გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გენდერული ფოკუსის თვე საქართველოში აღინიშნა კამპანიით #ProudHer, Forbes Woman-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
სამთვიანი ფოტო კამპანიის შემდეგ, გამოიყო პლატფორმა GIZ-ის პროექტის ბენეფიციარებისთვის ამ პლატფორმაზე თერთმეტმა ქალმა გააზიარა საკუთარი ისტორია – გამოწვევებით, წარმატებით, ტრანსფორმაციული მიგნებებით. ეს ისტორიები ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნით – საშუალო ან მიკრო ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც მრავალ გამოწვევას თვალს უსწორებენ და საკუთარ ბიზნესს ჯიუტად ავითარებენ. მიზანი სხვა ქალების წახალისებაა, რომ მათაც ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, ეკონომიკურად გააქტიურდნენ და მოიპოვონ დამოუკიდებლობა.
ქალს, რომელსაც დღეს ProudHer კამპანიას შევაჯამებინებთ მამაკაცურ გარემოში შეჯიბრის და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სპორტიდან ისეთ სექტორებში გადაინაცვლა, სადაც კაცის დომინანტობა სტერეოტიპებით იყო განმტკიცებული. თუმცა, ყველა ეტაპზე ღია იყო ახალი გამოწვევებისთვის, ახალი ცოდნისთვის და იმ ინოვაციურობის ხაზგასმისთვის, რაც მხოლოდ ქალს გამოარჩევს სამუშაო გარემოში. საკუთარი თავის რწმენით, მრავალფეროვნების პატივისცემით და მხარდამჭერთა რჩევების სწორად გათვალისწინებით, დღეს იქ არის, სადაც ყველაზე მეტად უნდა ყოფნა და იმას აკეთებს, რისაც ბოლომდე სჯერა – მხარს უჭერს სხვა ქალებს. დღეს გადაწყვეტილების მიმღები თავადაა და ზუსტად იცის – თუ რამეს მთელი გულით მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ.
მთელი ინტერვიუს განმავლობაში, ჩემსავით დარწმუნდებით, რომ ძალიან სწორი ადრესატი შევარჩიეთ – ქალი, ვინც უნდა შეაჯამოს ProudHer კამპანიის შედეგები და გვითხრას, რამდენად მისწვდა ეს კამპანია მათ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება – ეს ქალი სანდრა შანკეა – GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
კმაყოფილი ხართ ProudHer კამპანიის შედეგებით?
კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების თემები მნიშვნელოვნად რეზონირებს ქართულ საზოგადოებაში. GIZ-ში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გენდერული თანასწორობის იდეას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ შეგვიძლია ამ იდეას მხარი დავუჭიროთ, ქალების მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართვით ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ კამპანიის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ქალებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნაა, რომელიც მათ მოტივაციას გაუღვიძებს, დაიწყონ და გააფართოონ საკუთარი ბიზნესი და ამ გზაზე წამოჭრილი გამოწვევების გადაჭრის გზები, რასაც თვითონ მიაგნეს, გაუზიარონ სხვა ქალებსაც, რათა მათაც წარმატების მეტი შანსი გაუჩნდეთ.
ადგილობრივი როლური მოდელების ძალის გჯერათ? როცა ქალები ისევ მათ გვერდზე მყოფი ქალების ისტორიებით ძლიერდებიან და იჯერებენ, რომ თუ მათმა მეზობელმა შეძლო, არც მათ გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა – ყოველ შემთხვევაში, ცდად ნამდვილად ეღირება?
დიახ. ეს ხომ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ისტორიებია, რომელთა გადამოწმებაც ყველას მარტივად შეუძლია. ამ ისტორიებთან თავის გაიგივება გაცილებით მარტივია. გამოწვევებიც და ბარიერებიც საერთოა. შესაძლოა გამოცდილება ყოველთვის დადებითი არ იყოს, მაგრამ ყოველთვის ვიპოვით ჩვენი მსგავსი ადამიანების გამოცდილებაში ისეთ აქცენტებს, რაც თვითგანვითარებისთვის და მომავალში მეტი წარმატების მიღწევისთვის გამოგვადგება. ზუსტად ეს იყო ამ კამპანიის მიზანიც, რომ მეტი ხილვადობა ჰქონოდა ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოში. ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწიეთ. მეორე მხრივ, ამ ისტორიების გაძლიერებას სრულიად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს – მოტივირებული ქალები, რომელთაც თავადაც სურთ, მცირე ან მიკრო ბიზნესის წამოწყება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, ბევრ საჭირო ინფორმაციას იგებენ არსებული ქსელების, კლასტერების, კოოპერატივების შესახებ, სადაც მსგავსი მიზნების მქონე სხვა ქალებთან თუ კაცებთან ერთად მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. იგებენ იმ სამართლებრივი თუ დაფინანსების მექანიზმების შესახებ, რაც შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე ბარიერების შესამცირებლად – ამ ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მოდიოდეს სახელმწიფოსგან, დონორებისგან, მუნიციპალურ დონეზე. ამ გზით ქალები ხვდებიან, ვის შეიძლება ჰკითხონ რჩევა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს სინერგია, რაც თქვენ ახლა ახსენეთ – დონორების, კერძო სექტორის, სახელმწიფოსი და ალბათ, თავად ქალებისაც, არა?
ნამდვილად. ქალთა გაძლიერება სწორედ იმ ქალებს ეხებათ, პირველ რიგში, ვინც მოტივირებულია, ვისაც აქვს განცდა, რომ მეტის მიღწევა შეუძლია და მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის. ვინც მზად არის თავიდან აღმოაჩინოს საკუთარი როლი, გახდეს უფრო დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებები მიიღოს დამოუკიდებლად. ამის ერთი და ალბათ ყველაზე ეფექტიანი გზაა ეკონომიკური, ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა. მატერიალური მხარდაჭერა ძალიან მაღალი მოტივაციაა, მეტი რისკის გასაწევად.
ხედავთ ამ ენთუზიაზმს ქართველ ქალებში?
დიახ. ქალებს საქართველოში სურთ, იყვნენ ეკონომიკურად ჩართულები,ჰქონდეთ გავლენა, შეეძლოთ კონტრიბუციის შეტანა ქვეყნის, საზოგადოების, ეკონომიკის განვითარებაში. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ ქალებს კაცებისგან განსხვავებული ინოვაციური ხედვა აქვთ და ამ ხედვის შემოტანა, ამ ხედვის წახალისება საბოლოო ჯამში კარგია ყველასთვის. ქალები საქართველოში უმეტესად სწორედ ამგვარი ინოვაციური ხედვის გამო აღწევენ წარმატებას ბიზნესში. ამიტომ მათი ამბების გასაჯაროება, ამ თემაზე მეტი აქცენტირება საბოლოო ჯამში შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს სხვა ქალებისთვისაც. ძალიან კონკრეტული მაგალითები გვაქვს, როგორ ცდილობენ ქალები საქართველოში მიიღონ განათლება, აითვისონ ახალი უნარები, ყოველდღიურად იმუშაონ საკუთარ თავზე და გაზარდონ საკუთარი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. მაგალითად, სოფლად გვაქვს შემთხვევები განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობაში, როცა ქალები გამოწვევების მიუხედავად, ცდილობენ ააწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი და ამით მოიპოვონ დამოუკიდებლობა, არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ შემოწირულებებსა და დახმარებებზე. ამის დანახვა, ამაზე დაკვირვება ძალიან შთამბეჭდავია. შთამბეჭდავია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ ქალები საქართველოში, შექმნან ქსელები, კოოპერატივები და გააერთიანონ ძალისხმევა – ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და ბარიერებს. ეს ძალიან სწორი გზაა ერთმანეთის ინტეგრირებისთვის და ინტერესების და ძალისხმევის გაერთიანებისთვის.
რა არის საჭირო, რომ ეს მაგალითები არ დაიკარგოს?
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობა სულ იყოს დღის წესრიგის ნაწილი და არა მხოლოდ თეორიულად – ვთქვათ, საკანონმდებლო დონეზე, არამედ, აღსრულების დონეზეც; არა მხოლოდ მექანიზმების, არამედ, ინფრასტრუქტურის დონეზეც. ბევრად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ დაიმსხვრეს ტრადიციული მოდელები და სტერეოტიპები, რომლებიც გაბატონებულია საზოგადოებაში.
რა მექანიზმები აქვს GIZ-ს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დაუჭიროს?
ჩვენს სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ. რეკომენდაციებს გავცემთ საკანონმდებლო მიმართულებით, ინსტიტუციური მიმართულებით, საინფორმაციო მიმართულებით, უზრუნველვყოფთ საჯარო და კერძო პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანებას. გვაქვს მხარდაჭერის მექანიზმები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვისაც სურს ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების გახსნა. ამას უკავშირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმებიც – სქემების მოფიქრება, რომლებზეც შემდეგ წვდომა ექნებათ ქალებსაც. საფინანსო ინსტიტუტი არ ვართ, მაგრამ მექანიზმებს ვამუშავებთ – სხვა მხარდამჭერებთან ერთად, რომლებიც შემდეგ ხელმისაწვდომი ხდება – მათ შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. ამასთან, ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს. მაგალითად, ქალებს დღემდე აკლიათ ციფრულ ინფრასტრუქტურაზე წვდომა; მაგალითად, ქალების დასაქმების მაჩვენებელზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს მათი მობილობის გაუმჯობესებამ, განსაკუთრებით, რეგიონებში – გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება მნიშვნელოვანი სტიმული გახდეს ქალთა ეკონომიკური ჩართულობის და გაძლიერების მიმართულებით.
თქვენ ვინ გაგაძლიერათ?
ალბათ ერთი ადამიანი არ იყო. თუმცა, ადრეულ წლებში, როცა სერიოზულად ვიყავი დაკავებული სპორტით, ჩემმა მწვრთნელმა მითხრა – თუ გჯერა საკუთარი თავის, ყველაფერს მიაღწევ – ეს პრინციპი ჩემს გზამკვლევ პრინციპად ვაქციე: ვაშენე ჩემი თავდაჯერებულობა. უნდა შეძლო შენი საუკეთესო მხარეების გაძლიერება, უნდა მოითხოვო მხარდაჭერა, როცა გჭირდება, უნდა იპოვო ადამიანები, ვინც რჩევას მოგცემს და არ უნდა დაგავიწყდეს, რა არის შენი გზა – შემდეგ, ამ გზაზე რეალისტური მიზნები უნდა დაისახო. ჩემმა მწვრთნელმა მასწავლა, რომ მთავარი არ არის, სულ სხვებს ვეჯიბრებოდე – განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი თავის განვითარება გაქვს მიზნად დასახული. საკმარისია, შეეჯიბრო საკუთარ თავს – გამოცადო სიახლეები, არასდროს შეწყვიტო სწავლა, დაიჯერო, რომ მამაცი ხარ და როცა საჭიროა, რისკიც გასწიო – ესეც განვითარების ნაწილია. რაც მთავარია, არასდროს უნდა დაკარგო რწმენა საკუთარ თავში – მაშინაც, როცა შესაძლოა, წარმატება არც ისე ახლოა. საკუთარ თავში რწმენით ის აუცილებლად მოვა.