ზოგჯერ ის, რასაც ყოველგვარი სამომავლო გათვლების გარეშე, საკუთარი სურვილითა და ინტერსით აკეთებ, რადგან გართობის კარგი საშუალებაა და ბედნიერებას გგვრის, წლების შემდეგ სასიამოვნო სიურპრიზად გადაიქცევა და, შესაძლოა, საკუთარი თავის აღმოჩენაშიც კი დაგეხმაროს.
მოდის ბლოგები არც ისე დიდი ხანია რაც პოპულარულია საქართველოში, თუმცა ერთ-ერთი პირველი ასეთი ბლოგი www.anobanooo.blogspot.com-ია, რომელიც ანანო დოლაბერიძემ შექმნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც ფაბერი იყო, ანანო კი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლობდა.
ისე, ბავშვობაში თუ „ბიზნესმენობაზე“ ოცნებობ, მერე კი შენს იდეებს შენი ინტერესის სფეროს მოარგებ, დიდი შანსია ამ ოცნებისგან ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდეს, რომელიც წარმატებულთან ერთად, განსაკუთრებულიც იქნება.
Visa-ს ინიციატივის She’s Next ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ანანო დოლაბერიძესთან ინტერვიუს, რომელშიც ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებს, რაც მკითხველს დაეხმარება უკეთ გააცნობიეროს ის გამოწვევები, ბარიერები და შესაძლებლობები, რაც ქალ ანტერპრენერებს ელით საქმიანობის დაწყებისას.
Phubber-მდე ბევრი რამ იყო. ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ, რა უნდა ყოფილიყო ის საქმე, რომელიც არასდროს მოგბეზრდებოდათ?
მოდის ინდუსტრია და ჩაცმა ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ამ ინდუსტრიაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემი პირველი სამსახური ინდიტექს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, ZARA-ს ბრენდში ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიცია იყო, შემდეგ მალევე გადავედი Roberto Cavalli-ის მაღაზიაში ბრენდ მენეჯერად. წელიწადზე მეტი ქართველი დიზაინერის Lako Bukia-ს გენერალური მენეჯერიც ვიყავი და პარალელურად, სრულიად შემთხვევით, დავიწყე გადაღებებში სთაილინგის კეთება, მოვხვდი ჟურნალებში, როგორც მოდის სტილისტი და ვმუშაობდი ჟურნალ ბომონდში, ასევე EGO/EGO MEN ჟურნალებში.
ახლანდელი გადმოსახედიდან ეს გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია, თანაც, ამდენი ამბის მერე, აუცილებლად შეგიყვარდება ეს ინდუსტრია. თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ამ შემთხვევითობას ვერც წარმოვიდგენდი, მიყვარდა მოდა, მაგრამ ამავდროულად მინდოდა რომ ბიზნეს სამყაროსთან დამეკავშირებინა ჩემი მომავალი. თანამედროვე შესაძლებლობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მგონი ყოველთვის მოძებნი გამოსავალს როგორ აკეთო საყვარელი საქმე ისე, რომ არც ბავშვობის ოცნებები დაივიწყო. დროთა განმავლობაში ჩემი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებით წავიდა, გავხდი თბილისის მოდის კვირეულის საერთაშორისო მედიასთან და ბაიერებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და საქართველოში ჩამომყავდა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები, ინფლუენსერები, ბაიერები და ფოტოგრაფები, ვმუშაობდი ქართველ დიზაინერებთან ქონსალთინგის მიმართულებით. ახლა ჟურნალი „ნარგისის“ მოდის რედაქტორი ვარ.
რა სიძნელეები და გამოწვევები შეგხვდათ კარიერული განვითარების გზაზე და როგორ უმკლავდებოდით მათ?
გამოწვევები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით მოდის ინდუსტრიაში. ერთი შეხედვით, რამდენადაც ლამაზი და მიმზიდველი არ უნდა იყოს ეს სფერო, შიგნიდან საკმაოდ რთული და ხშირად უსამართლოც კი არის. ძალიან დიდი შრომა სჭირდება ამ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევას, თუმცა ეს ყველაფერი ალბათ აუცილებელიც არის, რომ გაძლიერდე და არასდროს დანებდე. მე ყოველთვის კარგად მახსენდება ყველა ის სირთულე თუ გამოწვევა, რაც ამ წლების განმავლობაში გავიარე და ვფიქრობ, რომ ვერ მიიღებ კარგ გამოცდილებას ისე, თუ საკუთარ თავს არ დაუმტკიცე რა შეგიძლია.
მოტივაციას რა გაძლევდათ მთელი ამ დროის განმავლობაში?
საკუთარი თავის რწმენა. ცხოვრებაში არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი, არ მითქვამს და კითხვის ნიშანიც კი არასდროს დამისვამს საკუთარ თავთან, რამე გამომივიდოდა თუ არა. თუ რამეს გადავწყვეტ, ყველა ღონეს ვხმარობ ხოლმე, რომ ეს შევასრულო. ვცდილობ არასდროს ვიყო ჩემი თავით კმაყოფილი და ყოველთვის უფრო მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს, ვიდრე ვაკეთებ ან შემიძლია. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის, რა წამსაც იტყვი – მე ძალიან მაგარი ვარ, მაშინ ალბათ უკვე რეგრესიც იწყება.
როგორ შეიქმნა Phubber და რა იყო თქვენი მიზანი, კონკრეტულად რა უნდა შეეცვალა Phubber-ს ლოკალურ ბაზარზე?
ფაბერზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ჩემმა პარტნიორმა, გიორგი ჩუგოშვილმა შემომთავაზა ისეთი ციფრული პლატფორმის შექმნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა ეყიდა ან გაეყიდა მისთვის სასურველი ნივთი.
ფაბერი ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნივთები, რომლებიც მათ აღარ მოსწონთ ან აღარ უნდათ, გაყიდონ და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივად, ონლაინ ხდება, აპლიკაციაში თითის რამდენიმე დაჭერით. მნიშვნელოვანია ფაბერის სერვისი: თითოეული გაყიდული ნივთი უფასოდ მოგვაქვს სელერისგან, ვამოწმებთ ნივთს, ვადგენთ მის ავთენტურობას, შემდეგ ვფუთავთ, მიგვაქვს მყიდველთან და სელერს ვურიცხავთ თანხას.
დღეს ფაბერს უკვე 60 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაფერი რაც ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, აქსესუარებთან და სილამაზის პროდუქტებთან არის დაკავშირებული. აპლიკაციაში 500-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი და თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის კოლექციები 70%-მდე ფასდაკლებით. ჯამში 90 000-ზე მეტი ნივთი არის ატვირთული, ეს კი საქართველოში ტანსაცმლის ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმად გვაქცევს. ფაბერი ასევე 500 startups პროგრამის აქტიურ ფაზაშია და 2021 წლის დასაწყისში ახალ ბაზარზე შესვლასაც ვგეგმავთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ფაბერის მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან და რა პოზიტიურ ცვლილებას უნდა ველოდეთ ამ პროექტისგან?
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის ხელშეწყობა, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან, კერძო სექტორს, კი ამ ყველაფერში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშნელოვანი როლი უნდა ეჭიროს. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ცალსახად გამოიკვეთა მსგავსი ტიპის პროდუქტების და მიმართულებების საჭიროება. ფაბერის დაარსებიდან დღემდე, რეკორდულად მაღალი გაყიდვები და მოთხოვნა სწორედ პანდემიის დროს იყო და მიხარია, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდით. ჩვენ შევძელით, ტანსაცმლის ონლაინ შეძენა და მიწოდება გაგვეხადა ისეთივე სწრაფი, როგორიც საჭმლის მიტანის სერვისებია და მუდმივად ვცდილობთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი. ასევე ის, რაც განსაკუთრებულს ხდის ფაბერს, ჩემი აზრით, არის ნივთის შემოწმების და ავთენტურობის დადგენის სერვისი, რასაც ყველა გაყიდული ნივთი გადის ფაბერზე და მომხმარებელს აქვს გარანტია, რომ მიიღებს ზუსტად იმ ნივთს და ისეთს, რაც აპლიკაციაში აქვს სელერს მითითებული. აპლიკაციაში იკრძალება ყალბი ნივთებისა და ნატურალური ბეწვის განთავსება, რაც კომპანიის ერთგვარი პოლიტიკაა შექმნის დღიდან.
ფაბერის ცვლილებებთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ახლა სრულიად სხვა და ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საგრანტო 650 000 ლარიან პროგრამაში და შესაბამისად მოვიზიდეთ თანადაფინანსება ამერიკელი ენჯელ ინვესტორისგან, რომელიც გახლავთ ცნობილი ამერიკული კომპანიის “WhatsApp”-ის ერთ-ერთი მეწილე და ერთ-ერთი პიონერი თანამშრომელი. მოზიდული ფინანსები დაგვეხმარება უფრო მეტად გავმართოთ და დავხვეწოთ UI/UX და მოვახდინოთ პროცესების ავტომატიზაცია. სექტემბრის ბოლოს ვგეგმავთ ფაბერის ვების გაშვებას, 2021 წლის პირველ ნახევარში კი გაფართოებას. ჩვენი მიზანია ფაბერი იყოს პირველი “იუნიქორნი” საქართველოდან და ორიენტირებას ვგეგმავთ როგორც კავკასიის რეგიონზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებზე.
ფაბერი მონაწილეობს მსოფლიო უმსხვილესი აქსელერატორის 500 startups-ის პროგრამაში და უკვე ცნობილია, რომ 15 შერჩეული სტარტაპიდან, რომლებმაც გავიარეთ პროგრამის პირველი ნაწილი, ფაბერი მოხვდა ხუთეულში და განვაგრძობთ პროგრამაში მონაწილეობას, ჩვენი ბიზნესის უფრო მეტად დახვეწას და სწორი მიმართულებით განვითარებას.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი იდეებისთვის და არასდროს დავნებდეთ? ყველაზე რთულ მომენტებში რითი უნდა გავიმხნევოთ თავი?
თუ ძალიან ბევრს არ იშრომებ, თუ ბოლომდე არ დაიხარჯები, ვერც წარმატების ფასს ისწავლი და ვერც მისთვის ბრძოლის სულისკვეთება მოგეცემა. ჩემი ყოველი დღე იწყება მომავალზე ფიქრით, თუ რა უნდა ვაკეთო და რა მიზნისკენ მივდივარ. თუ ეს შენი ყოველდღიურობა არაა და ამ იდეით არ ცხოვრობ, მგონია, რომ რთულია პირდაპირ წარმატების მიღწევა.
მჯერა ენერგიის, მჯერა იმის, რომ ცხოვრება ბუმერანგია და როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობ, როგორი დამოკიდებულებითაც ხარ შენი გარშემომყოფებისა და საქმის მიმართ, ზუსტად ისეთივე დამოკიდებულებას მიიღებ სანაცვლოდ.
რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალ ანტერპრენერებს, ვინც ახლა აპირებს ბიზნესის ან საქმიანობის დაწყებას თავიანთ სფეროში?
მინდა ძალიან ბევრ ქალ ანტერპრენერს ვხედავდე საქართველოში. ვფიქრობ, ყველა ქალბატონმა უნდა ირწმუნოს საკუთარი იდეის და სჯეროდეს საკუთარი წარმატების. ჩემი აზრით, ანტერპრენერის წარმატებისთვის 3 ძირითადი რამ არის საჭირო: თავდაუზოგავი შრომა, ზომიერი ამბიცია და საჭირო ადამიანები ირგვლივ. ნებისმიერი საქმიანობის დაწყებამდე კი მნიშვნელოვანია ბაზრის შესწავლა და ანალიზი, რომ დარწმუნდე რამდენად საჭიროა ის პროდუქტი, თუ სერვისი, რის შექმნასაც გეგმავ. მოიძიო ინფორმაცია მსოფლიოში მსგავსი ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით და შეადარო, რა უპირატესობები შეგიძლია შესძინო შენს ბიზნესს, რაც მას განსაკუთრებულს, კონკურენტუნარიანს გახდის. საბოლოო ჯამში, კი ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გულით გჯერა, რომ გამოვა.
რა არის ჩვენი, ქალების ძალა?
ჩემი აზრით, ქალების ძალა მათ სულიერ სიმტკიცეში, პრაგმატულ აზროვნებაში და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარშია. ამაზე ხომ ხშირად ვსაუბრობთ და მინდა ახლაც, კიდევ ერთხელ ყველა ქალს ვუთხრა – შენ შეგიძლია ერთდროულად იყო როგორც იდეალური დედა, ასევე იდეალური ლიდერი შენს საქმიანობაში.
ჩვენს ქვეყანაში ქალები მრავალი სოციალური სტიგმის მსხვერპლნი არიან. რას ეტყოდით მათ, როგორ უნდა შევცვალოთ ქალებმა პირველი რიგში ჩვენი ცხოვრება და შემდეგ, როგორ უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები?
პირველ რიგში, ნებისმიერი სტერეოტიპის დანგრევა იწყება აღიარებით, არ შეგუებით და არ გაჩუმებით. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ყოველდღიურ განვითარებაზე ვიფიქროთ და ვგრძნობდეთ ამას. რაც მთავარია, ჩვენი ინტერესებისთვის და სურვილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. საკუთარ თავზე მუშაობას ყოველთვის ყველაზე დიდი გამარჯვება მოაქვს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა ფაბერს უკავშირდება. გულახდილად გეტყვით, ვერ ვხედავ ვერც ახლო და ვერც შორეულ პერსპექტივაში ისეთ მომენტს, როცა შეიძლება რომ გავჩერდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ და სწორედ ეს მომწონს, ეს მხიბლავს ჩვენს საქმეში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარების მუდმივი შეგრძნება, მოთხოვნილება და შესაძლებლობა, რომ არასდროს გაჩერდე.