ნულიდან მილიონებამდე: შერილ სანდბერგი

ამერიკელი ბიზნესვუმენი, მილიარდელი და ფილანტროპი შერილ სანდბერგი ლიდერისთვის დამახასიათებელი არაერთი თვისებით გამოირჩევა. დღეს ის ფეისბუქის მთავარი ოპერაციული დირექტორია, ასევე ის არის LeanIn.Org-ის დამფუძნებელი. 2012 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ფეისბუქის დირექტორთა საბჭოში აირჩიეს. ფეისბუქში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა Google-ში, სადაც გლობალური გაყიდვების და ოპერაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. Google-ში მუშაობის დაწყებამდე კი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო დეპარტამენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

Photo by Jolanda Flubacher

2012 წელს ის მოხვდა ჟურნალის „TIME“ ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში. 2019 წლის მონაცემებით, მისი ქონება 1.8 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. ის ფლობს წილს ფეისბუქსა და სხვა კომპანიებში. შერილი 1969 წელს დაიბადა ვაშინგტონში, ის წარმოშობით ებრაელია. მამამისი ოფთალმოლოგია, ხოლო დედა ფრანგულის მასწავლებელი. მისი ოჯახი ფლორიდაში გადავიდა მაშინ, როდესაც შერილი 2 წლის იყო. მან მაიამის უმაღლესი სკოლა დაამთავრა 1987 წელს.

1987 წელს შერილი ჰარვარდში ჩაირიცხა და ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მან John H. Williams-ის პრიზიც მოიპოვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო სტუდენტმა კურსზე. ამ პერიოდში სანდბერგმა დაარსა ორგანიზაცია „ქალები ეკონომიკასა და მთავრობაში.“ სწორედ ამ დროს შეხვდა იგი ლოურენს სამერს, რომელიც მისი მენტორი გახდა. პროფესორი იმდენად აღფრთოვანებული იყო სანდბერგის მონაცემებით, რომ ის მსოფლიო ბანკში აიყვანა სამუშაოდ, სადაც შერილი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კვლევების ასისტენტად და მისი ძირითადი სფერო ინდოეთთან ურთიერთობა იყო.

1993 წელს შერილმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა სწავლა და 1995 წელს მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. იმავე წელს მან მუშაობა McKinsey & Company-ში დაიწყო, თუმცა იქ მხოლოდ ერთი წელი დარჩა. შემდეგ 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ლარი სამერსთან ერთად აშშ-ის საფინანსო დეპარტამენტში. ამ პერიოდში აზიის ფინანსურ კრიზისის თემას განიხილავდა. შემდეგ Google-ში დაიწყო მუშაობა და მისი წყალობით, დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 4-დან 4000-მდე გაიზარდა.

Photo Credit: Drew Altizer

2007 წელს სანდბერგის კარიერაში კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, როდესაც ის მარკ ცუკერბერგს შეხვდა – დენ როზენვიგის საახალწლო წვეულებაზე მარკი მიხვდა, რომ შერილი იდეალური კანდიდატი იყო მისი კომპანიისთვის და 2008 წელს გარიგებაც შედგა. სანდბერგი მალევე მიხვდა, როგორ უნდა გაეხადა ფეისბუქი მომგებიანი. მანამ სანამ შერილი შეუერთდებოდა ჯგუფს, კომპანია მხოლოდ პროფაილების შექმნაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა 2010 წელს სანდბერგის ინიციატივით, მათ რეკლამებზე მუშაობაც დაიწყეს. დღეს შერილი ყურადღებას აქცევს გაყიდვების, მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, კომუნიკაციების სფეროებს. 2009 წელს სანდბერგი The Walt Disney Company-ს საბჭოს წევრიც გახდა, ის ასევე არის არაერთი ორგანიზაციის წევრი, მათ შორის Women for Women International, the Center for Global Development და V-day. შერილი იყო Starbuck-ის წევრი, ასევე Brooking Institution და Ad Council.

PHOTO BY STEFAN ROUSSEAU/PA IMAGES VIA GETTY IMAGES

2013 წელს მან პირველი წიგნი გამოაქვეყნა, სახელწოდებით Lean In: Women, Work, and the Will to Lead, სადაც ის საუბრობს ბიზნესზე, ლიდერობაზე, განვითარებასა და ქალების ნაკლებობაზე. წიგნი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა და მისი მილიონი ასლი გაიყიდა ერთ წელიწადში. სანდბერგმა მეორე წიგნი 2017 წელს გამოაქვეყნა, სათაურით Option B – ავტორი მასში იმ დაბრკოლებების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კარიერის დაგეგმვისას ვაწყდებით. ეს წიგნი ბევრად წარმატებული აღმოჩნდა და 2.75 მილიონი ასლი გაიყიდა. შერილი არის არაერთი კამპანიის ავტორი, ყველაზე ცნობილი კი არის Ban Bossy, რომელშიც ბიონსე, ჯენიფერ გარნერი და არაერთი ვარსკვლავი ჩაერთო.

შერილ სანდბერგი ფორბსის სიის განუყოფელი წევრია, როდესაც საქმე ძლიერ, დამოუკიდებელ და მებრძოლ ქალებს ეხება.  შერილი იერუსალიმის პოსტის „მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ებრაელების“ სიაში მე-8 ადგილს იკავებს. მან არამარტო კარიერის, არამედ ავტორობის გამოც მიიღო ჯილდო, ეს იყო Financial Times and Goldman Sachs Business Book of the Year Award 2013 წელს. ფორბსის მიხედვით, დღეს ის 22-ე ადგილს იკავებს იმ ქალთა შორის, რომლებმაც მილიონები თავიანთი შრომით შეაგროვეს. მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალად ითვლება მსოფლიოში.