She Is PepsiCo: გამოწვევებთან თამაში

ბიზნეს სამყაროში, სადაც ინოვაცია და მრავალფეროვნება უმთავრესია, წარმატებული ქალი ლიდერების ისტორიები შთაგონებისა და წარმატების წყაროს წარმოადგენს. საერთაშორისო ბრენდმა, PepsiCo-მ გლობალური ინიციატივის ფარგლებში წამოიწყო კამპანია She is PepsiCo, რომელიც წარმოებაში, ლოგისტიკასა და კომერციულ ფუნქციებში წარმატებული ქალი ლიდერების ისტორიებს გვაცნობს.
ქეთევან შამუგია – პირველადი ტრანსპორტირების მენეჯერი კავკასიაში

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და რა არის თქვენი ამჟამინდელი პოზიცია კომპანიაში?

PepsiCo-ში მუშაობა 2013 წელს დავიწყე, ამჟამად კი კავკასიის რეგიონში პირველადი ტრანსპორტირების მენეჯერის პოზიციას ვიკავებ.

რა დაგეხმარათ კარიერულ ზრდაში?

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემთვის მნიშვნელოვან ორ ფაქტორს: პირველი ეს არის თეორიული ცოდნის ამაღლება – კომპანია დასაქმებულებს ონლაინ კურსებს სთავაზობს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიო ბიზნეს ლიტერატურის  გამორჩეული გამოცემები.  რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეს უდავოდ გუნდია – ჩემთვის, როგორც გუნდის წევრისთვის გარდამტეხი როლი ჩემმა  ხელმძღვანელებმა ითამაშეს, ვისგანაც ყველაზე ფასდაუდებელი ჩვევები და უნარები ვისწავლე და გამოვიმუშავე.

როგორ ეხმარება, თქვენი, როგორც პირველადი ტრანსპორტირების მენეჯერის როლი კომპანიას გენდერული თანასწორობის პროგრამის მიზნების მიღწევას?

ტრანსპორტი და ლოგისტიკა, წლების განმავლობაში აღიქმებოდა როგორც სფერო, სადაც გენდერული ბალანსი ყველაზე ნაკლებად იყო დაცული. 2018 წლის მონაცემებით, სატრანსპორტო ბიზნესში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 30%-მდე გაიზარდა. მე, როგორც მენეჯერს, რომელიც მართავს მრავალეროვან გუნდს  და შეხება აქვს სატრანსპორტო სერვისის გამწევ უამრავ კომპანიასთან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალთა ჩართულობა ბიზნესის ამ მიმართულების განვითარებაში ფასდაუდებელია  და სწორედ ამიტომ  ჩემი გუნდის 50% სწორედ ქალებითაა დაკომპლექტებული.

რა გამოწვევებს ხვდებით, როგორც პირველადი ტრანსპორტირების ქალი მენეჯერი და როგორ უმკლავდებით მათ?

PepsiCo-ში ჩემი მოგზაურობის დასაწყისში საკმაოდ სწრაფად და მკაფიოდ გამოჩნდა ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა. იმ დროისთვის ლოგისტიკის დეპარტამენტი სრულად მამაკაცებით იყო დაკომპლექტებული, მე კი გუნდში ერთადერთი ქალი ვიყავი. პირველი გამოწვევაც, ადგილის დამკვიდრების სირთულის სახით, სწორედ მაშინ გაჩნდა. ეს არ იყო მარტივი გზა, თუმცა იყო საინტერესო და ალბათ ყველაზე დიდი გაკვეთილი. როგორ შევძელი? – სწორედ კომპანიაში არსებულმა ინკლუზიურმა გარემომ და საკუთარი თავის რწმენამ მომცა ძალა მიმეღწია დიდი წარმატებისთვის.

მაია გოგილაშვილი – ხარისხის ცენტრის მენეჯერი საქართველოში

შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა როლი გაქვთ კომპანიაში და როგორ ეხმარება თქვენი საქმიანობა PepsiCo-ს მიზნების მიღწევაში?

კომპანიაში ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციას ვიკავებ. ჩემს მისიას უვნებელი და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. პროფესიით კვების პროდუქტების ექსპერტი ვარ, რაც იმ საფრთხეების იდენტიფიცირებაში მეხმარება, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას საწარმოო პროცესების მიმდინარეობისას.

როგორ უზრუნველყოფთ პროდუქტის ხარისხს PepsiCo-ში?

საფრთხეების სწორი იდენტიფიცირების გზით ვახდენთ რისკების შეფასებას და რისკის შემცირების მიზნით მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებას, რაც უვნებელი სურსათის წარმოებას უზრუნველყოფს.

რა არის თქვენთვის, როგორც PepsiCo-ს ხარისხის ცენტრის მენეჯერისთვის განსაკუთრებული კმაყოფილების მომტანი?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გუნდის მხარდაჭერის, წახალისების, მოტივირებისა და გუნდურობის ხელშეწყობა.

რას აკეთებს PepsiCo იმისათვის, რათა უზრუნველყოს ქალი თანამშრომლების მუდმივი სწავლებისა და განვითარების ხელშეწყობა?

კომპანია ხშირად აწყობს ვებინარებს, ექსპერტებთან კონსულტაციებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს. გარდა ამისა, ტარდება საინტერესო პროექტები, რომლებიც ხელს გვიწყობს და გვიბიძგებს მუდმივი გაუმჯობესებისაკენ.

როგორ ხედავთ თქვენს მომავალს PepsiCo-ში?

ვფიქრობ, PepsiCo ის კომპანიაა, სადაც მუდმივი განვითარება და მრავალი წლის მანძილზე წინსვლა მუდმივად შესაძლებელია.

თამარ გიუნაშვილი –  კლიენტთა კოლაბორაციის სუპერვაიზერი კავკასიაში

რა უნიკალური სამუშაო სტილი გაქვთ თქვენ, როგორც ქალს, თქვენს პოზიციაზე?

კლიენტთა კოლაბორაციის გუნდი საქართველოში წელს ჩამოყალიბდა და წარმოადგენს კლიენტისათვის საიმედო საყრდენს. ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემა თუ საკითხი, ერთი ფანჯრის პრინციპით  იმართება, სადაც გამოცდილი და კომპეტენტური პროფესიონალთა გუნდი სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს. საქართველოში ასეთი გუნდის მხარდაჭერის პრაქტიკა ჩვენს კლიენტებს სხვა მომწოდებლებისგან ჯერჯერობით არ აქვთ. ჩვენი გუნდი მოწინავეა ადგილობრივ ბაზარზე ამ მიმართულებით.

ჩემთვის, როგორც ქალისთვის მნიშვნელოვანია კლიენტებთან დაკავშირებული საკითხების მათეული ხედვის აღქმა და მისი ობიექტური, 360°-ით შეფასება, ვინაიდან სწორად დასმული ამოცანა უკვე სანახევროდ მიღებული პასუხია. მეორე მხრივ, კლიენტის მოცემულობის ძირფესვიანი ანალიზი და ლოგისტიკაში მიღებული გამოცდილება მაძლევს საშუალებას ადეკვატურად შევაფასო მდგომარეობა და შესაბამისი მიმართულება მივცე მოვლენათა განვითარებას საჭირო შედეგის მისაღებად.

კომპანიის რომელი ხედვა და ღირებულებები გეხმარებათ პროფესიულ ზრდაში?

ჩემთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ადამიანური ღირებულებებია. ჩვენთან მიზანი არ ამართლებს საშუალებას. მიზანი უნდა იყოს მიღწეული ყოველთვის ღირსეული, გამჭვირვალე გზით, კორპორაციული და ადამიანური ღირებულებების გათვალისწინებით, რაც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თითოეული სირთულის გადალახვამ შემძინა გარკვეული გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გაკვეთილი თუნდაც ყველაზე წარუმატებელი საქმის შესრულებით.

კარიერაში ყველაზე ქმედითი ნაბიჯები მაშინ გადავდგი, როცა ჩემი შესაძლებლობების ვირწმუნე. ამიტომ პირველ რიგში ადამიანს უნდა ჰქონდეს თავდაჯერებულობა და სიმხნევე, მიზანი და მზაობა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა.

პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ენთუზიაზმი. ყოველ ჯერზე უნდა აკეთო ცოტა „მეტი“, ვიდრე აქამდე. ყოველ ეტაპზე უნდა გახდე უფრო უკეთესი, ვიდრე წინათ.

როგორ ქმნით და ინარჩუნებთ მჭიდრო ურთიერთობას მომხმარებლებთან?

ვფიქრობ, ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველი ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული გულწრფელი ურთიერთობაა.  მაღალი კორპორაციული კულტურის გამოვლენა, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმოება და საერთო მიზნისათვის საუკეთესო გამოსავლის ერთობლივი ძიებისთვის კომპეტენტური ჩართულობის უზრუნველყოფა. საქმისადმი პატიოსნება და პოზიტიური გამოცდილება, ყოველი მოგვარებული საკითხი, განხორციელებული პროექტი თუ ეფექტური ჩართულობა ბადებს ურთიერთნდობას და აყალიბებს ხანგრძლივ, მყარ და საიმედო ურთიერთობებს.

რა გავლენა იქონია PepsiCo-ს კულტურამ და ღირებულებებმა თქვენს პროფესიულ ზრდაზე?

პირველ რიგში მაბედნიერებს ის, რომ ჩემი მთავარი ღირებულებები კომპანიის ღირებულებებსა და კულტურასთან თანხვედრაშია. PepsiCo-ში ყველა პოზიცია და ადამიანი საერთო მიზანს ემსახურება. კომპანიაში გრძნობ როგორ ზრუნავენ შენზე, როგორც თანამშრომელზე და შენც გიჩნდება სურვილი იზრუნო შენს გუნდზე, რაც მუშაობას კომფორტულს ხდის. კომპანია მაღალი დონის სპეციალისტებისა და მენეჯერების ძლიერი გუნდისაგან შედგება. ეს არის დიდი მამოძრავებელი ძალა და სტიმული, რომ შენც განვითარდე, მიაღწიო მეტს, განავითარო შენი გუნდი და შეიტანო შენი წვლილი კომპანიის განვითარებაში.

ეკატერინე გელხაური – მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი საქართველოში

რა მიზნებს ისახავთ ამჟამინდელ პოზიციაზე და როგორ გეხმარებათ მათ მიღწევაში PepsiCo?

ჩემი მიზანი PepsiCo-ს საკვანძო კლიენტებთან გრძელვადიანი, კლიენტზე ორიენტირებული, მდგრადი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, სადაც მე ვიცავ ზღვრულ ბალანსს, კომპანიისა და კლიენტის ინტერესებს შორის. საკვანძო კლიენტების მიზნების იდენტიფიცირება და სურვილების სწორად აღქმა, შემდეგ კი კომპანიაში ამ საჭიროებების სწორ ადრესატამდე მიტანა ჩემი მთავარი ამოცანაა. ფაქტობრივად, მე ვიმარჯვებ PepsiCo-სთან ერთად, ვარ რა გლობალური ლიდერი კომპანიის თანამშრომელი, რომლის მთავარი გამოწვევაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის მუდმივად ღიმილების მინიჭებაა.

როგორ ინარჩუნებს PepsiCo work-life ბალანსს, განსაკუთრებით მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ქალებისათვის?

PepsiCo მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსზე, სამუშაო კმაყოფილების უზრუნველყოფით, ჯანსაღი გარემოს შექმნით, ლოიალობისა და დაჯილდოების პროგრამების და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებისა თუ ინიციატივების შეთავაზებით.

რა სტრატეგიას იყენებთ სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად?

ის, რაც ყველაზე მეტად მაოცებს და მიყვარს PepsiCo-ში, გულახდილად საუბრის წახალისებაა. ასე რომ, ნებისმიერ დროს, როცა კი გარკვეულ გამოწვევას ვაწყდები, ჩემი კოლეგებისა და მენეჯერისაგან დახმარებასა და თანადგომას ვითხოვ. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას და პრობლემებისგან თავის არიდების ნაცვლად, ვცდილობთ გადავჭრათ და მოვაგვაროთ ისინი.

როგორ შეაფასებდით თქვენს გამოცდილებას PepsiCo-ში მაღალ პოზიციაზე მუშაობისას?

სხვა კომპანიებში მუშაობის დროს, ქალთა დისკრიმინაციისა და არაღიარების გამო, უსამართლობის განცდა ხშირად გამჩენია. ამას ჩემს კარიერულ გზაზე გარკვეული დაბრკოლებებიც შეუქმნია. საბედნიეროდ PepsiCo-ში თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ,  რადგან აქ უხილავი გენდერული იერარქიაც კი არ არსებობს. კომპანია სრულად უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მრავალფეროვან, უსაფრთხო და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს.

რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც თქვენს სფეროში წარმატების მიღწევა სურთ?

მინდა ყველა ქალს მოვუწოდო, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და იყვნენ გაბედულები. დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო, სადაც წამყვან პოზიციებზე მეტი ქალია, მშვიდი და უსაფრთხოა. ქალებს გვაქვს მაღალი ემპათიის გრძნობა, საქმისადმი სიყვარული, მაღალი პასუხისმგებლობა და კრიზისული სიტუაციების სწრაფად და ეფექტურად მართვის უნარი.