Impact Hub Tbilisi, „ეფეს საქართველოსთან“ პარტნიორობით, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. კონკურსის ფარგლებში, წელს 60-მდე განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ექვსივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში, ინდივიდუალურ მენტორთან ერთად, ინტენსიურად იმუშავებენ პროექტის განვითარებაზე, გამართავენ ბიზნესმოდელს, იმუშავებენ ფინანსურ გეგმაზე, მარკეტინგზე, ფასეულ შეთავაზებაზე და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის.
პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას სოციალური ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომელიც წელს გერმანიაში გაიმართება.
2024 წლის ფინალისტები:
- BIONOVA – მოწყობილობა, რომელიც ორგანული ნარჩენებისაგან გამოიმუშავებს ბიოგაზს, ბიოსასუქსა და ელექტროენერგიას.
- Hoppla – დამგზავრების პლატფორმა, რომელიც საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს აკავშირებს ერთმანეთთან.
- MFT – ჭკვიანი კაპი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებს აძლევს მაუსის მართვის საშუალებას ენის მოძრაობით.
- Petcare – AI-ზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც ასკანერებს შინაური ცხოველის სხეულს, მიუთითებს შესაძლო დაავადებაზე და მომხმარებელს სთავაზობს ლაივ კონსულტაციას.
- Portico – ტვირთის გადაზიდვის მართვის პლატფორმა, რომელიც ოპტიმიზაციას უწევს მარშრუტს.
- Story Land – პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ისტორია, ზღაპარი თუ ამბავი თამაშად აქციოს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1700+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 170-მდე ახალგაზრდამ (51 გუნდი), გამოვლინდა 25 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება „ეფეს საქართველოსა“ და „ანადოლუ ეფესის“ მხარდაჭერით.