Forbes Woman-ში მას საქართველოს ელჩი ვუწოდეთ, მერე რა რომ კარიერული დიპლომატი არ არის?! თქვენც ასე იფიქრებთ, მას შემდეგ, რაც მის ახალ წამოწყებას გაეცნობით. ეს წამოწყება იტალიაში, კერძოდ, მილანში პირველი ქართული რესტორანი „გეამაა“, რომელიც მხოლოდ რესტორანი არ იქნება და არც მხოლოდ იტალიაში.
მაშ ასე, გაიცანით, ანტრეპრენერი და მარკეტერი ირინა შენგელიძე.
სწავლას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყებს, საერთაშორისო სამართალს ირჩევს, შემდეგ იგივე მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, მერე უკან თბილისში ბრუნდება და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში სტაჟირებას გადის. ამის შემდეგ მის ბიოგრაფიაში კავკასიის ბიზნესის სკოლა შემოდის, აქ ირინა იურისტად იწყებს მუშაობას. ვინაიდან მუდმივად სიახლეებს ეძებს და ცოდნის გაღრმავება მისი პრიორიტეტია, ისევ სასწავლებლად და ამჯერად მაგისტრის ხარისხის მისაღებად იტალიაში მიდის. ეს დროში იმ პერიოდს ემთხვევა, როცა დარწმუნდა, რომ იურისპრუდენცია მისი საქმე არ იყო, რადგან რეალიზაციისთვის მეტი სივრცე სჭირდებოდა, ერთდროულად ბევრი სფერო და ბევრი საქმე აინტერესებდა. ერთ-ერთი ასეთი მოდის ინდუსტრია იყო, ამიტომაც მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქად წოდებულ მილანის ბრიტანულ უნივერსიტეტში “European School of Economics” ორი წელი ისწავლა. ეს ის დროა, როცა ირინამ იტალიური ენა ჯერ არ იცოდა. აქ ქართველი სტუდენტის აკადემიური დირექტორი სტეფანო კორდერო დი მონტეზემოლო იყო, რომლის სახელიც წლების განმავლობაში იტალიური სპორტული მანქანების კომპანია „ფერარის“ უკავშირდებოდა, ხოლო კამპუსის ყოფილი დირექტორი ‒ მერი ნარენცო. ირინა გვიყვება, რომ არასოდეს დაავიწყდება მათი მხარდაჭერა და სულ ახსოვს მერის სიტყვები: „ირინა, გახსოვდეს, შენ ძალიან დიდი მომავალი გაქვს!“.
ასეც მოხდა, ის რაც ბევრისთვის ოცნების ნაწილი იყო, ირინამ რეალობად აქცია და სტაჟირების დასრულების შემდეგ, მუშაობა იტალიურ კომპანია Società Italia-ში დაიწყო, რომელიც მოდის სფეროს ოცზე მეტ ბრენდს აერთიანებს. “Società Italia”-ს მის ცხოვრებაში “share diaries” ცვლის, მილანს ‒ მონაკო. ციფრული მარკეტინგის სფეროში აგრძელებს კარიერას და ასე ამყარებს კავშირებს მოდის, კინოს ინდუსტრიისა და სპორტის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებთან. მისი საქმე ხომ ინვესტორებთან და მათთან კომუნიკაცია იყო. ორი წლის თავზე პარტნიორებთან ერთად საკუთარ კომპანიას აფუძნებს, რომელიც დღემდე ეძებს ინოვაციურ იდეებს, პროექტებს, აკავშირებს ადამიანებსა და კომპანიებს ერთმანეთთან და ეხმარება მათ ინვესტორის მოძიებაში.
რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ყოველთვის რჩება დრო ახალ იდეებსა და პროექტებზე ფიქრისთვის, ასეა ახლაც. ამბობს, რომ მორიგ საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივას შეეჭიდა და გვპირდება, რომ ამ პროექტის შესახებ პირველებს ჩვენ მოგვიყვება, ოღონდ ‒ მოგვიანებით.
ახლა „გეამას“ დროა, იტალიაში პირველი ქართული რესტორნის, რომელიც მხოლოდ რესტორანი არ იქნება…
რესტორნისა და ლაუნჯ კონცეპტის იდეა გააერთიანა და კომპანია “Gheama” 2019 წელს დააფუძნა. აქ ირინას პარტნიორები მისი რესტორატორი მეუღლე რიკარდო დე ვიკარი და მისი დიდი ხნის მეგობარი ტონი ტუდინო არიან. ტუდინო წლების მანძილზე ირინას ბიზნესპარტნიორია. მის სახელს უკავშირდება ინვესტიციები გლობალურად დამკვიდრებულ 17-ზე მეტ წარმატებულ ბიზნესსა და კომპანიაში, მსოფლიოს მასშტაბით 6 ქვეყანაში და ოფისებით მონაკოსა და დუბაიში, ამ ბიზნესების წლიური შემოსავალი 1 მლრდ ევროს აღემატება. ტონი ტუდინო Global Equity-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია.
„ნებისმიერი პროექტის იდეას, პირველ რიგში, მას ვუზიარებ, რადგან მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ძალიან მოეწონა, მისი თანამონაწილე ან სულაც ინვესტორი ხდება. ძალიან დიდი ფუფუნებაა გყავდეს ასეთი გამოცდილი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი“.
ირინას მეუღლეს სარესტორნო ბიზნესში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, თანაც არაერთი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისმოყვარე და ენერგიული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგზაური. მისი გონებაგახსნილობა და ფილოსოფიური შეხედულებები ყველას უბიძგებს მოგზაურობისკენ, ცხოვრების აზრის ძიებისთვის. ექსტროვერტი, ოპტიმისტი და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანი, რომელსაც მოსწონს ცვლილებები. ახლა მას მოგზაურობის გარდა უყვარს ქართული კულტურა, კერძები და ღვინო. იტალიაში ქართულ საქმეს სწორედ ეს სამეული გააკეთებს ‒ ირინა, რიკარდო და ანტონიო.
რიკარდო ირინამ ესპანეთში, იბიცაზე გაიცნო და მას შემდეგ სამი წელია მილანის პარალელურად ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულზეც ცხოვრობს. როცა მას პირველად ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა, ოცწლიანი გამოცდილების მქონე რესტორატორმა მაშინვე თქვა, რომ იტალია მას დიდი სიამოვნებით მიიღებდა. რიკარდოს რეაქციას მუშაობის დაწყება მოჰყვა. ზოგადად, იტალიაში პირველი ქართული რესტორნის გახსნის იდეა ირინას დიდი ხნის წინ ჰქონდა, თუმცა მაშინ ფიქრობდა, რომ ეს ადრე იყო იტალიისთვისაც და საქართველოსთვისაც.
„ახლა, როცა ასეთი პოპულარულია ტრადიციული კერძები, როცა ასე დაიხვეწა მათი ვიზუალური მხარე, ჩავთვალე, რომ ზუსტად ის დრო მოვიდა, როცა შემეძლო საჭირო ადამიანების პოვნა, მათი ვისაც აქამდე ვერ ვპოულობდი“.
კოვიდპანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ირინამ და რიკარდომ შემთხვევით შეიტყვეს, რომ იყიდებოდა ადგილი, სადაც იტალიაში პირველი იაპონური რესტორანი Finger’s მდებარეობდა. ამ პოპულარული რესტორნის მეპატრონეები რობერტო ოკაბე და ცნობილი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი იყვნენ. დღეს Finger’s მსოფლიოში პოპულარული ქსელია, რომელიც რამდენიმე რესტორანს, მილანის გარდა, მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც ფლობს.
„ძალიან დიდი ხანია ამ სარესტორნო ქსელის ხშირი სტუმარი ვარ. იმდენად მხიბლავდა ეს ადგილი, გარემო, რომ ხშირად მიოცნებია მისი მეპატრონე ვყოფილიყავი. ბუნებრივია, როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ მისი გაყიდვის შესახებ, სასწრაფოდ ჩამოვფრინდით იბიცადან და გადაწყვეტილებაც, რომ პირველი ქართული რესტორანი მილანში სწორედ ამ ადგილას, პორტა რომანაზე, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ დუომოს მოედანთან ახლოს უნდა განთავსებულიყო, მყისიერად მივიღეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Finger’s-ის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით, რობერტო ოკაბეს მხარდაჭერისთვის“.
მასშტაბური შენაძენიც ზუსტად კოვიდპანდემიის დაწყებისას გააკეთეს. კოვიდპანდემიამ რესტორნის გახსნის გეგმები შეცვალა, თუმცა ირინა თვლის, რომ ამას დადებითი მხარეც აქვს, ეს დრო პროექტზე უკეთ მუშაობისთვის გამოიყენეს და მას ბევრი ისეთი დეტალი შესძინეს, რომელზეც მანამდე არც უფიქრიათ.
„რისკები ძალიან მიყვარს, სულ ამბიციურ პროექტებს ვეჭიდები. ვფიქრობ, რომ მილანში ან უნდა დაიწყო ამბიციურად, ან საერთოდ არაფერი გააკეთო“.
ირინა ამბობს, რომ მისი რესტორანი მილანში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება. არქიტექტურაზე იტალიელმა არქიტექტორმა ივო მარია რედაელიმ (Studio di Architettura e Ingegneria Redaelli e Associati) იმუშავა. რაც შეეხება დიზაინს, რამდენიმე წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან კომუნიკაციის შემდეგ, არჩევანი ქართულ კომპანია “Rooms Studio”-ზე შეაჩერეს. ინტერიერში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველაფერი ქართული იქნება, ბუნებრივია, ქართული შტრიხებით. ირინა ამბობს, რომ მისი რესტორნის სტუმრებს ექნებათ განცდა, რომ მუზეუმში არიან. გვიყვება, რომ დიზაინი ზუსტად ისეთია, როგორიც მას და რიკარდოს წარმოედგინათ.
რესტორნის თანამშრომლების ჩაცმულობაზე ქართველი დიზაინერები იზრუნებენ, რომელიც სეზონურად შეიცვლება, პირველი კი ამ სიაში „ელიას მოსილია“.
ქართულ რესტორანს ქართველი შეფი სჭირდებოდა, მის შესარჩევად პარტნიორები თბილისში ჩამოვიდნენ, დააგემოვნეს ყველა პოპულარული სამზარეულო და არჩევანი ლევან კობიაშვილზე გააკეთეს. ირინა ამბობს, რომ კობიაშვილის გემოები ზუსტად ისაა, რასაც ეძებდნენ. შეფი იტალიაში წაიყვანეს და გეგმები ადგილზე გააცნეს.
„მილანში იმდენად უყვართ საქართველო, ქართული სამზარეულოც დაგემოვნებული აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი რესტორანი პოპულარული იქნება“.
რესტორნის სახელიც შეფთან საუბრისას დაიბადა. ირინა გვეუბნება, რომ „გეამა“ იტალიისთვისაც ლამაზად ჟღერს და მარტივად დასამახსოვრებელია. „გეამა“ ჯერ გახსნილი არ არის და მის შესახებ ყველა ცნობილ იტალიურ გაზეთში უკვე დაიწერა, ნარატივით, რომ დადგა დრო და იტალიაში ქართული სამზარეულო ჩადის. ირინა ამბობს, რომ მათ რესტორანს მილანში უკვე ყველა ელოდება, ამას ადგილობრივი მედიის განსაკუთრებული ინტერესიც ადასტურებს.
ქართული გემოები იტალიაში სექტემბერში გამოჩნდება, მანამდე შეფი ლევან კობიაშვილი სამზარეულოს ააწყობს. ახლა მალე ისიც გაირკვევა, ვის ანდობს კობიაშვილი ქართულ რესტორანს. „გეამაში“ ქართველი იქნება დარბაზის მენეჯერიც, იტალიაში ცხოვრებისა და ენის ცოდნის მრავალწლიანი გამოცდილებით. ვინაობა გახსნამდე საიდუმლოა. პარტნიორებმა ჩათვალეს, რომ ქართულ რესტორანს იტალიელი ან ფრანგი სუშეფი სჭირდება, ქართული კერძის ევროპული იერსახისთვის. აქ სტანდარტები და ხარისხი პრიორიტეტულია. სამომავლოდ, სეზონურად, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი შეფების მოწვევას და მათ შეფთან კოლაბორაციით სხვადასხვა კერძების მომზადებასაც გეგმავენ.
„მკაცრად ვარჩევთ გუნდს, თითოეული მათგანი უნდა იყოს ძალიან გამოცდილი. გვინდა, რომ ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა აიღოს ისეთივე პასუხისმგებლობა ამ საქმეზე, როგორიც მე და ჩემს ბიზნესპარტნიორებს გვაქვს აღებული. ჩვენ ადგილზე ვიქნებით თუ არა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებს და სტუმრების უმაღლესი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფს“.
„გეამაში“ კერძების გარდა სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებენ. ირინამ ქვევრის ღვინო შეარჩია და ღიაა სხვებთან თანამშრომლობისთვისაც. მზად არის იტალიაში წაიღოს ქართული ლიმონათი, კონიაკი. ამბობს, რომ ყველაზე მთავარი ხარისხია, სხვა ყველაფრის მენეჯმენტს საკუთარ თავზე იღებს. ახლა აქცენტი მცირე წარმოებებზე გააკეთა, დარწმუნებულია, რომ მაღალი ხარისხის მეშვეობით ეს მიდგომა გაამართლებს.
„ქართული სამზარეულო იქნება ჩვენი დიდი პროექტის ერთი ნაწილი. „გეამას“ საშუალებით ვეცდებით გავაჩინოთ შანსი, ჩვენმა სტუმრებმა უკეთ გაიცნონ საქართველო. ეს იქნება სივრცე მხატვრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისთვის“.
მიზანი კი იმაზე დიდია, ვიდრე უბრალოდ წარმატებული ბიზნესი, ირინას უნდა, რომ ადამიანები იტალიაში ქართული გემოების მიღმა, ქართულ კულტურასაც ეზიარონ.
„გეამა“ სტუმრებს ლაუნჯის კონცეფციასაც შესთავაზებს. რესტორანი უმასპინძლებს სხვადასხვა დანიშნულების ღონისძიებებს, გამოფენებს, მოდის კვირეულებს. ირინამ უკვე იცის, რომ გამორჩეული დიზაინის წყალობით რესტორანი გადაღებებისთვის, ყველასთვის სასურველი ადგილი იქნება.
„გეამას“ დარბაზი 120 სტუმარზეა გათვლილი. რესტორნის კონცეფცია საპატიო სტუმრებისთვის კლუბის წევრობის შესაძლებლობას გულისხმობს. ირინა ამბობს, რომ მზად არიან ასეთი 200 წევრი ჰყავდეთ.
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ირინა მილანით გაჩერებას არ აპირებს. „გეამა“ და შესაბამისად, ქართული გემოები იქნება რომში, იტალიის მიღმა კი, ესპანეთსა და ბრიტანეთში. ცხადია, იგივე სტანდარტებით, ანუ „გეამა“ იქნება ქართული რესტორნების ქსელი მსოფლიოში.
„12 წელია იტალიაში ვცხოვრობ. ის ჩემთვის ნამდვილად მეორე სახლია. აქ ჩამოვყალიბდი, გავიზარდე პროფესიულად. იტალიაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ვფიქრობ, როგორც მე ვუყვარვარ მათ, ეს ადგილიც ყველას ისე შეუყვარდება“.
ევროპიდან ჩანს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც თავადაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანას სწორედ აქედან დაეხმაროს. ამბობს, რომ იქ მეტი ძალა და შესაძლებლობები აქვს. საქმეს, რომელსაც ახლა იწყებს მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციაშიც შეიტანს წვლილს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ირინა შენგელიძე ჩვენი ქვეყნის ელჩია, რომლის სამიზნე ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა.
„მიმაჩნია, რომ მსოფლიო რუკაზე, საქართველოს, როგორც ქვეყნის პოზიციონირების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ქართული ღვინო და სამზარეულოა. სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, იქცეს ევროპელი ტურისტების საყვარელ ადგილად. ჩემი დიდი მიზანიც ის არის, რომ ხელი შევუწყო ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. ხშირად, ქართულ რესტორნებს სხვადასხვა ქვეყნებში, თითქოს ისევ ქართველები და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები სტუმრობენ, ჩემი სამიზნე კი ევროპაა. ყველაფერს გავაკეთებ და ყველას დავუმტკიცებ, რომ საქართველო იმსახურებს იყოს იმაზე მეტად ცნობილი და საინტერესო მსოფლიოსთვის, ვიდრე ის დღეს არის“.