sHEROes – გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია სტოკჰოლმში გაიმართება

„ქალები ომში“ – ღონისძიებების სერია, რომელიც ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობივი ფოტოწიგნის “sHEROes” წარდგენას ეძღვნება, სტოკჰოლმში, 2019 წლის 5-10 ოქტომბერს გაიმართება. 5 ოქტომბერს, გალერეა “Korn” ფოტოგამოფენის გახსნასა და წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს, 8 ოქტომბერს კი შედგება საჯარო შეხვედრა ავტორებთან. გამოფენა 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შვედეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, შვედეთის სამხედრო აკადემიის მაგისტრანტი, მარიამ ორჯონიკიძე და “Galleri Majkens”, მხარდამჭერები: საქართველოს საელჩო შვედეთში, საქართველოს მწერალთა სახლი, “Kvinna Till Kvinna” და “Iberia Travel”.

ორენოვანი – ქართულ-ინგლისური წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ 2018 წელს გამოსცა. 2018 წელსვე, საქართველოში ჩატარებული 7 გამოფენისა და პრეზენტაციის შემდეგ, “sHEROes”-ის წარდგენა ლიეტუვის პარტლამენტსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში შედგა.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბავია. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

“sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება. წიგნის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითრების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე სალაპარაკოდ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია.