ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსის, ფემინიზმის თეორეტიკოსის სიმონ დე ბოვუარის 1954 წელს დაწერილი რომანი „Les Inseparables“, რომელიც მწერლის სიცოცხლეში „მეტისმეტად ინტიმური“ ხასიათის გამო გამოუქვეყნებელი დარჩა, 2020 წლის დასასრულს პირველად გამოიცემა.
რომანი, მწერლის ბევრი სხვა ნაწარმოების მსგავსად, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ავტორისა და მისი კლასელის ელისაბედ ლაქუანის ურთიერთობის ლიტერატურულ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. რომანის მთავარი პერსონაჟი სილვია, რომელიც თავად ავტორის მხატვრულ სახედ გვევლინება, პირველ პირში გვიყვება ახალი კლასელი გოგონას მიმართ გაჩენილი გრძნობების, ვნებისა და მისი მოხიბვლის მცდელობების შესახებ. წიგნში მკითხველს შეუძლია თვალი მიადევნოს, როგორ ვითარდება გოგონების ურთიერთობა და როგორ ხდებიან ისინი ერთმანეთისგან „განუყრელნი“. პერსონაჟების მეგობრობა სკოლის დამთავრებამდე გასტანს, ვიდრე სილვიას მეგობარი ანდრეა (რომელის პროტოტიპსაც წარმოადგენს ბოვუარის სკოლის მეგობარი ელისაბედი) 21 წლის ასაკში ტრაგიკულად არ დაასრულებს სიცოცხლეს.
ბრიტანელი გამომცემლისა და რედაქტორის შარლოტ ნაითის თქმით, ბოვუარის ნაწარმოები არის „შემძვრელი, სულში ჩამწვდომი რომანი ქალების მეგობრობისა და სამყაროში საკუთარი გზის პოვნის შესახებ“, რადგან წიგნში ნათლად ვხედავთ იმ ბრძოლას, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრები გოგონები ერთად გადიან თავიანთი გენდერული იდენტობისა და კულტურული როლის აღმოსაჩენად. ამასთანავე, რომანი ასახავს თავად სიმონ დე ბოვუარის პირად ბრძოლას კულტურული კლიშეებისა და მოლოდინების წინააღმდეგ და მისი „ინტელექტუალური და ეგზისტენციალური ამბიციების ფორმირებას“ – ვკითხულობთ, ლიტერატურული სააგენტოს 2 Seas-ის ანოტაციაში.
რომანი მწერლის სიცოცხლეში მისი არასტანდარტული შინაარსის გამო გამოუქვეყნებელი დარჩა. თავად ბოვუარი რომანს 1963 წელს დაწერილ მემუარებში იხსენებდა, სადაც საუბრობდა ელისაბედთან ურთიერთობის ამსახველ ნაწარმოებზე, რომლის ხელნაწერი ჟან-პოლ სარტრსაც აჩვენა, თუმცა სარტრი რომანით არ აღფრთოვანდა. რომანის შესახებ ლიტერატურის მკვლევრებისათვის სხვა არაფერი იყო ცნობილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნაწარმოები 1986 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა სილვია ბოვუარმა აღმოაჩინა დედის არქივში. სილვია ბოვუარმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა დედის დატოვებული ხელნაწერების გამოქვეყნება დაიწყოს, „Les Inseparables” კი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იქნება, რომელსაც მკითხველი დაწერიდან თითქმის 75 წლის შემდეგ პირველად იხილავს.
წიგნის გამოცემაზე საავტორო უფლება უკვე 17 ქვეყანის გამომცემლებმა იყიდეს. საფრანგეთში წიგნს გამომცემლობა Éditions de l’Herne ოქტომბერში გამოსცემს. ინგლისური თარგმანი ინგლისში 2021 წლის დასაწყისში, ხოლო ამერიკული სააგენტო 2 Seas მკითხველს წიგნს 2021 წლის მაისში გააცნობს.