გენდერული დისბალანსი ბევრი ინდუსტრიის მწვავე პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოში. ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია IT ინდუსტრია, სადაც გლობალურად ქალების მონაწილეობა ძალიან მცირეა, მით უმეტეს გადაწყვეტილების მიმღებ მენეჯმენტის რგოლში. სტატისტიკის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ამ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 47% ქალია და მაღალი პოზიცია მხოლოდ 25% უჭირავს, ბრიტანეთში მხოლოდ ყოველი მეექვსე არის ტექ. სპეციალისტი და ყოველ მეათეს უჭირავს წამყვანი პოზიცია.
„სოფთმასტერ ტრეიდში“ დასაქმებულთა 90% – ქალია. მათ ყველა წამყვანი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის პოზიცია უჭირავთ.
კომპანიების ჯგუფი „სოფთმასტერი“ 20 წლის წინ – 2002 წელს შეიქმნა და ორი ათეული წელია წარმატებით ოპერირებს საბანკო ტექნოლოგიების, სავაჭრო, საწარმოო დანადგარების, სამედიცინო და ლაბორატორიული აპარატურის მიწოდების და მომსახურების სფეროში.
2012 წლიდან ტოპ მენეჯმენტში ძირეული ცვლილების შემდეგ, ახალი ფურცელი ჩაიწერა კომპანიის განვითარების ისტორიაში, ჯგუფის ახალმა წევრმა, სოფთმასტერ ტრეიდის (SMT) მთავარმა გუნდმა ახალი მიზნები დაისახა, რაც ადგილობრივ ბაზარზე დომინირების გარდა, უახლოესი ორ დეკადის განმავლობაში საერთაშორისო ექსპანსიას გულისხმობდა. კერძოდ კი- ცენტრალური აზიის და კავკასიის შვიდ ქვეყანაში წარმატებულ ოპერირებას. 2012 წლიდან დღემდე, „სოფთმასტერ ტრეიდის“ გუნდმა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, ორმოცდაათზე მეტ წამყვან საერთაშორისო ვენდორთან (როგორებიცაა: ტოშიბა, დატალოჯიკი, სენსორმატიკი, ჰონიველი და სხვა) ერთად ოთხ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და უზბეკეთი) ხუთასზე მეტ მსხვილ- სავაჭრო, ჰორეკა, სადისტრიბუციო და სასაწყობე სუბიექტის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია შეძლო.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მენეჯმენტის ცვლილების შემდგომ SMT-ს გუნდმა ფინანსური მაჩვენებლების ზრდის გარდა, კომპანიის სხვა სტრატეგიული პრიორიტეტები განსაზღვრა. ესენია: ქალთა გაძლიერება, დამწყები ახალგაზრდების ხელშეწყობა და განვითარებაზე ზრუნვა, ეკო მეგობრულობა, ფილანთროპია, დამწყები ბიზნესების ხელშეწყობა.
SMT-ს გუნდისთვის წარმატების მთავარი საზომი ფინანსურ მაჩვენებლების ზრდის გარდა, პარტნიორების, გარემოს და, ზოგადად, საზოგადოების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ერთობლიობაა.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, კომპანიის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა. „სოფთმასტერ ტრეიდის“ სამიზნე სეგმენტს სტუდენტები წარმოადგენენ, ამისთვის კომპანიაში სპეციალური დასაქმების პროგრამა მოქმედებს, რომელიც ახალბედებს საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ გამოცდილება. „სოფთმასტერ ტრეიდის“ სამეული საკუთარ გამოცდილებაზე მოგვიყვება. ჩვენი რესპონდენტების მიზანია ახალგაზრდა ქალებისთვის ინსპირაციის წყარო გახდნენ.
„როგორც ჩვენ დავიჯერეთ და ვირწმუნეთ ჩვენი შესაძლებლობების, გვინდა სხვებსაც სჯეროდეთ, რომ მათაც შეუძლიათ“.
სოფთმასტერ ტრეიდის“ სამეულის თქვენთვის გაცნობას სალომე ჩახვაშვილით ვიწყებთ, ის ამ კომპანიაში Horeca & Manufacturing Vertical დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სალომე, სწავლის პარალელურად პირველივე კურსიდან მუშაობდა და თავი არაერთი მიმართულებით გამოსცადა. „სოფთმასტერ ტრეიდში“ 2018 წელს 21 წლის მივიდა. როგორც სალომე გვიხსნის „სოფთმასტერ ტრეიდი“ ახალბედებს საშუალებას აძლევს სტაჟირება მულტიფუნქციური მიმართულებით გაიარონ. ასე იყო სალომეს შემთხვევაშიც, თავიდანვე ყველა მიმართულება გააცნეს, მისცეს საშუალება, რომ საკუთარი თავი ეპოვა.
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ კომპანიაში 6 წელი გავჩერდებოდი, არ მიყვარს ერთფეროვნება და ასე ვთქვათ, ვცდილობ, კომფორტის ზონაში არასოდეს მოვექცე. თუმცა, აქ არის გარემო, სადაც სულ მოქმედებაში, ახლის ძიებაში ხარ. მუდმივად იზრდები და ვითარდები, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. აქ მუშაობამ მასწავლა, რომ ყველა მიზანი მიღწევადია და არაფერია შეუძლებელი. მთავარია ყოველდღე მცირე ნაბიჯი მაინც გადადგა მიზნისკენ და ყველაფერი გამოვა“.
გაყიდვების მენეჯერიდან – სამი ქვეყნის ჰორეკა და საწარმოო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და დაწყებული საქმის სრულფასოვნად დასრულება, ეს მიდგომა დაეხმარა სალომეს კარიერულ კიბეზე ასვლაში. მისი ყველაზე დიდი მოტივაცია ოჯახია, რომელიც მის ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობას იზიარებს და მხარს უჭერს ნებისმიერ წამოწყებულ საქმეში.
„ოჯახი მაძლევს სტიმულს ყოველდღე ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა დღეს. მეხმარება, ვირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების და ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“.
სალომე თვლის, რომ გარდამტეხი როლი მის კარიერაში 2018 წელს დაწყებულმა პროექტმა ითამაშა, რომელიც საწარმოებთან თანამშრომლობას ითვალისწინებდა.
„კომპანიაში მისვლიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ მომეცა შანსი, რომ შესაძლებლობები გამომევლინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა ამ სფეროში. კომპანიამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მანდო, ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამასთანავე, პასუხისმგებლობა. მომეცა შანსი, რომ შესაძლებლობები გამომევლინა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი გამოწვევა, რომელიც შესაძლებლობად ვაქციე. საბოლოოდ ჩამბარდა საწარმოო მიმართულება, რასაც მალე ჰორეკა სეგმენტიც დაემატა“.
როცა საქმე ტექნოლოგიურ კომპანიას ეხება წარმატება მარტივად არ მოდის, ეს ის სფეროა, სადაც სტერეოტიპები ჯერ კიდევ თავს იჩენს.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მაგალითის გახსენება შემიძლია, როდესაც სამონტაჟო ჯგუფთან ერთად ქარხანაში ჩავდიოდი და საუბარს ვიწყებდი, მომხმარებელი კითხვით მამაკაცს უბრუნდებოდა, ასე, თითქოს ჩემს გადამოწმებას ცდილობდა. თავიდან ასეთ შემთხვევებს ძალიან მძაფრად აღვიქვამდი, თუმცა შემდეგ შევძელი ამ სირთულის ჩემს სიძლიერედ გადაქცევა. მესმის, თუ რატომ გვიწევს მსგავს სიტუაციებთან შეჯახება, ჩვენ ასე გაგვზარდეს, ასე გვასწავლეს. ზოგჯერ, რთულია გონებაში არსებულ ჩარჩოებს გაექცე, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. მიუხედავად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ათასგვარი ღონისძიებისა გენდერული თანასწორობის თემაზე, სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს. ქალებს კიდევ უწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის, მათთვის საინტერესო პროფესიასა და ქალისთვის შესაფერის შორის“.
ევროპის მასშტაბით, ტექ კომპანიებში საკვანძო პოზიციებზე მოღვაწე ქალების გამოკითხულთა 67% ფიქრობს , რომ სქესის გამო არათანაბარ პირობებში უწევთ ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის. სალომე ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალების გაძლიერებაა და ამიტომაც, ყველა თანამშრომლის ამოცანა ახალგაზრდა, გამოუცდელი ქალების დახმარებაა.
„გარემოებების გამო, ქალები ხშირად უკან იხევენ საკუთარი თავის წარმოჩენისას. თუ ჩვენი ისტორია, ან გამოცდილება, თუნდაც ერთი გოგონას ცხოვრებას შეცვლის, ძალიან დიდი გამარჯვება იქნება. მეც გოგონა მყავს და ვცდილობ, ჩვენს გუნდთან ერთად შევქმნა ჯანსაღი სამუშაო გარემო, სადაც იყო შემდგარი ქალი და დედა სულაც არ იქნება განცვიფრების მიზეზი. ვისურვებდი ისეთ გარემოში გაიზარდოს, სადაც სტერეოტიპები ქალების შესაძლებლობების შესახებ არ იარსებებს.
გოგონებს, რომლებიც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამენ მინდა ვურჩიო, რომ არ მოექცნენ ჩარჩოებში, დაისახონ მიზნები, იშრომონ თავდაუზოგავად და არაფრის გამო არ შეწყვიტონ ბრძოლა“.
როგორია სალომეს მართვის სტილი ? როგორც მენეჯერი უპირატესობას დამოუკიდებლობას ანიჭებს, ამბობს, რომ ეს მიდგომა პროფესიული ზრდისთვის საუკეთესო გზაა, ხოლო ნდობა კი ერთ-ერთი მოტივაცია.
„პასუხისმგებლობების აღება, შეცდომები და გამარჯვებები, სწორედ ის არის, რაც მოკლე დროში გვაძლევს უდიდეს გამოცდილებას. დამოუკიდებლობაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სრულ უკონტროლობას. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს სფეროში წარმატებულ პროფესიონალებად მოკლე დროში ჩამოყალიბდნენ“.
წარმატების ძიებას „სოფთმასტერ ტრეიდი“ მალე კიდევ 3 ქვეყანაში შეეცდება, საუბარია ცენტრალური აზიის მიმართულებაზე. როგორც სალომე აღნიშნავს, კომპანიასთან ერთად ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მათთვის სიტყვა „შეუძლებელია“ არ არსებობს. უახლოესი მიზანი კი სამიზნე ქვეყნების ბაზრებზე ერთნაირად ხმამაღალი სიტყვის თქმაა.
„სოფთმასტერ ტრეიდი“ ანა ხურციძისთვის პირველი სამსახურია, კარიერულ კიბეზე პირველ ნაბიჯებს ის 18 წლისა დგამს. აქ მუშაობის დაწყება მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულებას ემთხვევა – ანა ბიზნესში ჩოგბურთიდან მიდის.
„მთელი ბავშვობა ჩოგბურთს მივუძღვენი. 7 წლიდან სულ პირველობისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი. გასული 10 წელი ნამდვილად ღირდა იმ უნარ-ჩვევებისთვის, რაც სპორტმა გამომიმუშავა. აქ ბრძოლისუნარიანობას და შრომისმოყვარეობას გამოვყოფ. როცა ჩოგბურთიდან წამოვედი, ჩემს თავს დავპირდი, რომ წარმატებას, რომელსაც სპორტში ვერ მივაღწიე, პროფესიულ კარიერაში მივაღწევდი“.
„სოფთმასტერ ტრეიდში“ საქმიანობას, როგორც ყველა, ანაც ყველაზე დაბალი საფეხურიდან იწყებს, ჯერ სტაჟიორი იყო, შემდეგ CEO ასისტენტი, საიდანაც მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ინაცვლებს, ბოლოს გაყიდვებში გადადის. საწყის პერიოდში, ყველასგან და ყველაფრისგან ცოდნის წამოღებას ცდილობდა. ახლა ის „სოფთმასტერ ტრეიდში“ Global Key Account Management მიმართულების ხელმძღვანელია.
„SMT-ში საკმაოდ გრძელი და რთული გზა გავიარე, თუმცა სწორედ ეს სირთულეები და დაბრკოლებები იყო ყველაზე დიდი მოტივაციის და ენერგიის წყარო. ჩემი ამოცანა იყო დამემტკიცებინა, რომ ასაკს და სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გქონდეს მიზანი და მის რეალობად ქცევაში თავდაუზოგავი შრომა ჩადო. არა მგონია, რომ აუცილებელია დაელოდო თეორიული ცოდნის სრულად მიღებას, უნივერსიტეტის დასრულებას და კარიერას მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგე“.
პროფესიაში რომ გენდერს მნიშვნელობა არ აქვს, ანამ უკვე დაამტკიცა. „სოფთმასტერ ტრეიდში“ მისვლიდან მეოთხე წლისთავზე ის Key Account Management-ის მიმართულებას საქართველოს გარდა, აზერბაიჯანსაც და უზბეკეთშიც ხელმძღვანელობს. ეს მიმართულება ფოკუსირებულია საცალო ვაჭრობის, დისტრიბუციის და საწყობის მართვის პროექტებზე და აერთიანებს იმ მომხმარებლებს , რომლებსაც ყველაზე დიდი ბრუნვა აქვთ, თუმცა თავად პროექტებს მასშტაბების მიხედვით არ ყოფს.
„ჩემთვის არ არსებობს დიდი და პატარა პროექტი, მთავარია, ჩვენი მიზეზით რომელიმე კომპანიას პროცესი არ შეუფერხდეს. ყოველდღიურ რეჟიმში ვეხმარებით ბიზნესს პროცესების გამარტივებასა და განვითარებაში“.
მართალია, ანას პროფესიული გამოცდილება ჯერ მხოლოდ 4 წელს ითვლის, მაგრამ უკვე იცის, რომ წარმატება დიდი შრომის გარეშე არ მოდის და რომ ეს განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა მხოლოდ 18 წლის ხარ.
„ერთადერთი რაც დასაწყისში მქონდა, ეს იყო მოტივაცია და ამბიცია, ვყოფილიყავი წარმატებული. ახლა ჩემი პრიორიტეტია ის, რომ სწორედ ჩემი ასაკის გოგონებმა დაიჯერონ, ირწმუნონ საკუთარი თავის, იბრძოლონ მიზნისთვის. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ამბავი მათთვის ინსპირაცია იქნება, მე თუ შევძელი, შეძლებენ სხვებიც. ამიტომაც ჩემი გუნდის წევრ სტუდენტ გოგოებს გამოცდილებას ვუზიარებ, მინდა რომ ეტაპი, რომელიც მე რთულად გავიარე, მათ მარტივად გადალახონ, მთავარია მიზნისთვის ბრძოლის გზაზე არ დანებდნენ“.
„სოფტმასტერ ტრეიდი“ ანასთვის, სამსახურზე მეტია. უფრო ზუსტად ოჯახი. ანა ხურციძისთვის საქმეს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს, მიაჩნია, რომ საუკეთესო შედეგის მიღებისთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო.
„დიდი პასუხისმგებლობაა, როცა სამი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროექტებს ხელმძღვანელობ, პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა თითოეულ პროექტზე მუშაობა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ყველა მომხმარებელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს“.
„სოფთმასტერ ტრეიდში“ მენეჯმენტის წევრებს ერთი დაუწერელი კანონი აქვთ – დაეხმარონ გუნდის ახალ წევრებს წარმატების მიღწევაში. ამიტომაც არის, რომ ანა ამ მიმართულებას დიდ დროს უთმობს, ცდილობს ახალბედები თავიანთ შესაძლებლობებში დაარწმუნოს, ამ დროს შეცდომებზე სწავლაც გამართლებად მიაჩნია.
„მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე გამოცდილება არ მქონდა, კომპანიამ რთული პროექტები მანდო, საკუთარი შესაძლებლობების სწორედ მაშინ ვირწმუნე. როცა პირველ ნაბიჯებს დგამ, რთული პროექტების განხორციელება განსაკუთრებული სტიმულია, ეს გაძლევს ძალას კიდევ უფრო დიდ სირთულეებს შეეჭიდო. ზოგადად, ვთვლი, რომ შიში არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რაც შეიძლება საკუთარ თავს შეუქმნა, ხოლო მარცხი საუკეთესო გზაა, რომ განვითარდე და წინ წახვიდე. შესაბამისად, სირთულეების და მარცხის არ უნდა გვეშინოდეს“.
„სოფთმასტერ ტრეიდი“ პირველი სამსახურია ელენე მიქაძისთვისაც. პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც „სოფთმასტერ ტრეიდი“ ტრენინგებს ატარებდა უნივერსიტეტში. ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენიმე სტუდენტს შორის გამოარჩიეს, სტაჟირებაზე მიიწვიეს და 2020 წლიდან ამ კომპანიის გუნდის წევრია. უკვე დღეს ის Global Supply Chain & Operations მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდით საქართველოდან და შესაბამისად, კომპანიიდან სასწავლებლად უცხოეთში წავიდა, სამშობლოში მალევე დაბრუნდა. ფიქრობს, რომ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებიდან მისი კარიერისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება „სოფთმასტერ ტრეიდში“ სწორი გადაწყვეტილებაა.
„სოფთმასტერ ტრეიდში“ პრაქტიკულად ყველა საფეხურზე ვიმუშავე და ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, რათა ჩემი ადგილი მეპოვა. როცა პირველი კურსის სტუდენტს მკითხეს, კონკრეტულად რა მაინტერესებდა, პასუხი ვერ გავეცი. რეალურად ბიზნესის, მენეჯმენტის ცნება პრაქტიკული გამოცდილებიდან გავიაზრე, რასაც ვთვლი, რომ ამ ასაკში მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ მივიღებდი. გაყიდვებით დავიწყე, მალევე კომპანიის შიდა სამზარეულოში გადავინაცვლე, შემდეგ ადგილობრივი შესყიდვები და ლოჯისტიკა. ისე გამოვიდა რომ წინ, მენეჯმენტისკენ ნელ-ნელა მივიწევდი. დღეისთვის კი ჩემი საქმეა გლობალური შესყიდვები, ლოჯისტიკა, იმპორტ-ექსპორტი, საბაჟო პროცედურები, ფინანსები და ბუღალტერიაც. ეს პროცესები გამოწვევებითაა სავსე, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს გლობალურ გიგანტურ ბრენდებთან, მათაც არაერთხელ დავუყენებივარ ეჭვქვეშ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სქესისა და ასაკის გამო“.
ელენე ამ ეტაპზე საკუთარი დეპარტამენტის გაფართოების პროცესშია. ახლა მისი მთავარი მოტივაცია გუნდის და მისი წევრების განვითარებაა, ამას სხვადასხვა გზებით აღწევს, თუმცა უპირველესად მიაჩნია, ზუსტად იცოდეს რამდენად კმაყოფილები არიან მისი თანამშრომლები, რამდენად მოსწონთ საქმე, რომელსაც აკეთებენ.
„მიმაჩნია, რომ ეს ამოსავალი წერტილია, თუ არ მოგწონს რასაც აკეთებ, ვერ იქნები მოტივირებული, შრომისუნარიანი და პირიქით, შესაძლოა თანაგუნდელების დემოტივაციაც გამოიწვიო. გარდა ამისა, ყოველთვის ვინტერესდები, სად ხედავენ ჩემი თანამშრომლები საკუთარ თავს მომავალში, რა მიზნები და ოცნებები აქვთ. პირადად მე „სოფთმასტერ ტრეიდმა“ მასწავლა, რომ უნდა გქონდეს ამბიციური მიზნები, იმისთვის რომ ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი საუკეთესოდ აკეთო, რომ საკუთარ თავს შეცდომები არ აპატიო. ჩემი წარსული გამოცდილება საშუალებას მაძლევს დავეხმარო გუნდის წევრებს ამ ეტაპის გადალახვაში“.
ელენე დარწმუნებულია, რომ წარმატებამდე გააზრებულ მიზანს მივყავართ, ყოველ შემთხვევაში მისი პირადი მაგალითი ამის დასტურია. ადრეულ ასაკში დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და წინ ბევრი წინაღობა შეხვდა, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა.
„ის, რომ შემიძლია, გარდა საკუთარი თავისა, მიწევს ჩემ გარშემო მყოფებსაც დავუმტკიცო. ყოველთვის იოცნებო დიდზე, გქონდეს დასახული მიზანი, ჩემი აზრით, ეს წარმატების გასაღებია. ცხადია, მეც დამიშვია შეცდომები, მაგრამ მუდმივად ვცდილობდი ამ შეცდომებზე მესწავლა. ჩემს თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ, რადგან ვთვლი, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და სწორედ ეს მეხმარება მუდმივ განვითარებაში. ასევე წარმატების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად სწორად დაკომპლექტებული გუნდი მიმაჩნია. ვცდილობ, მიზანდასახული ინდივიდებისგან ჩამოვაყალიბო გუნდი, რომელთაც საერთო ინტერესი ამოძრავებს“.
ზემოთ ვწერდი, რომ საკუთარ მიზნებს კომპანიის ამოცანებთან აიგივებს, ამიტომაც ახლა სხვებთან ერთად ელენეს მთავარი საზრუნავი ახალი ბაზრების ათვისებაა და ეს პირად გამოწვევადაც მიაჩნია.
„ჩემი უახლოესი მიზანი კომპანიასთან ერთად განვითარებაა. ამაზე თითოეული ჩვენგანი ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მივისწრაფვი, რომ ერთ-ერთი ვიყო იმ წარმატებული ადამიანებისგან, ვინც კომპანიაში შვიდი ქვეყნის ოპერაციების სათავეში დგანან“.