ბავშვობაში ყველას გვიოცნებია, რომელიმე ზღაპრის პერსონაჟი ვყოფილიყავით. მაშინ ეს ყველაფერი თუ შეუძლებლად გვეჩვენებოდა, დღეს ორი მეგობარი, ორი მარიკა და ქართული სტარტაპი „შენია“ ამ ოცნებას ძალიან მალე აგიხდენთ.
ვებ-პლატფორმა www.shenia.com-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შექმნას არა მხოლოდ პერსონალური წიგნი ბავშვისთვის, არამედ ფასდაუდებელი საჩუქარი, რომელიც ერთი მხრივ ბავშვს სამახსოვროდ დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე და ამავდროულად ეხმარება მშობლებს მოამზადონ შვილები ცხოვრების ყოველი ახალი ეტაპისთვის. წარმოგიდგენთ ინტერვიუს „შენია-ს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მარიკა წულუკიძესთან.
უფრო კონკრეტულად რომ უთხრათ მკითხველს, რა არის თქვენი სტარტაპი და ვისთვის არის ის განკუთვნილი?
„შენია“ ეს არის ჯადოსნური სამყაროს კარიბჭე – ვებ-პლატფორმა, სადაც 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის პერსონალური წიგნის შექმნა არის შესაძლებელი. ბავშვი ხდება ზღაპრის მთავარი გმირი. „შენიას“ ზღაპრების საშუალებით პატარა იძენს ახალ უნარებს საკუთარი ემოციური გამოხატვის საშუალებით. სწავლების ეს ინოვაციური მიდგომა ეფუძნება პირადი გამოცდილებით მიღებულ ცოდნას. ზღაპრების შექმნა ამ დროისთვის ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზეა შესაძლებელი. ალბათ იკითხავთ როგორ? პირველ რიგში მშობელი უნდა გვესტუმროს ჩვენს ვებ-გვერდზე www.shenia.com და შეარჩიოს თემის მიხედვით ზღაპარი. შემდეგ, ვებ-გვერდზე გამოყოფილ ადგილას წერენ ბავშვის სახელს და არჩევენ მთავარი გმირის პერსონაჟს, რომელიც გარეგნულად მეტად წააგავს პატარას. შეუძლიათ სამახსოვროდ პერსონალური მიძღვნაც დაუწერონ ბავშვს, რაც წიგნის პირველ გვერდზე უცვლელად დაიბეჭდება. სხვა წიგნებში ასევე გვაქვს პერსონალიზების დამატებითი შესაძლებლობა, მაგალითად, დაბადების დღის წიგნში ბავშვის დაბადების წელი, ასაკი და მისი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების სახელების ჩაწერაც არის შესაძლებელი. ზღაპრის შექმნის დასრულებისთანავე მშობლები ვებ-გვერდზე შეძლებენ ანგარიშსწორებას. ჩვენ კი წიგნებს დავბეჭდავთ და შეკვეთიდან 3-5 სამუშაო დღეში მითითებულ მისამართზე მივუტანთ.
ზღაპრები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზეა დაწერილი: მეგობრობა, თანაგრძნობა, ზრუნვა, სიყვარული, დახმარება, ემპათია. მოთხრობის ცენტრში მყოფი ბავშვი ადვილად ითავისებს ამ ძირითად ფასეულობებს, რომელზეც უნდა დაშენდეს მისი მომავალი.
როგორ დაიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა, რა იყო თქვენი ინსპირაცია და რა ეტაპები გაიარეთ დღევანდელ დღემდე?
ჩვენ ვცდილობთ მშობლებს ჩვენი პროდუქტით დავეხმაროთ ბავშვის აღზრდაში ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ბედნიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი ბავშვის აღზრდა ჩვენი, მშობლების მთავარი მიზანია.
ინსპირაციის წყარო კი ჩვენი ბავშვები: მაშო და ნიკუშა იყვნენ. თავიდან ერთმანეთს ვუზიარებდით პირად გამოცდილებას ბავშვის აღზრდასა და მშობლობის გამოწვევებზე. შემდეგ კი მოვიფიქრეთ ფორმა, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც მშობლების ასევე პატარებისთვის.
რა სირთულეებს და ბარიერებს წააწყდით სტარტაპზე მუშაობისას?
ყველაზე მეტად გამოვყოფდი სირთულეებს, რაც გამოუცდელი და რესურსშეზღუდული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, არ არის საბეჭდი ქაღალდის დიდი არჩევანი, რთულია ხარისხის შენარჩუნება. როცა სტარტაპერი ხარ, უმეტესწილად როგორც გამოუცდელ და ექსპერიმენტულ ობიექტს ისე გიყურებენ, ნაკლებად პრიორიტეტული ხარ. ალბათ ფიქრობენ, რომ ეს პროდუქტი არ იმუშავებს, თუმცა ჩვენი პარტნიორი კომპანიების შემთხვევაში, ვისთანაც საბოლოოდ შევჯერდით და ვთანამშრომლობთ პირველი დღიდანვე ხელშეწყობას ვგრძნობთ საქმით, რასაც ძალიან ვაფასებთ.
როგორ გესახებათ თქვენი სტარტაპის განვითარება მომავალში და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
გლობალიზაცია არის მიზანი, სწრაფვა და წარმატების გარანტი. ჩვენი ბაზარი სამწუხაროდ არ არის მასშტაბირებადი არც რაოდენობრივად და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს თავიდანვე ვიცოდით და ყოველთვის ვფოკუსირდებოდით, როგორ გვექცია „შენია“ საერთაშორისო ბრენდად. თუ დღეს „შენია“ 10 წლამდე ბავშვებისთვის ქმნის პერსონალურ საბავშვო წიგნებს, მომავალში ვგეგმავთ ახალი პროდუქტების დამატებას, მათ შორის: პერსონალური სათამაშოები, აქსესუარები და საბავშვო ტანისამოსი. ასევე, ვფიქრობთ, შევქმნათ პერსონალური წიგნები დიდებისთვის, რადგან მომხმარებელმა არაერთგზის გამოთქვა ამის სურვილი.
რა რჩევებს მისცემდით სხვებს, ვისაც სურთ საკუთარი სტარტაპის წამოწყება?
ბევრი რამ შეიძლება ურჩიო დამწყებ სტარტაპერებს, მაგრამ მგონია რომ ეს ოთხი უმთავრესია:
- არ გადადონ ხვალისთვის იდეების განხორციელება და იმოქმედონ დღესვე. ახსოვდეთ რომ ნამდვილი მეწარმე არ ოცნებობს, ის საქმეს აკეთებს!
- სტარტაპი დროითი რესურსის 80%-ს ან მეტსაც მოითხოვს. ამ რთული გზის გავლას კი შეძლებენ იმ შემთხვევაში, თუ სჯერათ რომ საქმე, რომელსაც შეეჭიდნენ ძალიან მაგარია. მაგარი საქმის კეთება კი მისი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
- არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდნენ. შეცდომებს აუცილებლად დაუშვებენ, მტკივნეულიც იქნება, მაგრამ ყოველი დაცემა სწავლებას ნიშნავს და ეს შესაძლებლობა სწორედ უნდა გამოიყენონ.
- და ბოლოს, ჰკითხონ მომხმარებლებს, რა უნდათ მათი პროდუქტისგან, თვითონ ნუ გადაწყვეტენ მომხმარებლის ნაცვლად.
როგორ შეაფასებდით თქვენი სტარტაპის მასშტაბირებადობას – რა ტიპის მოთხოვნა არსებობს ბაზარზე მის მიმართ?
საჩუქრების ტენდენციებს თუ დავუკვირდებით, დღეს საჩუქრების გამჩუქებლები მიდრეკილნი არიან ეძებონ უნიკალური და დასამახსოვრებელი საჩუქრები. პერსონალიზაცია კი უპირობო საშუალებაა გამორჩეული საჩუქრების შესაქმნელად, რაც ავითარებს და აჩენს ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს.
მოგვიყევით თქვენზე – რა უპირატესობას განიჭებთ სტარტაპის განვითარებისას თქვენი გამოცდილება და განათლება?
ჩვენ ვართ მეგობრები – ორი მარიკა. ჩვენი მეგობრობა 2000 წელს დაიწყო, როცა ორივე ჯეოსელში ვიყავით დასაქმებული. ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავთ რომ გამოცდილება, რაც ამ კომპანიაში მუშაობისას მივიღეთ, ფასდაუდებელი იყო იმ დროისთვის, რადგან ქვეყანაში მარკეტინგისა და მარკეტერის ცნება საერთოდ არ არსებობდა. ძალიან გაგვიმართლა რომ საჭირო ადგილას აღმოვჩნდით. მულტიკულტურულ კორპორაციულ გარემოში მუშაობამ გვასწავლა ისიც, რომ ადაპტაცია ბაზრების სპეციფიკიდან გამომდინარე გარდაუვალია. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, პრაქტიკული გამოცდილება თეორიული ცოდნით შევივსეთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ის სამაგისტრო პროგრამით, მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით. არაერთი ტრენინგი გვაქვს გავლილი და ძალიან საინტერესო მასშტაბური პროექტი განხორციელებული. მთავარი გაკვეთილი ჩვენი გამოცდილებიდან არის ის, რომ წარმატებისთვის საჭიროა გარშემო შემოიკრიბო ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლის იდეით არიან შეპყრობილები.
როგორ ახერხებთ პანდემიის პირობებში მუშაობას?
ჩვენი პროდუქტი თავიდანვე ციფრული პლატფორმა იყო, ამიტომ პანდემიის პირობებში არ დადგა გაციფრულების საჭიროება, თუმცა ეკონომიკური კრიზისი ცხადია ჩვენზეც აისახა. ჩვენ ძირითადად ვეძებთ, ვცდით და ვპოულობთ ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციისა და გაყიდვების ახალ არხებს. შევცვალეთ კომუნიკაციის ფორმა და სიხშირე, მონაწილეობა მივიღეთ USAID–ის მიერ დაფინანსებულ აქსელერაციის საგრანტო პროგრამაში Georgian Women in Tech, სადაც გავიმარჯვეთ და თებერვლიდან 6 თვიანი ინტენსიური სწავლების კურსშიც ჩავერთეთ. მოლაპარაკება გვქონდა და ახლაც მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან, რათა კომპანიამ არ შეწყვიტოს განვითარება და ახალი რესურსებით მოახდინოს მასშტაბების გაზრდა. ვმონაწილეობთ ასევე სხვადასხვა საგრანტო პროექტებში და იმედი გვაქვს, რომ მოვიზიდავთ თანხებს, რომელთა საშუალებით არაერთ CSR პროექტს განვახორციელებთ, რაც ასე სჭირდება მსოფლიოს, რომლის ნაწილიც არის საქართველო.