She’s Next | ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძემ 2008 წელს მიიღო იმ დროისთვის უჩვეულო გადაწყვეტილება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი კარიერული გზა – მიატოვა დედაქალაქი და სამცხე-ჯავახეთში დაიწყო ფერმერული საქმიანობა. იმ დროიდან მოყოლებული ბევრი გამოწვევისა და ბარიერის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მოთმინებით, ახალი ცოდნის მიღების ჟინითა და სიმტკიცით ყოველ მომდევნო ეტაპზე წარმატებულად გადადიოდა – თვლის, რომ წინ კიდევ მრავალი ახალი გამოცდილება და გამოწვევაა, თუმცა მომავალს უფრო გამოცდილი ხვდება და მზად არის წარსულში მიღებული „გაკვეთილები“ გაუზიაროს ყველა სხვა ადამიანს, ვისაც საქმიანობის დაწყება სწორედ სოფლის მეურნეობაში უნდა. იმედოვნებს, რომ მისი შეცდომები, გამოცდილება თუ მიგნებები სხვებისთვის გზამკვლევი იქნება.

Forbes Woman და VISA წარმოგიდგენთ რუბრიკას She’s Next და რუბრიკის პირველ რესპოდენტს, ნინო ზამბახიძეს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ დაიწყო ყველაფერი – რატომ სოფლის მეურნეობა?

ყველაფერი ერთი ცხოვრებისეული გამოცდილებით დაიწყო – რძის პროდუქტით ბავშვი მოგვეწამლა სახლში, ეს იმდენად შემაშფოთებელი ამბავი იყო ჩემთვის, რომ დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ჯანსაღი საკვები გვქონოდა ოჯახში, სად შეიძლებოდა შეგვეძინა ან თუნდაც გვეწარმოებინა. სწორედ ეს გამოცდილება აღმოჩნდა გარდამტეხი წერტილი, მაშინ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება თავად ვაწარმოო ხარისხიანი რძის პროდუქტები.

იდეა რეალობად ჩემს ბიზნეს-პარტნიორთან ერთად ვაქციე – ამ დროს სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული არ იყო არც სახელმწიფოსთვის და არც საზოგადოებისთვის. მეტიც, სავალალო მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით, ადამიანები მალავდნენ საკუთარ პროფესიას და არ ამხელდნენ, რომ ფერმერები იყვნენ. სწორედ ამგვარი მიდგომით იყო განპირობებული ის მდგომარეობა, რაც დარგში გვქონდა წლების წინ – არავინ იცოდა ვინ, რას, სად, როგორ აწარმოებდა; არავინ აკონტროლებდა ხარისხს და დიდად მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე არც ყოფილა.

ამ ყველაფერზე დაკვირვების შემდეგ დავასკვენით, რომ სფერო პერსპექტიული იყო და მასში გრძელვადიანად ინვესტირება აუცილებლად გამოიღებდა დადებით შედეგს. დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდებოდა მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე. ამასთან, ერთგვარი ვალდებულებითი ხასიათის პასუხისმგებლობაც იყო ამ სფეროში საქმიანობის დაწყება, ვთვლიდი, რომ მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი საკვების წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ქვეყნისთვის.

რა სირთულეებს უკავშირდებოდა თქვენთვის ამ სფეროში აქტიური ჩართულობა?

მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის დარგი საქართველოში წლების განმავლობაში საკმაოდ მასკულინური იყო – სწორედ ამას უკავშირდებოდა ერთ-ერთი სირთულე. სხვა ტიპის გამოწვევა იყო ის კულტურული განსხვავებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით, რეგიონებს შორის არსებობს – ამას ნათლად მაშინ მივხვდი, როდესაც დედაქალაქიდან გადავედი რეგიონში, სადაც მისაღები არ იყო ზოგიერთი რამ, რაც ჩემთვის სრულიად ნორმალური ჩანდა და პირიქით, მათთვის ნორმად ქცეული საკითხები ჩემთვის გახლდათ მიუღებელი. ამასთან, ბევრი ვერ მალავდა გაკვირვებას, როდესაც იგებდნენ, რომ სოფელში გადმოვედი ფერმერული საქმიანობის დასაწყებად – იცით, რომ ჩვენთან ურბანული მიგრაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ლამის გადაულახავი სირთულე აღმოჩნდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების ნაკლებობაც, რომელსაც თან ამ მიმართულებით სრული ინფორმაციული ვაკუუმი ახლდა.

ყველაზე ხშირად, რაში ვლინდებოდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობაში გადახვედით?

ყველაზე ხშირად ჩემი მისამართით კითხვის ნიშნები საზოგადოების მიერ ფორმირებული გენდერული სტერეოტიპებით იყო განპირობებული: ეს ქალის საქმე არ არის; კაცივით ქალია; ქალმა კაცის საქმის რა იცის და ა.შ. თუმცა, მე ვთვლი, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით ფერმერულ საქმიანობაში, ქალები უფრო აქტიურად არიან ჩართულები, ვიდრე მამაკაცები.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ მიმართულებით საფინანსო ინსტიტუციასთან საქმიან ურთიერთობას უკავშირდება – როდესაც ამ სფეროში ვიწყებდი საქმიანობას, საბანკო დაწესებულებამ ცხადად მიმანიშნა, რომ ჩემზე სესხს ვერ გასცემდა, თუკი მე თავდებში არ დამიდგებოდა მამაკაცი, რომელიც რისკს ჩემთან ერთად გაიზიარებდა. ამაზე შეურაცხმყოფელი არაფერი მახსენდება.

რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც ეს სფერო სათანადო ტემპებით ვერ ვითარდება საქართველოში?

დარგის განვითარებას დღეს საქართველოში ხელს უშლის ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია პროფესიულ განათლებასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდულ წვდომასა და ფინანსური კაპიტალის ნაკლებ ხელმისაწვდომობასთან – ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ სოფლის მეურნეობა განვავითაროთ და მით უფრო, დავეწიოთ უკვე კარგად განვითარებულ ქვეყნებს ამ მიმართულებით.

ერთი მაგალითიც კი ნათლად დაგვანახებს პრობლემის სიმწვავეს – წარმოიდგინეთ, საქართველოში მილიონზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს, რომლისთვისაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის მქონე, კვალიფიციური ვეტერინარების რაოდენობა 100-საც კი არ აღემატება. ეს იგივეა, ყოველ მილიონ მოსახლეზე 100 ექიმი გვყავდეს მხოლოდ.

როგორ ფიქრობთ, ახლა რომ იწყებდეთ საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, რა იქნებოდა ის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რასაც საკუთარ თავს მისცემდით?

ჩემს თავს ვეტყოდი, რომ აუცილებლად ბევრი მესწავლა იმ სფეროზე, რომელშიც ინვესტირებას ვგეგმავდი. ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი, როდესაც ჩავთვალე, რომ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა მარტივი იქნებოდა. ასე არ აღმოჩნდა – ამ სფეროს გააჩნია სირთულეები, სიღრმისეულად უნდა გესმოდეს რიგი საკითხები, სწორად და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა აფასებდე რისკებს – ამ ყველაფერს გზადაგზა ვერ ისწავლით.

ამასთან, როდესაც მე ამ სფეროში ვდგამდი პირველ ნაბიჯებს ჩემ ირგვლივ ძალიან ცოტა ადამიანი იყო, ვისთვისაც შეიძლებოდა რჩევა მეკითხა. დღეს ასე არ არის – ბევრი პროფესიონალია, რომელიც მზად არის კონსულტაცია გაგიწიოს, დაგეხმაროს, გაგიზიაროს გამოცდილება.

სჭირდებათ თუ არა ქალებს როლური მოდელები ამ სფეროში და რა გზა უნდა გაიარონ, რათა თავად იყვნენ სხვებისთვის როლური მოდელები?

ვთვლი, რომ როლური მოდელები ყველა სფეროში გვჭირდება, რათა გავიზიაროთ მათი გამოცდილება, წარმატების მათეული გზა. ამასთან, თავიდან ავირიდოთ ის შეცდომები, რასაც სხვებისგან გავიზიარებთ. მე ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდა, როდესაც ფერმერულ საქმიანობას ვიწყებდი. დღეს როლური მოდელები სტიმულს გვაძლევენ, მენტორობას გვიწევენ, ამასთან, ახალგაზრდა ადამიანებს საქართველოში უკვე აქვთ საშუალება მათივე თაობის ფერმერებისგან ისწავლონ საუკეთესო პრაქტიკა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

აქვს თუ არა პოტენციალი სოფლის მეურნეობას მცირე ბიზნესის სექტორში მსხვილი მოთამაშე გახდეს?

სრულიად რეალისტურად მიმაჩნია მცირე ბიზნესის სექტორში ამ დარგმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ვთვლი, რომ ქვეყნის კლიმატი და რელიეფი, სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას ვაწარმოოთ მეტი და ხარისხიანი პროდუქტი. ამასთან, უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ნაკლებად გაგვხდის დამოკიდებულს ერთ მწარმოებელზე – წარმატების პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.

რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ამ სფეროში ვაპირებთ ინვესტირებას?

პირველ რიგში, აუცილებელია გამოვიკვლიოთ ყველა საჭირო მონაცემი ამ მიმართულებით, მივიღოთ ცოდნა – არასდროს უნდა დავიწყოთ ბოლოდან: ჯერ ვისწავლოთ, გამოვიკვლიოთ, მოვემზადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ბიზნესის კეთება და ინვესტირება სოფლის მეურნეობაში.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ სფეროში ინვესტირება უკავშირდება გრძელვადიან დაგეგმვას. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დაჩქარებულ ვადებში მივიღებთ მაღალ უკუგებას კაპიტალზე.

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორია მომავლის ქალი ამ სფეროში?

მომავლის ქალი იქნება მრავალმხრივ განათლებული, თვითრეალიზებული, ამაყი, ყოველი ახალი გამოწვევისთვის მომზადებული, რომელიც აკეთებს მომავლის საქმეს და ამასთან, ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც საზოგადოებაშია გამყარებული ფერმერების მიმართ.

როგორი იქნება ნინო ზამბახიძე რამდენიმე წლის შემდეგ – რა მიზნისკენ მიდიხართ?

ვთვლი, რომ ისეთივე ვიქნები, როგორიც დღეს ვარ – ძალიან მონდომებული განვავითარო სოფლის მეურნეობა. ალბათ უფრო მეტად გათანამედროვებული და გაციფრულებული. დღეს ყველაფერი ამ მიმართულებით ვითარდება, შესაბამისად, მინდა, რომ სოფლის მეურნეობაში ბევრი ინოვაცია შემოვიტანო; მინდა, რომ ჩემს საქმიანობაში დიდი დოზით იყოს ხელოვნური ინტელექტი, სხვადასხვა ტექნოლოგიები.

ვხედავ თუ არა სოფლის მეურნეობაში წლების შემდეგ ჩემს თავს, არ ვიცი – ვფიქრობ აგრო-ტურიზმის მიმართულების განვითარებაზეც, მათ შორის, წარმოვაჩინო სტუმარ-მასპინძლობა სხვადასხვა ნიშური კუთხით, თუნდაც რეგიონების ჭრილში.

რამდენად მნიშვნელოვანია VISA-ს She’s Next ინიციატივა და რა პოზიტიური ცვლილების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის?

ზოგადად, მიმაჩნია, რომ კერძო სექტორის მხრიდან მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალი ანტერპრენერების განვითარებაში. ერთია, როდესაც ჩვენ გვაქვს კარგი და სრულყოფილი თეორიული განათლება და მეორეა, როდესაც ჩვენ ვიზიარებთ უკვე კარგად გამოცდილ პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს უმაღლებს მათ მოტივაციას, ხდის მეტად თავდაჯერებულს, ეხმარება იპოვოს საჭირო კონტაქტები და ა.შ. ამასთან, ასეთ შეხვედრებზე დიდია შანსი სრულიად უცხო ადამიანმა მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს ჩვენს კარიერულ  გზაზე – პირადი მაგალითიც კი მაქვს ასეთი, როდესაც უცხოეთში სრულიად უცხო ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი კარიერული გზის განვითარებაში, მოგვიანებით ის მენტორადაც ავირჩიე. სწორედ ამგვარი გამოცდილებები მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა She’s Next მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების საწყისი ხდება.

 

რუბრიკა: Visa