გაიცანით შონდა რაიმსი – ყველასთვის ცნობილი ტელესერიალების ავტორი

ამერიკელი ტელეპროდიუსერი და კინოსცენარისტი, შონდა რაიმსი, ერთ-ერთია იმ ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ქალთაგან, ვინც ასაკსა თუ სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპები დაამსხვრია და ფორბსის 50 over 50  სიაში საპატიო ადგილი დაიკავა.

JAMEL TOPPIN FOR FORBES

შონდა წლების განმავლობაში უმსხვილეს ამერიკულ კინო-კომპანიებთან თანამშრომლობდა. საკუთარი სატელევიზიო კარიერის თორმეტი წელიწადი მან Disney-ში გაატარა. კრეატიული ხედვისა და საინტერესო სცენარების წყალობით რაიმსმა ამ კინო-სტუდიას დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა.  ასევე, მის შემოქმედებას ეკუთვნის ABC-ს ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალები: „გრეის ანატომია“; „სკანდალი“ და „როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში“.

ფორბსთან ინტერვიუში შონდა რაიმსმა განაცხადა, რომ მაღალშემოსავლიანი სერიალების შექმნის მიუხედავად, საკუთარი შემოქმედებითი თავისუფლების დაცვისა და ადეკვატური ანაზღაურების მიღების მიზნით, მუდმივი ბრძოლა უწევდა.

„თითოეულ გამომუშავებულ ცენტს ვიმსახურებ. ჭკუიდან მშლიან ახალგაზრდა ქალები, რომლებიც თავს იმცირებენ და საკუთარი თავის არ სწამთ“ – აღნიშნავს ამერიკული ტელესივრცის ყველაზე ცნობილი სცენარისტი.

რაიმსი ამჟამად Netflix-თან თანამშრომლობს. მისი სერიალის – „ბრიჯერტონის“ (Bridgerton) –  პირველი სეზონი გასულ წელს გამოვიდა და კომპანიის ისტორიაში ყველაზე ყურებად ტელესერიალად მალევე იქცა. ნეთფლიქსმა „ბრიჯერტონის“ ოთხი სეზონი უკვე დაამტკიცა. ფორბსის წინასწარი ვარაუდით, 2021 წელს რაიმსი თავისი სატელევიზიო კარიერის განმავლობაში რეკორდულ თანხას, დაახლოებით 70 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

51 წლის შონდა რაიმსი საკუთარი კრეატიულობითა თუ თავდაჯერებულობით ჰოლივუდისა და ტელეინდუსტრიის გაოცებას განაგრძობს. ყველასთვის საყვარელი სერიალების შემქმნელის მთავარი გზავნილი ქალებისადმი ისაა, რომ საკუთარ თავზე ფსონის დადების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.