სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციის სათავეში | ინტერვიუ ირინე შოთაძესთან

თბილისის სამედიცინო აკადემიის ისტორია 1992 წლიდან იწყება და პროფესორ პეტრე შოთაძის სახელს უკავშირდება. აკადემიის დაფუძნებიდან 30 წელზე მეტი გავიდა, სასწავლებელს კი 3000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებასა და მედიცინის დარგში აკადემიის როლის ტრანსფორმაციაზე დღეს ირინე შოთაძე პროფესიონალების გუნდთან ერთად მუშაობს.

როგორ იქმნება სტუდენტზე ორიენტირებული გარემო და რა სტრატეგიული ამოცანები აქვს თბილისის სამედიცინო აკადემიას დღეს ‒ Forbes Woman-ის რედაქცია აკადემიის გუნდზე, სამომავლო გეგმებსა და სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციაზე აკადემიის რექტორს, ირინე შოთაძეს ესაუბრა.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
აკადემიაში დაბრუნება

თბილისის სამედიცინო აკადემია 1990-იანი წლების დასაწყისში პედიატრიულმა ქირურგმა, პეტრე შოთაძემ დააფუძნა და ინსტიტუციის საქმიანობას წლების განმავლობაში თავადვე უძღვებოდა. სწორედ ამ პერიოდში გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად ირინე შოთაძე.

„ოთხმოცდაათიანი წლების შუაში აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გადავედით საცხოვრებლად. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა რთული წარმოსადგენიც კია ის განსხვავება, რაც მაშინ საქართველოსა და აშშ-ს შორის იყო. მოვხვდით სრულიად უცხო გარემოში, სადაც მრავალი ახალი გამოწვევა იყო. თუმცა, იყო მრავალი შესაძლებლობაც“.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრების 15 წელი დიდი გამოცდილების და წარმატების მომტანი იყო, ირინეს მუდმივად ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი საფიქრალი – მამის გარდაცვალების შემდეგ, როგორ უნდა განვითარებულიყო აკადემია და რა ფორმით შეიძლებოდა სასწავლებლის ტრანსფორმაცია.

„ჩემი და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი წლები ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. იქ გაიზარდნენ ჩემი შვილები, იქ ვისწავლე და ვიმუშავე დიდ, წარმატებულ კორპორაციაში. მიუხედავად ამ კომფორტისა, მუდმივად ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა მამაჩემის დაწყებული მისიის გაგრძელება და განვითარება. რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა აკადემიისთვის და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც მაშინ ძალიან ჩამორჩებოდა წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს“.

წლების შემდეგ საქართველოში დროებით ჩამოსული ირინე მიხვდა, რომ აკადემია არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და მისი ოჯახის მიერ დაწყებული საქმე ნელ-ნელა ქრებოდა. სწორედ მაშინ მიიღო ოჯახთან ერთად რადიკალური გადაწყვეტილება, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და აკადემიის განვითარებასა და ტრანსფორმაციაზე დაეწყოთ მუშაობა. მთავარი ამოცანა კი ქართულ კონტექსტში დასავლური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გადმოტანა იყო.

ამ დროიდან იწყება აკადემიაში ახალი გუნდის ფორმირება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ფინანსური რესურსების მოზიდვა და როგორც თავად ირინე ამბობს, აკადემიის მისიის შესრულება – შექმნილიყო სტუდენტზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სამედიცინო სასწავლებელი.

ტრანსფორმაცია და გამოწვევები

ირინეს აკადემიაში მრავალი გამოწვევა ელოდა და ეს მოულოდნელობა სულაც არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2018 წელს, აკადემია ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო საქართველოში, რომელმაც ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტების შესაბამისად გაიარა, რა თქმა უნდა, წარმატებით. ეს აკადემიის გუნდის დაუღალავი შრომის შედეგი იყო. ავტორიზაციის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან მიღებული პოზიტიური შეფასებები აკადემიაში განვითარებისა და წინსვლის წინაპირობად იქცა. სწორედ ამ პერიოდიდან გააქტიურდა ინტერნაციონალიზაცია ‒ წარმატებული და გამოცდილი ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთნენ აკადემიის განვითარებაში, აქტიურად იცვლებოდა საუკეთესო პრაქტიკა სწავლებასა და კვლევაში.

მიუხედავად ამ ხანგრძლივი და რთული პროცესისა, ირინე თვლის, რომ აკადემიისთვის მთავარი გამოწვევა თავად პროფესიასთან არის დაკავშირებული.

„ძალიან ბევრ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა, ვიტყოდი, რომ მთავარი მაინც ის პასუხისმგებლობაა, რაც ექიმებისა და პაციენტების მომავალი თაობის წინაშე გვაქვს. ბოლო წლებმა კარგად გვაჩვენა, რომ მომავლის პროგნოზირება გართულებულია. შესაბამისად, მომავალი თაობის ექიმები კომპეტენტურები უნდა იყვნენ შემდეგი თაობის პაციენტების მკურნალობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, დღეს ამ კომპეტენციის ექიმების მომზადებაა სამედიცინო აკადემიის უმთავრესი ამოცანა“.

აკადემიას ამ სტრატეგიული ამოცანის შესრულებაში უნიკალური მისია და მიდგომები ეხმარება. სტუდენტების ოპტიმალური რაოდენობა და აკადემიის მონოპროფილურობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა ამ პროცესში ‒ ირინეს და გუნდს ეს მოცემულობა ეხმარება, მთლიანად კონცენტრირებულნი იყვნენ განვითარებაზე, სწრაფად იმოქმედონ და მიიღონ გადაწყვეტილებები თვითრეფლექსიისა და სტუდენტების უკუკავშირის საფუძველზე.

„აკადემიის ტრანსფორმაციის მთავარი შედეგი სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებაა. ჩვენთან ყველა პროცესი, მათ შორის სწავლება, სტუდენტის საჭიროებებსა და საუკეთესო პრაქტიკაზეა აგებული. აქ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო დონის სამედიცინო განათლება. უმთავრესი ამოცანაა, სწავლის მეთოდები ითვალისწინებდეს ხარისხიან და განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირსა და შეფასებებს. სტუდენტის მოტივირებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში მათი სტრესისგან გათავისუფლებაც ‒ მათი საზრუნავი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება, თვითრეფლექსია და განვითარება უნდა იყოს.“

კურიკულუმის ინოვაციურობასა და განვითარებაზე 2021 წლიდან აკადემიის სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრში (CIMED) მუშაობენ. აქ ევროპული სამედიცინო განათლების სისტემის წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები ერთობლივად მსჯელობენ პროგრამების შინაარსსა და მასში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე. CIMED-ს ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორები სამედიცინო განათლების მიმართულებით, ჟოზეტ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი ხელმძღვანელობენ.

„ცენტრის მიზანია, ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლა-სწავლების ინოვაციური სტრატეგიები დაინერგოს. მათი დახმარებით, დღეს ჩვენთან დანერგილია სტუდენტთა დამოუკიდებელ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება; უზრუნველყოფილია საბაზისო და კლინიკურ სასწავლო კურსებს შორის ინტეგრაცია. დღეს ჩვენს კურიკულუმში მეტია პრაქტიკული ასპექტი ‒ სტუდენტებს პირველივე წლიდან აქვთ რეალური კონტაქტი პაციენტებთან, უფრო მკაფიოა თითოეული საგნობრივი კომპეტენციის მნიშვნელობა და გამოყენება პრაქტიკაში. შესაბამისად, ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად არიან მზად რეალურ გარემოში მუშაობისთვის“.

სწორედ ამ ხედვის პრაქტიკული რეალიზაციაა Erasmus+ პროექტი, რომლის ინსტიტუციური კოორდინატორიც თბილისის სამედიცინო აკადემიაა. SAFEMED+ ცხრა უნივერსიტეტის კონსორციუმისგან შედგება და აკადემიის კოორდინირებით მუშაობს სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციაზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელმძღვანელობით შემუშავებულმა პროექტმა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა. ესპანურ, იტალიურ, უკრაინულ, ლიეტუვურ, სომხურ და ადგილობრივ ინსტიტუციებთან ერთად ვმუშაობთ კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების და კლინიკური უნარების განვითარების კონცეფციაზე. ეს ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათლების ხარისხს აკადემიაში“.

აკადემიის მისიის შესრულება სწორედ ამ ამოცანების გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. თუმცა, ირინესთვის და მისი გუნდისთვის არანაკლებ პრიორიტეტულია აკადემიის მესამე მისიის აქტივობები.

„აკადემიის გუნდისთვის, საქმიანობის გამჭოლი ღერძია მესამე მისია და სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი სტუდენტების, საზოგადოების და პროფესიის წინაშე გვაქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სრულიად ახალი, ტრანსდისციპლინური ფოტოპროექტი „სოფლის ექიმის 6 დღე“, რომლის მიზანიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ექიმების ცნობადობის გაზრდა და სტუდენტებში სამედიცინო პროფესიონალიზმის გაღვივება იყო. ჩვენი სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ზემო აჭარაში სოფლის ექიმების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს აკვირდებოდნენ და ფოტოკამერით აღბეჭდავდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი პროექტების მეშვეობით მომავალი ექიმების თაობა მეტად ემპათიური იქნება. ბოლო წლებში სტუდენტების სოციალურ საჭიროებებსა და საზოგადოებრივ პროექტებზე დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ეს ყველაფერი კი, კიდევ უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის წამოწყების სტიმულს გვაძლევს. ჩვენი დიდი სურვილია, გავაძლიეროთ საზოგადოებრივი საქმიანობა და გავაფართოოთ სოციალური პროექტებიც“.

სოციალურ პროექტებზე საუბრისას ირინე შესამჩნევად თავმდაბალია, თუმცა, მარტივი მისახვედრია იმ სოციალური პროექტების მასშტაბი, რომელსაც იგი აღწერს. სტუდენტებს მოტივაციის ასამაღლებელი ფინანსური მხარდამჭერი მექანიზმების გარდა, საშუალება აქვთ მათ მიერვე ინიცირებული აქტივობებით განივითარონ სხვადასხვა უნარჩვევა, დაგეგმონ სპორტული, სოციალური თუ კულტურული აქტივობები.

ინტერვიუს მსვლელობისას კიდევ უფრო გასაგები გახდა, თუ რას გულისხმობდა ირინე აკადემიის ტრანსფორმაციასა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნაში. ამ პროცესების წარმატებით მართვაში კი მნიშვნელოვან როლს სწორედ აკადემიის გუნდი ასრულებს.

გუნდი და ლიდერობა

აკადემიის მართვაზე საუბარი სტანდარტული სამუშაო დღის აღწერით დავიწყეთ. ალბათ მოულოდნელი სულაც არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ირინეს სამუშაო დღეები რუტინული და ერთნაირი არასდროსაა. თუმცა, აკადემიაში უცვლელია ერთადერთი რამე, ირინეს ტრადიცია, ყოველ დილით სამსახურში მოსულმა მძიმე ჩანთით და ლეპტოპით ჩამოუაროს ყველა სამუშაო ოთახს. სამუშაო დღის პირველი ერთი საათი სწორედ ასე გადის, შემდეგ კი ირინე საკუთარ სამუშაო ოთახში მიდის, სადაც ღია კარის პოლიტიკა აქვს ‒ იღებს ყველას და ისმენს ყველა ინიციატივას, რაც აკადემიის საქმიანობისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა მიმართული.

„გამიჭირდება ჩემი მართვის სტილი დავახასიათო. ალბათ, სხვებს უნდა ვთხოვოთ ჩემი საქმიანობის შეფასება. მე ვცდილობ ვიყო ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც ახლოს არის აკადემიის ღირებულებებსა და კულტურასთან. არ მიმაჩნია, რომ ერთადერთი ლიდერი ვარ გუნდში ‒ ჩემ ირგვლივ ყველა ლიდერია. ზოგადად, ჩემი ერთ-ერთი ამოცანაც ეს არის, ყველა თანამშრომელს მივცე ლიდერობის, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის და თვითრეალიზების საშუალება“.

კითხვაზე, რა არის გუნდის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ირინეს პასუხია კომუნიკაცია. გუნდის მართვის ჰორიზონტალური მიდგომა აკადემიაში სწორედ ეფექტიან და ღირებულ უკუკავშირსა და დისკუსიაზეა დაფუძნებული.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანების მოსმენა და მათი იდეების გაზიარება. მუდმივად ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნება საშუალება, საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს. ჩემი ამოცანაა, კარგად ვიცნობდე და მესმოდეს ჩემი გუნდის წევრების. ვიცნობდე არა მხოლოდ პროფესიული ნიშნით, არამედ ვიცნობდე მათ პიროვნულ თვისებებს, საჭიროებებს, გამოწვევებს. მხოლოდ ასე ხდება შესაძლებელი აკადემიის საქმიანობის ტრანსფორმაცია“.

მოქნილობა აკადემიის მართვაში რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არა ერთხელ ვახსენეთ ინტერვიუს მსვლელობისას. თუმცა, თავად ინსტიტუციის მოქნილობასთან ერთად, ირინეს აზრით, მნიშვნელოვანია მართვის სტილმა უპასუხოს აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებს, რომლებიც პერიოდულად იცვლება. თავად ირინეს მართვის სტილზე კი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წარსულმა გამოცდილებებმა.

„მიუხედავად იმისა, რომ გარემო არაპროგნოზირებადია ჩემი მართვის სტილი რადიკალურად არ შეცვლილა. ვიტყოდი, რომ გამოცდილებასთან ერთად ვითარდება და მეტწილად დამოკიდებულია წარსული შეცდომების და წარმატებების გადააზრებასა და გადაფასებაზე. სწრაფად ცვალებად სამყაროში, ძალიან რთულია რუტინაში არ ჩაიკარგო და არ დაკარგო ფოკუსი. ვფიქრობ, აკადემიაში ამას წარმატებით ვახერხებთ.

ის, თუ როგორი ლიდერი ვარ დღეს, მნიშვნელოვნად მამაჩემის მუშაობაზე დაკვირვებისა და ჩემი ხასიათის შტრიხების დამსახურებაა. მასაც იდენტური სტილი და მიდგომები ჰქონდა, ვიტყოდი, იმ დროისთვის განსაკუთრებულად პროგრესული“.

თბილისის სამედიცინო აკადემიის მისიის შესრულებაში გუნდის პროფესიონალიზმსა და ლოიალობაზე ირინე ხშირად ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მისიის და ღირებულებების კოლექტიური გაზიარების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელი იქნებოდა ამბიციური მიზნებისა და იმ გეგმების დასახვა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრას აკადემიის მომავალსა და ზოგადად, მედიცინის სფეროს საქართველოში.

სამომავლო გეგმები

აკადემიის გეგმები ამბიციურია, თუმცა, ირინეს მოტივაცია და აკადემიის პროფესიონალი გუნდი ამ მიზნების რეალისტურობაზე ყველა კითხვის ნიშანს აქრობს.

„ჩემი დიდი სურვილია, აკადემიის კურსდამთავრებულებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში“.

თბილისის სამედიცინო აკადემიას მალე საკუთარი საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლინიკური სწავლებისა და პრაქტიკის ხარისხს. კლინიკის ბაზაზე აკადემიის გუნდი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და რეზიდენტურის პროგრამის ტრანსფორმაციასაც გეგმავს.

„ახალი კლინიკისთვის უკვე შევიძინეთ მიწა, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან 32 კლინიკასთან, საკუთარი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალ ახალ შესაძლებლობას აჩენს. კლინიკის მშენებლობის დასრულებისთანავე ჩვენ გავხსნით ექთნების სკოლას, ჩვენი კლინიკის ბაზაზე განხორციელდება კლინიკური საგნები და სრულიად განახლებული ფორმატით იქნება შეთავაზებული სარეზიდენტო პროგრამა, რომელიც პროფესიული წარმატების საწინდარია“.

მედიცინის დარგობრივი მახასიათებლის განახლების პარალელურად, აკადემია ემზადება რეავტორიზაციისთვის.

„გვჯერა, რომ 2024 წელს აკადემია რეავტორიზაციის პროცესს კვლავ წარმატებით დაასრულებს. ეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი იქნება. ვგეგმავთ შევცვალოთ აკადემიის სტატუსი, რაც გულისხმობს კვლევის პროცესის გაძლიერებას და სადოქტორო საფეხურის დამატებას. ეს უახლოეს პერიოდში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ინსტიტუციური განვითარებისკენ სვლას ისევ სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ და კიდევ ბევრი ამბავი გვექნება აუდიტორიისთვის გასაზიარებელი“.