რასიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ბრიტანეთში მონათმფლობელობის თემატიკაზე ეროვნული მუზეუმის გახსნა მოითხოვეს. აქტივისტების, ხელოვანების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და ქალაქის მერების მოწოდებების თანახმად, მუზეუმი საგანმანათლებლო ხასიათის უნდა იყოს და ხაზი გაუსვას მონობის ისტორიაში ბრიტანელი კოლონიზატორების როლს.
კამპანიამ „Black Lives Matter“ და მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ძეგლის ჩამოგდებამ ბრიტანეთში ანტირასისტულ გამოსვლებს ახალი ბიძგი მისცა. საპროტესტო აქციების მონაწილეები ითხოვენ, რომ ბრიტანეთმა სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის კოლონიურ წარსულზე და გახსნას მუზეუმი, რომელიც ღიად და ობიექტურად მოგვიყვება კოლონიზაციის ისტორიაში ბრიტანეთის როლზე.
საუკუნეების მანძილზე ბრიტანეთის იმპერია და მისი მთავარი პორტები – ლონდონი, ბრისტოლი, ლივერპული – მონებით ვაჭრობის ხარჯზე მდიდრდებოდა. ბრიტანული ეკონომიკის ზრდას ასევე განაპირობებდა ბრიტანულ კოლონიებში არსებული პლანტაციები, რომლებშიც ასევე მონები მუშაობდნენ.
,,როგორ მოხდა, რომ მონობის პერიოდში 12 მილიონი ადამიანი წამოიყვანეს აფრიკიდან, მაგრამ მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთი ძეგლიც კი არ არსებობს?“ – განაცხადა ინდური წარმოშობის ცნობილმა ბრიტანელმა სკულპტორმა ანიშ კაპურმა.
მსგავსი თემატიკის მუზეუმი ბრიტანეთში უკვე არსებობს, ქალაქ ლივერპულში, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ სისასტიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, მონებით ვაჭრობის საკითხი უფრო მეტ ყურადღებას და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ მუზეუმს იმსახურებს, რომელიც ამჯერად ქვეყნის დედაქალაქში განთავსდება.