Social Impact Award 2022 – კონკურსი სოციალური მეწარმეებისთვის განაცხადებს იღებს

Impact Hub Tbilisi-ის მიერ ორგანიზებული, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილი დაიწყო!

პროექტი საქართველოში უკვე მეექვსე წელია, ტარდება და მისი მიზანია ახალგაზრდების განათლება სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021 გამარჯვებული გუნდები

პროგრამის პირველი ეტაპი, სამუშაო სესიები,  რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე, უკვე დასრულდა.

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.

თიბისის სტარტაპერი მე-2 წელია Social Impact Award-ის მხარდამჭერია.

„თიბისი ჩვენი ძალიან ერთგული მხარდამჭერი და მეგობარია. ძალიან გვიხარია, რომ გვყავს ასეთი ძლიერი პარტნიორი, რომელიც იზიარებს სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, თიბისი არ არის მხოლოდ შორს მდგომი პარტნიორი, არამედ მთელი თავისი არაჩვეულებრივი გუნდით და რესურსით ჩართულია და გვეხმარება საერთო მიზნების უკეთ მიღწევაში.“

ქეთი ებანოიძე

ზოგადად სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ამ კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მივცეთ სტიმული და შესაძლებლობა, თავიანთი ინოვაციური და საინტერესო მიდგომებით, ჩაერთონ აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრაში. ასეთი პროგრამები, სწორედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა,“ – ამბობს Impact Hub Tbilisi-ს დამფუძნებელი, ქეთი ებანოიძე.

ქეთი ებანოიძე

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. 6 წლის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Charge X Social Impact Award-ის 2021 წლის გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ელექტრომობილების დამტენებს აწარმოებს. კონკურსში Charge X-ის სამკაციანი გუნდი ელექტრომობილების დამტენების ქირაობა-გაქირავების პლატფორმის შექმნის იდეით მივიდა.

„ჩვენი იდეა იყო, არსებული ბიზნესის გვერდით, შეგვექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება იქირაოს, ან გააქირაოს ელექტრო მოწყობილობების დამტენები. მენტორებთან ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ეს იდეა ჩამოვაყალიბეთ მისი საბოლოო სახით. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის განმავლობაში, ექსპერტებთან მსჯელობის, პროექტის სხვა მონაწილეებთან აზრების გაცვლის, გარედან დანახული დეტალების გათვალისწინების შედეგად, თავდაპირველმა იდეამ სახე იცვალა – ბევრი დეტალი ამოვარდა, ბევრი დაემატა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ბიზნესგეგმა, რომელიც თავის თავში ბევრ მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი და ამიტომ ვურჩევთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც აქვთ ბიზნესიდეა სოციალური მიმართულებით, ჩაერთონ პროექტში და მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც საშუალებას მისცემს მათ, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად.“

Charge X -ის დამფუძნებელი, დავით ხასია.

დავით ხასია

2021 წლის პროექტის კიდევ ერთი გამარჯვებულია კომპანია „ბუტკო“ – მცენარეების პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც იტოვებს, უვლის, მკურნალობს მცენარეებს და ამასთანავე, უფასო კონსულტაციას უწევს თავის მომხმარებელს. ახალი იდეა – კომუნა, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს მცენარეთა მოყვარულებს – უკვე დამუშავების პროცესში იყო, როდესაც „ბუტკოს“ დამფუძნებლებმა Social Impact Award-ის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგეს და კონკურსში განაცხადი შეიტანეს.

„მთელი პროცესის განმავლობაში გვყავდა მენტორი, რომელიც ნებისმიერ საკითხში გვერდში გვედგა, გვაძლევდა ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს. მენტორშიფის გარდა, რაც ამ პროექტის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, Social Impact Award-ის ინკუბაციის პერიოდი მოიცავდა ლექციების ციკლს ბრენდინგზე, ფინანსურ და იურიდიულ საკითხებზე, ფიჩინგზე. ლექციები შეეხო თემებს, როგორიცაა ბიზნეს მოდელი, თარგეთინგი, მარკეტინგი. ამ თემებზე დეტალურმა მსჯელობამ, მიგვახვედრა, როგორ უნდა გვექცია ეს იდეა ჯერ ბიზნესმოდელად, შემდეგ პროდუქტად თუ სერვისად. რეალურად ნულიდან დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე გვქონდა დახვეწილი ბიზნეს გეგმა, საკომუნიკაციო გეგმა, მარკეტინგული გეგმა. გარდა ამისა, ამ პროექტს ჰყავს მსოფლიო აუდიტორია, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით დისტანციურად. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს შესაძლებლობაც – ვესაუბრო გერმანელს, დანიელს თუ რუმინელს და მოვისმინო მათი აზრები ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ანუ ეს კომუნა გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ საზღვრებს გავცდეთ და სხვა სივრციდან შევხედოთ ჩვენს ბიზნესს.“

„ბუტკოს“ თანადამფუძნებელი, არჩილ ღოღობერიძე.

არჩილ ღოღობერიძე

Social Impact Award-ი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: link.tbc.ge/SIA-register

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 29 მაისი.