„ენკენის“ ამბავი უნივერსიტეტელების ერთობლივ წამოწყებას უკავშირდება. ამ სტარტაპს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხარე აქვს – ის ჩიფსია, მაგრამ ჯანსაღი ჩიფსი ვაშლისგან.
აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ინოვაციური კვების მიმართულებით მუშაობდნენ. მათ აღმოაჩინეს გარკვეული ტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც მიიღეს განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ვაშლის ჩიფსი. სწორედ ასე შექმნეს ნონა ნონიაშვილმა, თამარ შეითნიშვილმა და შალვა მძინარაშვილმა გემრიელი სნექების ბრენდი „ენკენი“, რომლის საწარმოც სოფელ დიცში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ადგილობრივ მოსახლეობას, ქალებს, ხელს უწყობს დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.
Visa გლობალური ინიციატივის She’s Next ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ნონა ნონიაშვილთან ინტერვიუს, რომელშიც ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებს, რაც მკითხველს დაეხმარება უკეთ გააცნობიეროს ის გამოწვევები, ბარიერები და შესაძლებლობები, რაც ქალ ანტერპრენერებს ელით საქმიანობის დაწყებისას.
რა გამოწვევები შეგხვდათ ამ გზაზე, როგორ უმკლავდებოდით მათ?
სხვა სტარტაპების მსგავსად, განვითარების გზაზე ჩვენც უამრავ გამოწვევას შევხვდით. ჩვენი, დამფუძნებლების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობით, მოტივაციითა და საქმისადმი სიყვარულით, ყველა გამოწვევას ვუმკლავდებით. ამ პროცესში დიდ გამოცდილებას ვიძენთ, ვიაზრებთ გადადგმულ ნაბიჯებს და ,რა თქმა უნდა, სამომავლოდაც ვითვალისწინებთ მათ. პირადად მე ვისწავლე, რომ გამოწვევები ყოველთვის არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა განვითარების რა ეტაპზეა ბიზნესი, ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყოველი ახალი გამოწვევა არის შანსი, გახდე უფრო ძლიერი, უკეთესად დაინახო არსებული რეალობა და ნათლად მიხვდე, რა იქნება ბიზნესის სამომავლო განვითარების ყველაზე ეფექტური გზა.
რა გაძლევდათ მოტივაციას, ახლა რა გაძლევთ?
ფაქტი, რომ ჩვენ ვქმნით ღირებულ პროდუქტს, რომელსაც აქვს პოტენციალი ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე მსოფლიოს ბაზარზე. „ენკენი“ გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალით და ხრაშუნა ტექსტურით. ერთდროულად არის სასარგებლო და სასიამოვნოდ მისართმევი სნექი. სწორედ ამიტომ, „ენკენის“ ვაშლის ჩიფსი ამკვიდრებს სრულიად ახალ სტანდარტს და ყველას ეუბნება – ზოგი ჩიფსი მარგებელია!
ახლა რა ეტაპზეა „ენკენი“ და რას სთავაზობს ის მომხმარებელს, როგორ იქცა ის წარმატებულ პროექტად?
ამჟამად ორი სახეობის ვაშლის ჩიფსს ვაწარმოებთ, წითელი ვაშლის – აიდარედი, რომელიც ხასიათდება ტკბილი გემოთი და მწვანე ვაშლის – გრანი სმიტი, რომელიც გამოირჩევა მჟავე გემოთი. ორივე მათგანი მზადდება ინოვაციური შრობის მეთოდით, რომლის დროსაც პროდუქტიდან მხოლოდ წყალი გამოდის და ნარჩუნდება ვაშლში არსებული ვიტამინები და სხვა ნივთიერებები. ჩვენ არ ვიყენებთ დანამატებს, ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ერთი ინგრედიენტისგან შედგება და ეს არის ვაშლი. ეტაპობრივად იგეგმება სხვა ანალოგიურად ჯანსაღი სნექების ხაზის ჩამოყალიბება, სხვადასხვა საინტერესო გემოებით.
ვთვლი, რომ ენკენის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორია ჩვენი კონცეფცია – შექმნა ჯანსაღი და თან გემრიელი, რომელიც დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება. მომხმარებელი მიხვდა, რომ ენკენის ვაშლის ჩიფსი ერთგვარი ალტერნატივაა, ის სტანდარტული სნექების ოჯახიდან არის, მაგრამ თან სრულიად ჯანსაღი და გემრიელი.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან და რა პოზიტიურ ცვლილებას შეიძლება ველოდეთ ამ პროექტისგან?
ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი სტარტაპების განვითარებაა. თან ისეთი სტარტაპების, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ პროდუქტს. „ენკენი“ სწორედ ასეთი პროდუქტია. მას აქვს გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალი, უკვე დაწყებული გვაქვს საექსპორტო მოლაპარაკებები აშშ-თან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან, ეს კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე ზრდის ქვეყნის ცნობადობას და მისადმი ინტერესს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი იდეებისთვის და არასდროს დავნებდეთ? ყველაზე რთულ მომენტებში რითი უნდა გავიმხნევოთ თავი?
ჩემთვის სტარტაპერობა და მეწარმეობა კრიტიკულ სიტუაციებში ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს, როდესაც დანებების მაგივრად პირიქით, უფრო ძლიერდები და წარუმატებლობას წარმატების საწინდარად აქცევ.
სანამ სტარტაპერი გახდები, უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ უამრავი მსხვერპლის გაღება გახდება საჭირო, უამრავი სირთულე დაგხვდება, მაგრამ, მთავარია, არცერთ ეტაპზე დანებდე. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალ ანტერპრენერებს, ვინც ახლა აპირებს ბიზნესის ან საქმიანობის დაწყებას თავის სფეროში?
რაც შეეხება რჩევებს, აგრობიზნესის წამოწყებისთვის პირველ რიგში, აუცილებელია მზაობა და დიდი სურვილი, რადგან ეს საკმაოდ რთული სფეროა და ბევრ დეტალს შეიცავს. აუცილებელია საქმისადმი დიდი სიყვარული, რათა წარმატებით განხორციელდეს ბიზნეს-პროექტი, ამიტომ, დამწყებ ანტერპრენერებს ვურჩევდი, თავიდანვე გაიაზრონ, რომ ეს არის უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო გზა. თუმცა, თუ მართლა გჯერა საკუთარი იდეის, თუ მთავარი პრიორიტეტი სწორედ საკუთარი სტარტაპია, აუცილებლად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი და ბოლომდე იბრძოლოთ. კრიტიკულ და რთულ სიტუაციებში კი ისევ და ისევ, საკუთარი თავის რწმენა და საქმისადმი სიყვარული გვაძლევს ძალას.
ჩვენს ქვეყანაში ქალები მრავალი სოციალური სტიგმის მსხვერპლნი არიან. რას ეტყოდით მათ, როგორ უნდა შევცვალოთ ქალებმა პირველი რიგში ჩვენი ცხოვრება და შემდეგ, როგორ უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები?
ჩემი აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქალების გააქტიურება და მათი ჩართულობის ზრდა სხვადასხვა პროცესებში, იქნება ეს პოლიტიკა თუ ბიზნესი. მნიშვნელოვანია ქალები ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, გავუზიაროთ გამოცდილება, გავამხნეოთ ერთმანეთი და მოტივაციაც მივცეთ. როდესაც გრძნობ, რომ მარტო არ ხარ და ბევრი თანამოაზრე გყავს, უფრო მარტივია საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ ცვლილება და სტერეოტიპების მსხვრევა.
რა არის ქალების ძალა?
ჩვენ ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი ძალა ვართ, როგორც ქვეყნის პოზიტიური ცვლილებებისთვის, ასევე მენტალური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმები „ენკენს“ უკავშირდება. წელს ვაპირებთ, რომ გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ბრენდის პოზიციონირებისა და ექსპორტის მიმართულებით. ამისათვის კი როგორც მე, ისე ჩემი ბიზნეს პარტნიორები და გუნდის წევრები, უფრო მეტი თავგანწირვითა და მაქსიმალური ჩართულობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს.