ქართველი გოგო მაიკროსოფტში | სოფო შინჯიკაშვილის წარმატების ისტორია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ქალის ხმა ისეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი, როგორიც ის XXI საუკუნეშია. თანამედროვე ქალები ფეხს იკიდებენ და წარმატებას აღწევენ იქ, სადაც საზოგადოებას ისინი არასდროს წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, უამრავ სფეროში გენდერული დისბალანსი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ მამაკაცთა მიერ დომინირებულ ტექნოლოგიების სფეროში ქართველი სოფო შინჯიკაშვილიც იბრძვის, რომელიც პრაღაში, Microsoft-ის უდიდეს დეველოპერულ ცენტრში, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს.

ტექნოლოგიების სფეროთი, როგორც თავად გვიყვება, გვიან დაინტერესდა, მხოლოდ მაშინ, როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა. ეს არჩევანიც უმეტესად მათემატიკის ცხოვრებაში გამოყენების სურვილს უკავშირდებოდა. უშუალოდ დარგის სპეციფიკას უნივერსიტეტში გაეცნო, თუმცა გაუმართლა – პროფესია შეუყვარდა.

„ტექნოლოგიების სფეროთი ბავშვობიდანვე დაინტერესება ჩვენი თაობის გოგოებისთვის დიდი ფუფუნება იყო – საზოგადოებისგან ხშირად მოდიოდა წინააღმდეგობა. სწორედ ამიტომ ვცდილობ ჩავერთო ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც ეხმარება ბავშვებს, სკოლის ასაკიდანვე გაიცნონ და დაინტერესდნენ ამ სფეროთი.“

სოფომ ტექნოლოგიების სფეროთი ბავშვების წასახალისებლად საკუთარი პროგრამაც შექმნა, რომლითაც „პითაგორას აკადემიის“ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს პროგრამირებას ასწავლიდა. ასევე ჩართული იყო განათლების სამინისტროს პროგრამაში, რომლითაც რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს დისტანციურად ასწავლიდა.

„ძალიან აზარტული და სასიამოვნო აღმოჩნდა ეს საქმე და თუ საშუალება მომეცემა, მომავალშიც აუცილებლად ვაპირებ, მომავალი თაობის განათლებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას სწორედ მაშინ ვგრძნობ კაცობრიობის წინაშე, როცა ბავშვებს ვასწავლი.“

განათლება საქართველოსა და საფრანგეთში აქვს მიღებული. სოფო ამ ორი ქვეყნის განათლების სისტემის, მიდგომებისა და სწავლების მეთოდებზე გვესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს განათლების სისტემა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის მიცემით სხვა ქვეყნებს არ ჩამოუვარდება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მონდომების შემთხვევაში საქართველოში ცოდნამიღებული ადამიანებისთვის მსოფლიოს წამყვან კომპანიებში დასაქმება მიუღწეველი მიზანი სულაც არაა. პრობლემა, სოფოს აზრით, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და რეალური სამყაროს მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაა.

„სამწუხაროდ, თეორიული ცოდნის გარდა, პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ყველა სხვა კომპონენტი ჩვენთან უბრალოდ უგულებელყოფილია. ფრანგული განათლების სისტემაში ძალიან მომწონს რეალობის აღქმა – სწავლების პროცესში პრაქტიკოსები არიან ჩართულნი, რომლებმაც იციან, რა ხდება რეალურ სამყაროში.“

სოფო თვლის, რომ განათლების სისტემის ქართული მოდელი მოძველებულია და თანამედროვე მიდგომებით გადახალისება აუცილებელია. ანაზღაურებადი სტაჟირებების გავლის შესაძლებლობა უნივერსიტეტსა და სკოლაში სწავლის დროს და რეალური გამოცდილების მიღება – ესაა ის აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც მოზარდს სწორი პროფესიის არჩევასა და მომავალში პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სოფომ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. ლინგვისტიკის ინჟინერიით ჯერ კიდევ საბაკალავრო საფეხურზე სწავლისას დაინტერესდა. სოფო თვალს აქტიურად ადევნებს ბოლო პერიოდში საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს, მათ საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს, თუმცა თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულება საქართველოში სათანადოდ განვითარებული არ არის და აუცილებლად მიაჩნია ისეთი სასწავლო პროგრამების შექმნა, რომლებიც ამ მიმართულებით თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.

„დიდი ხანია ლინგვისტიკის ინჟინერია მაინტერესებს. საფრანგეთშიც ამ მიმართულებით ვსწავლობდი. ვაპირებ აუცილებლად დავუთმო ქართული ენის ავტომატური თარგმნის მოდელს ჩემი კარიერის გვიანი წლები, რადგან ვთვლი, რომ ამისათვის გამოცდილებითა და ცოდნით გამყარებული დიდი ძალისხმევაა საჭირო.“

სოფომ ისიც გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ბევრისთვის საოცნებო ტექნოლოგიურ კომპანია Microsoft-ში. ინტენსიური მეცადინეობა, რამდენიმე გასაუბრება ინტერნეტით და სამიც – კომპანიის პრაღის ოფისში.

„მახსოვს, რამდენიმე დღით ადრე, ღამით, უკვე ვეღარ ვიძინებდი. როგორც კი ჩამეძინებოდა, ის სავარაუდო კითხვები მესიზმრებოდა, რომლებიც ჯერ არ მქონდა გარჩეული და მეღვიძებოდა, რომ დრო არ დამეკარგა.“

გასაუბრებები არა მხოლოდ თეორიული ცოდნის შემოწმებას, არამედ სხვადასხვა საკითხთან პოტენციური თანამშრომლის დამოკიდებულებების გაგებასაც ემსახურებოდა. სოფოს თქმით, Microsoft იმითაცაა გამორჩეული, რომ თითოეული თანამშრომლის აზრს აფასებს და ყველას ისე ეპყრობა, როგორც ინდივიდუალურსა და უნიკალურს.

სოფომ ისიც გაგვიმხილა, თუ რა იყო ყველაზე რთული ამ გრძელ გზაში:

„ის, რომ დასახო გეგმა და დაიჯერო, რომ გამოგივა. როგორც ჰენრი ფორდი ამბობს, „არ აქვს მნიშვნელობა, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.“ სირთულეებმა მასწავლა, რომ ყოველი დაცემიდან ახალი ცოდნით დგები ფეხზე, ახალი უნიკალური გამოცდილებით, რაც, თუ სწორად გააანალიზებ, მომავალში დიდ უპირატესობას მოგცემს. მთავარია გამძელობა და სიმამაცე, რომ მარცხისა და წარმატების შეუქცევადობა აღიარო.“

ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, როგორც ამ სფეროში მომუშავე უამრავი ქალისთვის, არც სოფოსთვისაა უცხო.

„ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა საკუთარ სახლში არ ხარ და მასპინძელი კარადიდან რაღაცის გამოღებას გთხოვს. ამ დროს ძალიან უხერხული შეგრძნება გაქვს,  მიუხედავად იმისა, რომ ნება დაგრთეს, დავალების შესრულება გიჭირს, რადგან გგონია, იქაურობას არ ეკუთვნი, თითქოს სხვის სივრცეში იჭრები. ასე დავახასიათებდი ჩემს ცხოვრებას საქართველოში მას შემდეგ, რაც პროფესია ავირჩიე.“

თვლის რომ, ამ მხრივ, დამსაქმებლებში გაუმართლა, თუმცა სტერეოტიპული დამოკიდებულების წინაშე გასაუბრებებსა და სამსახურის გარეთაც არაერთხელ აღმოჩენილა.

„ერთ-ერთ კომპანიაში წარმატებული გასაუბრების შემდეგ, როცა უკვე ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სამსახური უნდა დამეწყო, დამსაქმებელმა ჩემს თითზე ქორწინების ბეჭედი შენიშნა. მახსოვს, როგორ შეეცვალა სახე და მკითხა, შვილი თუ მყავდა. მაშინვე მივხვდი, რომ პოტენციურმა დეკრეტულმა შვებულებამ სამსახური ხელიდან გამომაცალა.“

ისიც იცის, რომ მარტო არაა; ირგვლივ უამრავი ქალი ებრძვის სტერეოტიპებს, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ საზოგადოების დამოკიდებულების გამო ზოგი გოგო ბრძოლას არც კი იწყებს.

„ეს თქვენი სახლია და თქვენი კარადა. გამოაღეთ თამამად! არ დაუჯეროთ ფრაზებს: „ეგრე მარტივი ხომ არაა“, „რამე უფრო გოგოს შესაფერისი რომ გეცადა?!“ არ დაუჯეროთ „კეთილისმსურველ“ შეგონებებს, თუმცა ნუ გაბრაზდებით მათზე. მათი აზრის შესაცვლელად საუკეთესო გზა თქვენი წარმატებაა. აჩვენეთ, რომ შეძელით და ისინი ამ ფრაზებს სამუდამოდ დაივიწყებენ.“