურზე საუბრისას, უპირველესად სწორედ იმას აღნიშნავს, რომ „სნეპი“ მისთვის მხოლოდ სამსახური სულაც არ არის ‒ „ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი და განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ვალდებულება, ეს სიამოვნებაა“.
სოფომ ისიც კარგად იცის, რომ წარმატებას წინ აღმართული სტერეოტიპების მსხვრევის გარეშე ვერ მიაღწევდა და პირველივე გაბედული ნაბიჯიც სწორედ მაშინ გადადგა, როცა გასაუბრებაზე 3 თვის ფეხმძიმე მივიდა.
ლოგიკურიცაა, რომ სოფო საქმის პირნათლად შესასრულებლად ძალასა და ენერგიას არ იშურებს და მაქსიმალურად ცდილობს, საუკეთესო შედეგები დადოს. ეს, როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ გამოსდის, ზოგჯერ კი ‒ არა, თუმცა მადლიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა არასდროს ტოვებს და სამუშაო დღის ბოლოს დროს კვლავ სამსახურზე ზრუნვას უთმობს.
Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს „სნეპ ფიტნეს ჯორჯიას“ დირექტორთან, სოფო სოლოღაშვილთან.
რა გამოარჩევს „სნეპს“ სხვა კომპანიებისგან, რა განსაკუთრებულ სერვისებსა და მიდგომებს სთავაზობს ის ქართველ მომხმარებლებს?
ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ „სნეპი“ გამორჩეულია თავისი მაღალი ხარისხის ტრენაჟორებით, რაც არ განისაზღვრება მხოლოდ უშუალოდ ბრენდის ცნობადობით. ისინი მთლიანად არის გათვლილი მომხმარებელთა კომფორტზე. ასევე, მნიშვნელოვანია ლოკაციები ‒ ოთხივე ფილიალი განთავსებულია ქალაქის ცენტრალურ ადგილას. თამამად შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ყველა ობიექტი მაღალკვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორებით არის დაკომპლექტებული, რითაც მომხმარებლის ნდობა და შედეგით კმაყოფილება კიდევ უფრო იზრდება.
აღსანიშნავია მრავალფეროვანი ჯგუფური ვარჯიშებიც, რომელთა სარგებლობისთვის ჩვენს მომხმარებლებს დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ. ასევე, გვაქვს სოლარიუმი, მასაჟის კაბინა და საუნას სერვისები.
„სნეპი“ მოქნილ სისტემას ნერგავს და თავის კლიენტებს ერთი ბარათის დახმარებით სხვადასხვა დღეს განსხვავებულ დარბაზებში ვარჯიშის შესაძლებლობას სთავაზობს. ამით მომსახურება გაცილებით უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი ხდება.
და რაც მთავარია ‒ „სნეპს“ აქვს გარემო, რომელიც თანამშრომლებისათვის არის შექმნილი. ვინაიდან, ისინი დღის დიდ ნაწილს სწორედ დარბაზებში ატარებენ, ვფიქრობთ, არ შეიძლება, რომ იქ სტრესული გარემო დახვდეთ. თანამშრომელს უნდა სიამოვნებდეს ყოველდღე სამსახურში მოსვლა, სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოემსახურება მომხმარებელს მაღალი სტანდარტით. ისედაც სერიოზული პრობლემებია მომსახურების სფეროში და დემოტივაციის დამატებითი მიზეზების შექმნა დაუშვებელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოადუნო, რადგან ეს უკვე სხვა პრობლემებს გამოიწვევს. საბოლოოდ, ოქროს შუალედის დაჭერა საუკეთესო გამოსავალია. ეს ნამდვილად რთულია, თუმცა „სნეპი“ ცდილობს, მოცემულ დავალებას თავი ღირსეულად გაართვას.
თქვენ რით გამოარჩევთ საკუთარ თავს სხვა მენეჯერებისგან, რა გეხმარებათ, იყოთ განსაკუთრებული?
ჩემმა პირველივე ნაბიჯებმა ამ კომპანიაში, ვფიქრობ, განსხვავებულ მენეჯერად მაქცია. გასაუბრებაზე მისვლისას 3 თვის ფეხმძიმე ვიყავი, თუმცა მუშაობის დაწყება იმდენად მინდოდა, რომ ეს ამბავი დავმალე. მეორე გასაუბრებაზე კი უკვე დიდი მუცელი მქონდა. შოკისმომგვრელი იყო, როცა მივხვდი, რომ ორსული ამიყვანეს სამსახურში, ჩვენს ქვეყანაში ხომ პირიქით, ფეხმძიმე ქალებს სამსახურიდან უშვებენ. წარმოიდგინეთ, როგორი განწყობა გამიჩნდა. მივხვდი, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, იმ ადამიანების იმედები არ უნდა გამეცრუებინა. ბუნებრივია, თავიდანვე დირექტორობით არ დამიწყია, ჯერ ადმინისტრაციული მენეჯერი ვიყავი და საქმიანობა Snap Fitness-ის გახსნამდე დავიწყე, სწორედ ამიტომ მიყვარს ის შვილივით სამუშაო დღეც უბრალოდ არ სრულდება, სახლში მისვლით, შემდეგაც ბევრს ვფიქრობ Snap-ზე რა შევცვალო, რა გავაუმჯობესო და ასე შემდეგ.
სამსახურის და ცხოვრების დანარჩენი დროის ჰარმონიულად შეთავსება ნებისმიერი ადამიანისთვის სერიოზული გამოწვევაა, თქვენ როგორ ართმევთ თავს?
ხშირად ისეც ხდება, რომ Snap-იდან ძალიან გვიან გამოვდივარ ან მიწევს სულ აქ ყოფნა. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ისე შეუწყობს ხელს პარტნიორს, როგორც მე მეხმარება ჩემი მეუღლე და სხვა ოჯახის წევრები. ამით ვარ ძალიან ბედნიერი და მოტივაციას არ ვკარგავ, ვიყო სამსახურში და პირად ცხოვრებაში თანაბრად წარმატებული.
რა როლი ენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესს კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავებისას და როგორია „სნეპ-ფიტნესის“ პასუხი ამ გამოწვევაზე?
ყველას, ალბათ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და პანდემიასთან ბრძოლამ დაგვანახა ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა. ყველამ ცხადად გავიაზრეთ, თუ რამხელა ბერკეტი აქვს ორგანიზმის სიძლიერეს და იმუნიტეტს. რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდით, რომ „ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“, თუმცა ბოლო ერთი წელია, პირისპირ აღმოვჩნდით იმ რეალობასთან, რომელსაც პანდემია ჰქვია და ზუსტად აქედან გაჩნდა იდეაც, რომ ექიმების საშუალებით ხმა საზოგადოებასაც მივაწვდინოთ და დაწვრილებით ავუხსნათ, თუ რამხელა მნიშვნელობა და ძალა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ ნაბიჯით გვსურს, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში.
სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ჩვენი ახალი კამპანია, რომელსაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მსგავსი ტიპის კამპანიებს ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენთან იმდენად ბევრი პრობლემაა, რომ ამისთვის, როგორც ჩანს, ვეღარ იცლიან.
კამპანიის შინაარსი არის მარტივი, ყველასათვის გასაგები და ძალიან მნიშვნელოვანი. პატარა ვიდეო რგოლების დახმარებით, რომელშიც ჩვენი ექიმები – გუგა ქაშიბაძე – პლასტიკური ქირურგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი; ჯაბა ყიფიანი – პედიატრი; თეა ადამია – ექიმი, რეაბილიტოლოგი; ლევან ქარაზანიშვილი – კარდიოქირურგი; ბიძინა კულუმბეგოვი – იმუნოლოგ-ალერგოლოგი; ოთარ ტატიშვილი – ექიმი, რადიოლოგი; ნატა გაგუა – ენდოკრინოლოგი; ზაზა თელია – დერმატო-ვენეროლოგი; ვახტანგ ქაცარავა – პულმონოლოგი ‒ გვაძლევენ რჩევებს. ვცდილობთ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რატომ უნდა დავუთმოთ აქტიურ ცხოვრებას უფრო მეტი დრო და რა დატვირთვა აქვს რუტინულ ვარჯიშსა და სწორ კვებას.
ჟურნალ Forbes Woman-ის საშუალებით მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის.
ვაპირებთ, რომ ამ ტიპის კამპანია სამომავლოდ აუცილებლად გავაგრძელოთ სხვადასხვა ფორმით.
ვირუსით გამოწვეულმა საყოველთაო კრიზისმა განსაკუთრებით დააზიანა სპორტის ინდუსტრია, როგორ აისახა პანდემიის ზეგავლენა „სნეპის“ კლუბებზე და, ზოგადად, კომპანიის ფუნქციონირებაზე?
პანდემიამ დააზარალა სრულიად მსოფლიო და მასთან ერთად ყველა მოქმედი ბიზნესი. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩვენი ინდუსტრია ყოფილა. მეტიც, საკმაოდ უკანა პლანზე აღმოვჩნდით ყველა „ლოქდაუნის“ დროს, რაზეც პროპორციულად მძაფრი რეაქცია ჰქონდა ჩვენს ინდუსტრიას. სადაც შევძელით, ყველგან მივაწვდინეთ ხმა. იყო ბევრი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. ცხრა თვის მანძილზე აბსოლუტურად დახურულები ვიყავით, რის გამოც, ფაქტობრივად, ყველაფრის დაწყება თავიდან მოგვიხდა. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საშინლად დაგვაზარალა დოლარის კურსის ცვლილებამ, „თელასის“ ტარიფის გაზრდამ, კოვიდ ღონისძიებების დაუსრულებელმა სიამ და ა.შ. ხელისშემშლელი ფაქტორების ჩამონათვალი, სამწუხაროდ, არცთუ ისე მცირეა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა ცვლილებები იგეგმება კომპანიის განვითარებისთვის?
მიუხედავად დღეს არსებული ჯერ კიდევ არასახარბიელო რეალობისა, მომავალს მაინც იმედის თვალით შევყურებთ. კომპანიის ზრდისა და წარმატებისთვის წინ უამრავი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი. ასევე, „სნეპის“ აკადემიის მიმართულებით იგეგმება ისეთი სიახლეები, რომლებიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის.
მადლობა თქვენს ჟურნალს, რომ მუდმივად ინტერესდებით ბიზნესის პრობლემებითა და უყურადღებოდ არ გრჩებათ ჩვენი მიღწევები