კარის შეღებისთანავე ბადაგის თავბრუდამხვევმა სურნელმა მომაჯადოვა, ირგვლივ მიმოვიხედე და ჩურჩხელის ფართო ასორტიმენტს ვხედავ, ყველა ერთმანეთზე მეტად ბზინავს. მარტივად დავრწმუნდი, რომ რიგით მაღაზიაში არ ვარ. ცოტა სიღრმეში, ერთმანეთის მიყოლებით ლამაზად ჩაუმწკრივებიათ ღვინისა და არყის ნაირსახეობა. უნდა ვაღიარო ყველა ისეთია, რომლებიც მანამდე გაგონილიც არ მქონდა: ღვინო ნუშით, ღვინო ბროწეულით, მარწყვისა და მაყვლის ღვინო. თქვენ ოღონდ ისურვეთ და მარისთან ყველა ხილის სასმელი დაგხვდებათ. მაშ ასე, ისტორიულ მცხეთაში ვარ, ზუსტად სვეტიცხოველთან და ბრენდის – „მაშ“ – დამფუძნებელი მარი შათირიშვილი უნდა გაგაცნოთ.
სამართალმცოდნეობის სპეციალისტს პროფესიით არასოდეს უმუშავია, თავიდანვე ცხოვრება გაყიდვებს დაუკავშირა, ტექნიკურმა ნიჭმა და ციფრების ინტერესმა თავისი ქნა, ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ვერცხლის სამკაულებით დგამს, სწორედ მცხეთაში.
მაგრამ რაზეც ახლა უნდა მოგიყვეთ, ჯერ მხოლოდ 6 წლიან ისტორიას ითვლის. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ახლობლის რჩევით მომავალ მეუღლეს, ზაზა ქუთათელაძეს, საქმიანი წინადადებით მიაკითხა. ეს ის დროა, როცა ზაზას თბილისში საკუთარი საწარმო აქვს და მთელ მცხეთას ჩურჩხელით სწორედ ის ამარაგებს.
„საქმიანი წინადადებით მომავალ მეუღლესთან მისულმა, მისგან ახალი ბიზნესშეთავაზება მივიღე: მომეძებნა ფართი მცხეთაში, სადაც საწარმო გაკეთდებოდა და ჩურჩხელით ქალაქს ადგილიდანვე მოვამარაგებდით. ასე მე და ზაზა პარტნიორები გავხდით, ჩემი ინტერესი მაშინ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ზაზა ჩემსავით სულაც არ ფიქრობდა“.
საწარმოსთვის საჭირო ფართის მოძიება მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. მაშინ მცხეთაში შენობის ფასადის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, თუმცა „ვინც ეძებს პოულობს“ ლოგიკით, მაღაზიისა და საწარმოსთვის სასურველი შენობა მარიმაც იპოვა. ის ზუსტად სვეტიცხოველთან მდებარეობს, როგორც კი ტაძრის მთავარ მოედანთან მიხვალთ, არსუკიძის 17 ნომერში. მარი და ზაზა საერთო საქმეს 2017 წლის მაისში იწყებენ. საწარმოსა და მაღაზიას, ფაქტობრივად ერთდროულად ხსნიან და მალე მცხეთის საბითუმოდ მომარაგებაზე უარის თქმა უწევთ. მიზეზი მომხმარებელთა სიმრავლეა, მაღაზიაში ადგილზე წარმოებული ჩურჩხელის მსურველთა რიგები დადგა, თანაც ეს ხომ მცხეთაში ამ დრომდე ერთადერთი მაღაზიაა, სადაც იქვე წარმოებული ჩურჩხელის შეძენა შეგიძლიათ.
„მცხეთაში, როგორც ტურისტულ ქალაქში თითქმის ყველას აქვს ჩურჩხელა, შესაბამისად ძნელი იყო ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველ ეტაპზე ღვინოზეც ბევრი ზარალი ვნახეთ,სიახლეების ძიება და ექსპერიმენტები ყოველთვის არ ამართლებდა. შემოსავალზე ორიენტირებული არასოდეს ვყოფილვართ, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის კმაყოფილი მომხმარებელი იყო, ასე იქცა 2 კლიენტი ასად, მერე ათასად… ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ზაზა ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ორივეს გვაბედნიერებს“.
მთავარი სირთულე უკან ჩამოტოვა. მარი შათირიშვილისთვის ახლა მხოლოდ მოგონებაა, ის რაც ბიზნესის პირველ წელს საკუთარ თავზე გადაიტანა.
მხოლოდ საქმის სიყვარული საკმარისი რომ არ იქნებოდა, ეს მარიმ კარგად იცოდა, ამიტომაც მთელი თავისი მართალია არაპროფესიული, მაგრამ საფუძვლიანი ცოდნა და ენერგია ბიზნესის განვითარებაში ჩადო. იყო დრო, როცა მეუღლეები ღამეებს ნემსითა და ძაფით ხელში ათენებდნენ და ჩურჩხელას ამოსავლებად თავად ამზადებდნენ, თუ საჭირო იყო მარი მაღაზიაში მისულ ტურისტსაც თავად ემსახურებოდა. მუდმივად ერთი და იმავე საქმის კეთება მისი ინტერესი არ არის, ამიტომ დაიწყო ძიება ასორტიმენტის გასაფართოებლად, ასე მივიდნენ ჩირის ჩურჩხელის გამოგონებამდე, მცდელობამ გაამართლა, დესერტი მალევე პოპულარული გახდა.
თათარის მომზადების საიდუმლო სრულად ზაზას საქმეა, ამ დროს მას მარიც არ აწუხებს, საწარმოში შესვლა მხოლოდ მომზადების შემდეგ შეუძლიათ მათ, ვისაც ჩურჩხელის ამოვლება ევალებათ. მცხეთაში წარმოებული ჩურჩხელა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც წლების განმავლობაში ზაზა თბილისში ამზადებდა, აქ კი ნამდვილად მარის ხელი ურევია!
მარი შათირიშვილი წარმოშობით კახეთიდან არის, ამან განაპირობა ის, რომ გაუჩნდა იდეა, მცხეთაში ჩასული ტურისტებისთვის ღვინოც შეეთავაზებინა, ოღონდ ისეთი, სხვებს რომ არ აქვთ. მერე რა რომ საკუთარი ვენახით პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა ბიზნესი წამოიწყო?
„დღემდე ასეა, ვიდრე ღვინოს ბოთლებში ჩამოვასხამთ, სათითაო ბოთლს ვამოწმებ, უნდა ვიცოდე რომ ის უნაკლოდ არის გარეცხილი, მე თავად უნდა ვიყიდო საცობები, აუცილებლად ბიო“.
პირველი ექსკლუზივი, რომელიც ბრენდის „მაშ“ სახელით ჩამოისხა, ბროწეულის ღვინო იყო.
„საქართველოში 9 ჯიშის საფერავი მოდის, ერთ-ერთი საუკეთესო კაბერნეა, რომელიც ძირითადად გურჯაანში მოჰყავთ. გურჯაანში მოყვანილ კაბერნეს შაქრიანობა მეტი აქვს. პირველმა მცდელობამ არ გაამართლა, მერე ღვინოში ბროწეულის სხვადასხვა ფორმით დამატება დავიწყე, თან დეგუსტაციას ვაწყობდი და საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტთან მივედით. ღვინოს უფასო დეგუსტაცია კარგი მარკეტინგი აღმოჩნდა“.
ახლა მარისა და ზაზას მაღაზიაში ხუთი სახეობის ღვინო დაგხვდებათ. ღვინო კახეთში, მათივე ოჯახის მარანში მზადდება, პროცესს სრულად მარი შათირიშვილის სიძე რევაზ კბილაშვილი ხელმძღვანელობს, წარმოება ძველი და ახალი ტრადიციების კოლაბორაციას გულისხმობს.
„ღვინოს ძირითადად ქვევრში ვადუღებთ. ჩემი სიძე პროფესიით მექვევრეა, ჩვენი შუამთის თიხა შეიცავს კირს, რომელიც ბუნებრივად წურავს ღვინოს და რაც რამე მავნე თვისებები აქვს ბუნებრივად გამოაქვს. ასე ერთად დადუღებული ჩვენი რქაწითელი და მწვანე საოცრებაა. ჩემი ფავორიტი სწორედ ეს სახეობაა, აქ 70% რქაწითელია, 30% – მწვანე. დადუღებას რომ მორჩება, ჭაჭა-კლერტის გარეშე ღვინო მეორე ქვევრში გადაგვაქვს და თიხით ვლუქავთ, მხოლოდ საჰაეროს ვუტოვებთ. ღვინოს 7 თვის განმავლობაში ქვევრში ვაჩერებთ, ამის შემდეგ გადაგვაქვს ცისტერნებში, ღვინის ამ სახეობას პლასტმასაში არ ვასხამთ, ცისტერნებიდან პირდაპირ ბოთლში გადაგვაქვს. რქაწითელი მძიმე დასალევია და ტურისტზე ძნელად იყიდებოდა, ამიტომაც კიდევ ერთ სახეობაში ნუშის დამატება ვცადე, რამაც დაატკბო და საოცარი არომატი მისცა, მსუბუქი დასალევიც გახდა და ახლა ტურისტებში პოპულარობითაც სარგებლობს.ჩვენს ასორტიმენტშია, საფერავის უძველესი ჯიშიც ღვინოც, კახეთში ამ ჯიშს წვრილმარცვალას ეძახიან და ის ბევრ სასარგებლო თვისებებს შეიცავს. გარდა ამისა, მომხმარებელს კენკრის ღვინოსაც ვთავაზობთ, რომელსაც თითქოს კომპოტივით აგემოვნებ, თუმცა მასთან გათამამება არ ღირს, მარტივად ათრობს“.
არაყი? აქ არაყი ფაქტობრივად, ყველა ხილის აქვთ, რასაც ისურვებთ. ღვინის შემდეგ მორიგი ექსპერიმენტის დრო დადგა. პირველად ტარხუნისა და წიწაკის არომატზე დაამზადეს, ერთს მეორე იდეა მოჰყვა და ასე თითქმის ყველა ხილი გამოცადეს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ყველაზე მოთხოვნადი თუთის არაყია, რომელიც ფაქტობრივად, ბუნებრივი ლიქიორია.
ზემოთ ვწერდი, რომ მარის ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია, ამიტომაც ღვინოს კიდევ ერთი დანიშნულება მოუძებნა. მისი გულწრფელობის დასტურია, რომ ღვინის ნაყინის იდეას თავად არ იბრალებს, თუმცა სიტყვაზე მენდეთ, ასეთ გემრიელს ალბათ ბევრგან ვერ მიირთმევთ. გემოს რეცეპტორები კარგად განვითარებული მაქვსო გვეუბნება, ეს სწორედ ნაყინის მომზადებაში გამოიყენა. ქვევრის ღვინის ნაყინს ამ დრომდე თავად ამზადებს და მისი დაგემოვნება მცხეთაში მარისა და ზაზას მაღაზიაში შეგიძლიათ.
აქ ნატურალური თაფლიც დაგხვდებათ და არა მხოლოდ თაფლი. მარი საკუთარი ხელით ამზადებს დესერტს, რომელიც გოგრის თესლს, მზესუმზირას გულს, ნუშს და აკაციის თაფლს შეიცავს. ვიდრე პროდუქტს ტურისტს შესთავაზებს 6 თვის განმავლობაში სიბნელეში ინახავს და რეალიზაციისთვის მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ გამოაქვს. მაღაზიაში მისულ ტურისტებს მარი შათირიშვილი საკუთარი ხელით დამზადებულ აჯიკასა და ტყემალსაც სთავაზობს.
მცხეთის გარდა, მარის და ზაზას ჩურჩხელა წარმოდგენილია თბილისშიც – ისნის მოლსა და საბურთალოს აქსის პალასში. ბუნებრივია, ბიზნესის გაფართოება მარის უახლოესი გეგმაა, უნდა რომ მისი ჩურჩხელა დედაქალაქის ყველა უბანში იყიდებოდეს, ამის საჭიროებაში კი მას მომხმარებელთა რაოდენობა და ხელმისაწვდომის თაობაზე მათი მოთხოვნა არწმუნებს. გეგმაში აქვს მიტანის სერვისის დანერგვაც, ოღონდ ამისთვის ჯერ უნდა მოიცალოს!
„საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ჩვენივე საკუთარი ნაწარმი და მომხმარებლის მიმართ მიდგომაა. ჩვენთან დეგუსტაცია დღემდე უფასოა, ფულს როგორ ავიღებ იმაში, რომ უცხოელმა ტურისტებმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე იზრუნონ? ამ საქმეში სული და გული მაქვს ჩადებული, იყო დრო, როცა ღვინოსაც კი საკუთარი ხელით ვასხამდით“.
განვითარების გზაზე მყოფებს პანდემიამ მოუსწრო, 1,5 წელი მცხეთაში ტურისტი არ ჩასულა. გამოსავალი აქაც იპოვა, კორპორაციულ შეკვეთებზე გადაერთო, არადა პანდემიამდე მარის ჩურჩხელა თვითმფრინავის ბორტზეც შეჰქონდა.
„მჯერა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ თუ გიყვარს, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. საქმის სიყვარული, რომ არა, ასეთი შრომის გაძლება რთული იქნებოდა, ჩვენ ხომ არ ვშრომობთ მხოლოდ შემოსავლისთვის, ადამიანებთან ურთიერთობაა, ის რაც გვაბედნიერებს“.