ბავშვების ბედნიერების სამეფო — თამუნა სირაბიძე

სკოლამდელი განათლება ბავშვის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სკოლისთვის და შემდგომი ცხოვრებისთვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა შესაძლებელია ერთობლივად, მშობლების, ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფოსა და სრულიად საზოგადოების მხრიდან. ბავშვი, რომელიც სათანადოდ არის განვითარებული სასკოლო მზაობის კუთხით, იგი ბევრად უფრო წარმატებულია განათლების შემდეგ ეტაპებზე და ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებისეულ წინსვლას. 2023 წლის ივნისის მონაცემებით საქართველოში 1 704 საჯარო და 323 კერძო ბაღი ფუნქციონირებს. კერძო ბაღებს შორს უკვე 1 წელზე მეტია საპატიო ადგილს იკავებს „ზღვის სამეფო“ ანუ საბავშვო ბაღი ბათუმში, რომლის დამფუძნებელიც თამუნა სირაბიძეა.

ფოტო: Vlada Pazyuk

პროფესიით ბიოლოგს კერძო საბავშვო ბაღის დაარსების იდეა, მაშინ გაუჩნდა, როცა ცხრაწლიანი უშვილობის შემდეგ, მათ ოჯახში ახალი ცხოვრება დაიწყო და პატარები დაიბადნენ. თამუნას უნდოდა ეკეთებინა საქმე, რომელიც იქნებოდა ინვესტიცია მისი და სხვისი შვილების ცხოვრებაში.

„ვისაც საკუთარ თავზე არ აქვს გადატანილი, ძნელია გაიგოს რას ნიშნავს, როცა გინდა რომ იყო დედა და ეს არ გამოდის. მაგრამ შვილების ყოლის ბედნიერება ჩვენს ოჯახსაც ეწვია და სწორედ ეს გახდა ჩემი საქმის მთავარი ინსპირაცია“.

ბუნებით მაქსიმალისტია, თუ საქმეს ხელს მოკიდებს, ის მაღალ დონეზე უნდა შეასრულოს. როცა კერძო ბაღის დაარსება გადაწყვიტა, სპეციალურად საბავშვო ბაღისთვის განკუთვნილი შენობა იჯარით აიღო. „ზღვის სამეფო“ ბათუმში, გიორგი შარვაშიძის 18ა-ში მდებარეობს და ის აღსაზრდელებს 2022 წლის მარტიდან იღებს.

„ზღვის სამეფო“ ყველა სხვა კერძო ბაღისგან იმით განსხვავდება, რომ შენობა საჯარო ბაღის საწყისზეა აშენებული, ის არ არის გადაკეთებული და აღჭურვილია თანამედროვედ. კიბის საფეხური, სახელურის სიმაღლე, ჯგუფის ოთახები ‒ აბსოლუტურად ყველაფერი იმ სტანდარტში ჯდება, რასაც საბავშვო ბაღის პროექტი მოითხოვს. ჩვენ ბათუმში ერთადერთი კერძო ბაღი ვართ, რომელსაც 1100 კვადრატული მეტრის ეზო აქვს და გამიხარდებოდა, რომ სხვა კერძო ბაღებსაც ჰქონდეთ ამის ფუფუნება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ბავშვებს მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო შევუქმნათ“.

„ზღვის სამეფოში“ თქვენ დაგხვდებათ საბავშვო აუზი, ქვიშის მოედანი, საუკეთესო ხარისხის კვება, გამწვანებული ეზო, სათამაშო მოედანი, ბავშვებს საშუალება აქვთ ავტობუსის სერვისითაც ისარგებლონ. მრავალფეროვანია საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ, თამუნა სირაბიძის ბაღის აღსაზრდელები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით გადიან პრე-სქულის პროგრამას, თიხის თერაპიას, საგანმანათლებლო პროგრამაშია ხელოვნება, ინგლისური ენის შესწავლა, რობოტექნიკა, მათემატიკა, წიგნიერება, ცეკვა, მუსიკა, სპორტი, ჭადრაკი. ბავშვებს პედაგოგები შიდა და გარე სახალისო/განმავითარებელ თამაშებს უწყობენ, აღსაზრდელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სამაგიდო განმავითარებელი თამაშებით, შეისწავლონ კულინარია და მათ უტარდებათ ეკო გაკვეთილებიც.

„ჩემი ამბიცია ხარისხია, რასაც ვაკეთებთ უნდა გავაკეთოთ მაღალ ხარისხში, ჩვენთან ყველა ბავშვი განსაკუთრებულ პირობებში უნდა იყოს. ამიტომაც ყველა საკითხზე ვთანამშრომლობ მშობლებთან, ეს მიდგომა მეხმარება კარიერულ ზრდაში. კმაყოფილი მშობელი ბაღის ხარისხია. ჩემს თანამშრომლებსაც მუდმივად ვთხოვ, რომ საკუთარ თავს უმაღლესი თამასა დაუწესონ. „ზღვის სამეფოს“ წარმატება მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს ყველა ჩემი თანამშრომლის დამსახურებაა, რადგან წარმატება გუნდური მუშაობის შედეგია. როგორც დედა და დამსაქმებელი, საბავშვო ბაღში ვქმნი ბავშვებზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც ამაღლებს მათში სოციალურ-ემოციურ, დამოუკიდებლობის უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია ბავშვების ინტერესები მაღალი ხარისხით იყოს გათვალისწინებული. ჩემი შვილებიც „ზღვის სამეფოს“ აღსაზრდელები არიან“.

„ზღვის სამეფოში“ აღსაზრდელები ოთხ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან, აქ პატარებს ორი წლიდან იღებენ და სკოლაში წასვლის წინ ემშვიდობებიან. სასკოლო ასაკის ჯგუფებში პედაგოგები მუშაობენ ტრანზიციის პროცესზე. თამუნა გვიყვება, რომ ბავშვების სწავლება ასაკობრივი ჯგუფების პროგრამიდან გამომდინარე ხდება და ბუნებრივია ბაღს საკუთარი დამატებითი პროგრამებიც აქვს, ჰყავს კვალიფიციური აღმზრდელები და საათობრივი პედაგოგები.

პირველადი პროფესიით ბიოლოგსა და გენეტიკის მაგისტრს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა საკუთარ საქმეში მნიშვნელოვნად გამოადგა, სტუდენტობისას ფსიქოლოგიის კურსის გავლა დაეხმარა მომავალ წარმატებაში და დარწმუნებული არის, რომ მთავარია ადამიანს ჰქონდეს კარგი მიმღებლობის უნარი.

„სწორედ ამ მიდგომას ვიყენებ ჩემს არაჩვეულებრივ კოლექტივთან, თუ რაღაც არის გადასაწყვეტი, პრობლემას არ ვუმკლავდები უსაფუძვლო შენიშვნით. მე დიალოგის და მსჯელობის ფორმას ვირჩევ და ასე გამოსავალსაც მარტივად ვპოულობთ. ვცდილობ ჩემმა თანამშრომლებმაც ყოველდღიურ პრობლემებს ამ პრიზმიდან უყურონ და შედეგზე იყვნენ ორიენტირებული“.

ბაღი აღსაზრდელებს სექტემბრიდან ივლისის ჩათვლით ემსახურება. პირველ წელს ბავშვების ნაკადი ბუნებრივია შედარებით ნაკლები იყო, თუმცა სექტემბერს „ზღვის სამეფო“ მაღალი რეიტინგითა და კარგი ავტორიტეტით შეხვდა, რაც მოთხოვნაზეც აისახა.

ფოტო: შორენა კეკუტია

„ზღვის სამეფოს“ აღსაზრდელებზე 19 თანამშრომელი ზრუნავს. გუნდის დაკომპლექტებას თამუნა სირაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„კადრების შერჩევა ხდება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, რაც გვეხმარება ადმინისტრაციას ხარისხის შენარჩუნებაში.

ბაღი ისეთი დაწესებულებაა, სადაც ყველას აქ მუშაობის უნარი არ გააჩნია. რთულია შეხვიდე ჯგუფში და ბავშვებზე პასუხისმგებლობა აიღო. ბავშვები მშობლებისთვის ყველაზე ძვირფასები არიან და როცა ამ ძვირფასს შენ განდობენ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამიტომ პოტენციურ თანამშრომელთან გასაუბრებისას ჩემი მიზანია გავიგო რა დონის გამოცდილება აქვს ბავშვებთან ურთიერთობის, როგორ ახერხებს რთული სიტუაციების განმუხტვას, შეუძლია თუ არა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან კომუნიკაცია. ამ საკითხებზე პასუხების მოსმენის შემდეგ ვწყვეტ შეუძლია თუ არა კონკრეტულ ადამიანს ჩვენთან მუშაობა“.

ბიზნესის გაფართოება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს, ზოგადად, სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, გვეუბნება რომ ურჩევნია სიახლეები მაშინ გაამხილოს, როცა უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგი ექნება. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ აღებულ პასუხისმგებლობას სათანადოდ გაუმკლავდეს და იმედები არავის გაუცრუოს.

„ბავშვებზე ზრუნვა და კერძო ბაღის ხელმძღვანელობა ემოციურად ძალიან შრომატევადი საქმეა, ალბათ ეს ჩემს შემთხვევაში გაორმაგებულია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალ ნიშნულზე მაქვს“.