She’s Next | ქეთი ბოჭორიშვილი

ჩეხეთში, ამერიკასა და იტალიაში საერთაშორისო განათლების მიღების შემდეგ, ქეთი ბოჭორიშვილი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო ქვეყნის განვითარების პროცესში. სხვადასხვა პერიოდში, მისი საქმიანობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებსა და პროექტებს უკავშირდებოდა, როგორიცაა „ანაკლია სითი“; 7 წლიანი გამოცდილება ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებით: ტურიზმი, მეწარმეობის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა. მრავალწლიანი გამოცდილება, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელება და მომავალზე ორიენტირებულობა არის ის ფუნდამენტი, რაზეც „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ახალგაზრდა გლობალური ლიდერი – ქეთი ბოჭორიშვილი თავის გლობალურ ხედვებს აშენებს.

Forbes Woman Georgia და VISA ერთობლივი პროექტის, She’s Next ფარგლებში წარმოგიდგენთ ქეთი ბოჭორიშვილთან ინტერვიუს, რომელშიც ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებს, რაც მკითხველს დაეხმარება უკეთ გააცნობიეროს ის გამოწვევები, ბარიერები და შესაძლებლობები, რაც ქალ ანტერპრენერებს ელით საქმიანობის დაწყებისას.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა იყო მთავარი შთაგონების წყარო და მოტივაცია, რამაც გიბიძგათ ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების სფეროში ჩართვისკენ?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში, განვითარებისთვის აუცილებელ პროცესებში ჩართულობას უკავშირდება. როცა დავინახე განვითარებისა და სიახლეების საჭიროება, სწორედ მაშინ ჩავერთე ისეთ საქმიანობებში, რომელიც მომცემდა საშუალებას ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყნის წინსვლაში. ცვლილებებისკენ მისწრაფება, ჩემი ხასიათიდანაც გამომდინარეობს. თუმცა, ჩემთვის, ცვლილებებისთვის ბრძოლა არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ პირადი უზრუნველყოფით, მხოლოდ იმით, რომ მაგალითად, მქონოდა კარგი სახლი, უზრუნველყოფილი გარემო და ა.შ. მივხვდი, რომ ამ მიმართულებით ჩემი მოტივაცია, ბევრად ფართომასშტაბიანი იყო და გულისხმობდა ისეთი განვითარების ხაზის შექმნას, რომელიც სხვა ადამიანებს მოუტანდა სარგებელს.

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა მე პირველად, 15 წლის ასაკში მოვხვდი აშშ-ში. პირველად მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ხარისხიანი ცხოვრება, თუნდაც ყოფით საკითხებში – მივხვდი რას ნიშნავდა მუდმივი ელექტროენერგიის ქონა, წყლის ქონა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი მონაპოვარი და აღმოჩენა ხარისხიანი განათლება იყო. იქაურ საგანმანათლებლო ინსტიტუციებში მკაფიოდ იგრძნობოდა შეხედულებათა მრავალფეროვნება, არავის ეთაკილებოდა განსხვავებული აზრის გაჟღერება. ამან ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამომიმუშავდა უნარ–ჩვევა, რომ ნებისმიერ საკითხს სხვადასხვა კუთხით შევხედო.

90-იანი წლების ბოლოს, 17 წლისა დავბრუნდი ამერიკიდან და მახსოვს, პირველი რაც ვქენი – შევქმენი დოკუმენტი, რომელშიც იმ ცვლილებებზე ვწერდი, რაც სკოლაში უნდა განხორციელებულიყო. მივედი სკოლის დირექტორთან და ვუთხარი, რომ ამ ცვლილებებზე დაფიქრება და შემდეგ კოორდინირებული მოქმედება აუცილებელი იყო. შესაბამისად, სწორედ მოზარდობის პერიოდში ჩასახული ასეთი სენტიმენტები და მუდმივი სწრაფვა ცვლილებებისკენ და განვითარებისკენ იყო პირველი ფუნდამენტი, რომელზეც შემდეგ ჩემი სხვადასხვა საქმიანობა დაშენდა.

რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში ჩაერთოს, კონკრეტული გამოცდილებებიდან დასკვნები გამოიტანოს და, შესაბამისად, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლაში?

ჩვენ ძალიან მოქნილი ერი ვართ. თუკი მოვინდომებთ, შეგვიძლია საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ტემპი გვქონდეს. ამაზე მეტყველებს წარსულში განხორციელებული სწრაფი, ეფექტური და ფუნდამენტური რეფორმები, რომლის შედეგებიც ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციის მუშაობაზე თუ ერის კეთილდღეობაზე უკვე აისახა. განვითარების ის ეტაპი, რასაც მივაღწიეთ, ნამდვილად საამაყოა, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თვითკმაყოფილების და მოდუნების მიზეზი. გვჭირდება მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა, მეტი ფიქრი.

რაც შეეხება კონკრეტულ ინდივიდებსა და მათ წვლილს – უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. თუმცა, ერთი ჭეშმარიტება ნამდვილად შემიძლია მაგალითად მოვიყვანო – არარეალიზებული ინდივიდუალები ქმნიან გარემოს, რომელიც უიმედო კოლექტივში ითარგმნება. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პირადი წარმატება თუ კეთილდღეობა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არასტაბილურ გარემოში და ქვეყანაში ვიცხოვრებთ. შესაბამისად, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის და ზოგადად ყველას მისია უნდა იყოს ერთმანეთის წახალისება, მხარდაჭერა და მოქმედება, რათა მოხდეს ადამიანების მობილიზება და მათი რესურსების ფოკუსირება იმედისმომცემ მომავალზე.

ქვეყნის წინსვლისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების და კონკრეტული ადამიანების მოსმენა. მათ პრობლემებსა და იდეებზე დაკვირვება. დიდი იდეები, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებით განხორციელებული იდეები – კაბინეტებში არ იბადება. საკუთარმა გამოცდილებამ ესეც მასწავლა – ყველა პროექტის იდეა, რომელიც წარმატებით განმიხორციელებია, გამომსვლია ადამიანებთან კომუნიკაციის, ბიზნესებთან ურთიერთობის, რეგიონებში სიარულის შედეგად. მე მათ პრობლემებს ვუსმენდი, ამ პრობლემებს ვაჯგუფებდი და ფართომასშტაბიან გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომელიც პოზიტიურ ცვლილებას მოუტანდა არა ერთ კონკრეტულ პირს – არამედ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს. შესაბამისად, თითოეული ინდივიდუალისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვისაც საჭიროა კონკრეტული ამოცანის დასახვა და შემდეგ ყველა ინსტრუმენტის გამოყენება იმისთვის, რომ ამ საერთო მიზანს მივაღწიოთ.

რა სირთულეებსა და გამოწვევებს უკავშირდება თქვენი სამომავლო ხედვა, როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის წინსვლის კუთხით, ისე დამწყები პროფესიონალების განვითარებისა და რეალიზების მხრივ?

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება – უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორი ხედვა გვაქვს ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს, მაგალითად 5 წელიწადში, ან 10 წელიწადში? ამჟამად ყველანი ვცხოვრობთ უბრალო ყოველდღიურობით, ფაქტობრივად ინერციულად მივდივართ – გადარჩენის ინსტიქტით. ამას გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების თითოეულ ელემენტსა და ცხოვრების ზოგად ხარისხზე. დრო არ უნდა გაგვეპაროს. ესაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია ისეთ ინიციატივებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს და შედეგს მოგვცემს. უნდა შევქმნათ საერთო ხედვა, რომელიც ტონის მიმცემი იქნება ბიზნესისთვის და სახელმწიფოსთვის.

როგორც გამოცდილ პროფესიონალ ქალს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე იყო, მრავალი წინაღობის გადალახვა მოგიწიათ. იყო თუ არა ერთ-ერთი ასეთი წინაღობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია?

ჩვენ ირგვლივ, გენდერული სტერეოტიპები მრავლადაა. ჩემს სამუშაო გამოცდილებაში ყოფილა პროექტები, როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთავარ სადავეებთან ქალი მარტო მე ვმჯდარვარ. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებულად მირთულდებოდა იდეებისა და მოსაზრებების გატანა, მითუმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ნაწილობრივ, სურათი ახლაც ასეთია, ქალებს მუდმივად გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ჭკვიანური აზრები გვაქვს, კარგი იდეები გვაქვს და ამ იდეების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა გაგვაჩნია. როცა სტატიას გადავაწყდები, რომელშიც ქალები თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ, მათ შორის, ძალზედ გავლენიანი და ძლიერი ქალები, ხშირად მგონია, რომ ჩემს გამოცდილებაზე წერენ. მაშინ ვაცნობიერებ, რომ ეს პრობლემები ყველა ქალს აწუხებს. თუმცა, ასეთ წნეხში ყოფნას ავტომატურად რაღაც სიკეთეებიც მოაქვს, რადგან, მე პირადად, ამ გარემოებების გამო, მუდმივად ახალი გამოწვევების ძიებაში და მოქმედებაში ვარ. ერთ-ერთი პრობლემა ბიზნესში ქალის როლის მიმართულებით ისაა, რომ ტოპ მენეჯმენტში საკმარისად ბევრი ქალი არ არის წარმოდგენილი. შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ქალთა დასაქმების ზრდამ. მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ლიდერული როლების მიღწევისთვის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ მომენტს გავიხსენებდი – როცა კრისტინ ლაგარდს შევხვდით, მან გაგვიზიარა თავისი მიდგომა ქალთა გაძლიერების პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც ის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და კერძო კომპანიებს ხვდება, ეკითხება, თუ რატომ არ ყავთ ქალები სამეთვალყურეო საბჭოში. კომპანიების მხრიდან ხშირი პასუხია, რომ ისინი ვერ პოულობენ კომპეტენტურ ქალებს. ლაგარდს კი გამზადებული აქვს ქალთა სიები, რომელსაც ამ კომპანიებს სთავაზობს და ურჩევს, რომ ამ სიებში წარმოდგენილი ქალები დაასაქმონ. ამას იმის დასამტკიცებლად აკეთებს, რომ სურვილის ქონის შემთხვევაში, ცოტა ძალისხმევაა საჭირო, რომ ვიპოვოთ კომპეტენტური ქალი. მართლაც ასეა – როგორც კი მოვინდომებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ქალია – მრავალი შესაძლებლობით. შესაბამისად ჩვენი, როგორც ქალების ერთ-ერთი მისია ესეც უნდა იყოს – სხვა ქალების ხელშეწყობა და მათი დახმარება.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალ ანტერპრენერებს, ვინც ახლა აპირებს ბიზნესის ან სხვა საქმიანობის დაწყებას თავიანთ სფეროში?

მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაიზოგოს როცა საქმე სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას ეხება. საქმის ყველა მოზიარესთან და მოაზრესთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება და დეტალებზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის წარმოება უმნიშვნელოვანესია, რადგან ამის გარეშე ნებისმიერ პროექტს უამრავი ხარვეზი შეექმნება. პირადად ჩემი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მათ შორის წინაღობების წინასწარ ასაცილებლად, სწორედ ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაა ყველა დაინტერესებულ და ჩართულ აქტორთან.

პოსტ-პანდემიური პერიოდი გარკვეულწილად კარგ შესაძლებლობას მისცემს დამწყებ ქალ ანტერპრენერებს თავიანთ როლს მიაკვლიონ ახალ, შეცვლილ სამყაროში. შეიცვალა მომხმარებელი, მისი ქცევა, შევიცვალეთ ჩვენ, ყველა. შეიცვალა სამუშაო პირობები. უამრავი კომპანია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რაც ბევრი ქალისთვის დამატებით დაბრკოლებას ხსნის, რადგან თუ აქამდე სამუშაო სივრცეში ფიზიკური დასწრება ბევრ ქალს დაბრკოლებას უქმნიდა, ახლა ეს ბარიერი გარკვეულწილად ჩამოშლილია. პოსტ-პანდემიური პერიოდი ასევე გააჩენს ახალ პროფესიულ საჭიროებებს და მეტ შესაძლებლობას.

ჩვენ არ გვეპატიება ეს პერიოდი არ გამოვიყენოთ გლობალური ხედვის ჩამოყალიბებისთვის, გავიხედოთ შორს, ვიაზროვნოთ უფრო მასშტაბურად და განვსაზღვროთ თუ როგორ მოუტანს ჩვენი იდეები წარმატებას შეცვლილ ბიზნეს სექტორს, ქვეყნის ეკონომიკას და საზოგადების კეთილდღეობას.

რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები? რა მიზანი, რა ცხოვრებისეული ეტაპია თქვენთვის შემდეგი?

ბევრს ვფიქრობ მომავალზე, განსაკუთრებით იმ გაკვეთილებზე რაც პანდემიამ გვასწავლა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი საქმიანობითი ღერძი არ შეიცვლება – მე კვლავ ვიქნები ქვეყნის განვითარების პროცესებში მრავალმხრივ ჩართული.

 

რუბრიკა: Visa