თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანა და ამ პროცესების მხარდაჭერაა. უძველესი სამოსის აღმოჩენის შემდეგ ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, რათა ქსოვილების უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა – ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge – ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.
იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.
საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.
ბიზნესი, რომელიც ყოველდღიურობას აფერადებს
ჭრელი, მკვეთრი ფერები, მოსახერხებელი, თანამედროვე და, რაც მთავარია, კომფორტული აქსესუარები – ეს ბრენდ SIDE I SIZE ხელწერაა. 2018 წელს მეგობრებმა ნიკი გონგლიაშვილმა და ქეთუშა ელიავამ პირადი, დაახლოებით 2000 ლარიანი ინვესტიციით, ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს, საქმე ისეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყოველდღიურობას გააფერადებდა. მეგობრებმა ფეხსაცმლის, შარფებისა და ჩანთების წარმოება დაიწყეს, შთამბეჭდავი პრინტებით!
SIDE I SIZE-ის პირველი ფეხსაცმელების კოლექცია გაზაფხული-ზაფხულის სეზონს დაემთხვა, შესაბამისად, გოგონებმა პრინტებად სიჭრელე აირჩიეს. მაშინ აქტუალური “Animal Prints” იყო და ბრენდის პროდუქციაშიც სხვადასხვა ფერის ლეოპარდის პრინტი ჭარბობდა. საქართველოში წარმოებულმა ასეთმა ფეხსაცმელმა მომხმარებლებში მოწონება მალევე დაიმსახურა, ეს მეგობრებისთვის დამატებითი სტიმულის საფუძველი გახდა, რაც პრინტებისა და მოდელების მრავალფეროვნებაში გამოიხატა. ზაფხულის მოახლოებამ SIDE I SIZE-ის დამფუძნებლებს ახალი იდეები გაუჩინა და მათ კოლექციაში საზღვაო ჩანთები გამოჩნდა.
„გვინდოდა, გვეკეთებინა ყველაფერი ის, რაც ჩვენ თვითონ ძალიან მოგვეწონებოდა და მოგვინდებოდა რომ გვქონოდა“.
ნიკი გვიყვება, რომ ბრენდის კონცეფციად მათივე სურვილები იქცა, ანუ აწარმოებენ იმას, რაც უნდათ, რომ თავადაც ჰქონდეთ. ჩანთებსა და ფეხსაცმელებს მალევე აბრეშუმის შარფები მოჰყვა. კოლექციას დაემატა სხვადასხვა დატვირთვისა და ზომის კოსმეტიკის ჩანთები, პრინტიანი ხავერდის ქამრები, ბავშვის აქსესუარების ხაზი. გოგონები აქ გაჩერებას არ აპირებენ, SIDE I SIZEისგან სიახლეებს უნდა ველოდოთ.
სიახლეები იქნება თიბისისა და ხელოვნების სასახლის კოლაბორაციის ფარგლებშიც. ტრადიციული ქართული ქსოვილის პროექტს ნიკი გონგლიაშვილი საოცარს უწოდებს, ეს იმიტომ რომ უნიკალური ნამუშევრების საკუთარ პროდუქციაზე გადატანის შესაძლებლობა ეძლევათ. რადგან პროექტის იდეა SIDE I SIZE-ის კონცეფციასთან ძალიან ახლოს იყო ნიკის და ქეთუშას ამ კოლაბორაციაში ჩართვაზე დიდხანს არ უფიქრიათ. ზოგადად, ნიკი ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით ხდებიან ისეთი პროექტების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. პროექტში ჩართვამდე გოგონები დეტალურად გაეცნენ იმ წიგნს, რომელშიც 200-ზე მეტი ფრესკიდან 300-მდე პატერნია თავმოყრილი, ანუ წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“.
„როდესაც იმ უნიკალურ ნამუშევრებს გადავხედეთ, რომელთა გამოყენებაც ჩვენს პროდუქციაზე შეგვეძლო, ბევრი არ გვიფიქრია. შეგვექმნა წარმოდგენა, რომელი პატერნი, ჩვენს რომელ პროდუქტს მოუხდებოდა და დავიწყეთ საჩვენებელი ვერსიების შექმნა“.
SIDE I SIZE-ის იდეებმა უნიკალური პროექტის ავტორებისგან მოწონება დაიმსახურა, შედეგად შეიქმნა 3 სხვადასხვა ვიზუალის ხავერდის ჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, 3 კოსმეტიკის ჩანთა და შარფები. ბრენდმა უკვე შექმნა 100% ნატურალური ტყავის შუზიც, „ქართული ქსოვილებიდან“ ერთ-ერთი საოცარი დეტალით, ის ამ ბრენდის სხვა პროდუქციის გვერდით www.qsovili.ge-ზე მალე გამოჩნდება.
ტრადიციული ქართული ქსოვილის პროექტმა ნიკისა და ქეთუშას დამატებითი გამოცდილება მოუტანა, დიდი შესაძლებლობაა ძველი ქართული ფრესკების დეტალების გათანამედროვება, მათი ისეთ პროდუქციაზე გადატანა, რომელსაც ხალხი ყოველდღიურად მოიხმარს. საბოლოოდ კი ასეთი მოდელების მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
„ჩვენთვის ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართულის პოპულარიზაციაზე, ძალიან სასიამოვნოა. ქსოვილების პროექტის შემთხვევაში ეს ყველაფერი ასმაგად უფრო სასიამოვნოა, რადგან საერთო იდეის გარშემო რამდენიმე ქართული კომპანია გაერთიანდა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც არის ქართული სტარტაპების წახალისებისთვის.“