ალბათ, ხშირად დაგიკარგავთ საათები სერიალის ან ფილმის შერჩევაში. შემდგომ კი ამ ძებნით დაღლილებს, ისევ სქროლვა ან დამწყები იუთუბერების ვიდეოების ყურება გაგიგრძელებიათ.
ამ პირობებში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის დღის წესრიგი შეიცვალა, ნაკლებად დატვირთულები გავხდით და ინსომნიამაც ჩვენთან დამეგობრება მოისურვა, სერიალები კარგი საშუალებაა დროის გასაყვანად. ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ უკანასკნელი დეკადის რამდენიმე სერიალი, რომელშიც საინტერესო, ძლიერ და განსხვავებულ ქალებს გაიცნობთ.
მხევლის წიგნი
ალბათ სამართლიანი იქნება სიის ამ სერიალით დაწვება. „მხევლის წიგნი“ მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალია.
მოქმედება გილიადაში ვითარდება, ქალაქში, სადაც საოცარი სოციალური უთანასწორობაა და ქალებს არაფრის უფლება აქვთ. ამ ქალაქში ნებისმიერი ქალი ისჯება წიგნის კითხვის, ერთმანეთთან ურთიერთობის, პროტესტისა და მათგან წასვლის სურვილისათვის. თუ მხევლები გილიადის მკაცრ კანონებს დაარღვევენ, ჩაქოლავენ, დაასახიჩრებენ, ძალიან რთული ფიზიკური შრომისათვის გაიმეტებენ ან მოკლავენ.
გილიადა თანამედროვე სამყაროს საპირისპიროდაა შექმნილი და მასთან ერთად არსებობს. ამ ქალაქში შეძლებული ოჯახები მხოლოდ შვილების ყოლისათვის იყენებენ მხევლებს და არანაირი უფლებები მათ არ აქვთ. თავად წიგნის ავტორიც, მარგარეტ ეტვუდი, ამბობს, რომ ეს სამყარო ჯერ კიდევ გილიადაა ქალებისათვის.
ვერც მკითხველი და ვერც მაყურებელი შეძლებს არ აღფრთოვანდეს მხევლების სიმამაცით. მიუხედავად დეიდა ლიდიასადმი შიშისა, ქალები მაინც გამოირჩევიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითა და საერთო ინტერესისკენ სწრაფვით.
სერიალის დასკვნით სეზონს ამ წელს ველოდებით. მეოთხე სეზონში კი მთავარმა მეამბოხე ჯუნ ოსბორნმა, რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთოს ყველა მხევლისა და თითოეული ქალისათვის. მათ როგორმე გილიადა უნდა დატოვონ.
დაუჯერებელი
ორი სხვადასხვა შტატის გამომძიებელი ქალი მუშაობას იწყებს საქმეზე, რომლის დაჯერება მართლაც ძალიან რთულია.
ყველაფერი მას შემდეგ იწყება, რაც მოზარდი გოგონა გაუპატიურების შესახებ აცნობებს პოლიციას. გამოძიება კი ვერაფერს არკვევს და ქალსაც აბნევს არაეთიკური კითხვებით. ამასთანავე, შემთხვევის ადგილზე არაფერია, რაც დამნაშავის ამოცნობას შესაძლებელს გახდის.
როგორც ჩანს, გაუპატიურების მსგავსი შემთხვევა ძალიან ბევრია. მსხვერპლი კი სხვადასხვა ასაკის ქალები არიან. ზოგს ძალიან რცხვენია მომხდარის, ზოგს არც კი წარმოუდგენია ცხოვრება ამის შემდეგ, ზოგიც შეუპოვრად აპირებს სხვა ქალებს ხმა მიაწვდინოს და გააფრთხილოს, რომ ეს მათაც არ გამოსცადონ.
ორი გამომძიებელი ქალი კი ამ ყველაფერში კავშირს აღმოაჩენს და მიუხედავად ბევრი წარუმატებლობისა, ქალების გადარჩენის სურვილით ბოლომდე მიჰყვება საქმეს. მინისერიალი რეალურ ისტორიას ეფუძნება და გაუპატიურების სცენებს შეიცავს.
ლაზიერის გამბიტი
„ლაზიერის გამბიტი“ უოლტერ ტევისის წიგნს ეფუძნება, სერიალი კი Netflix-ის რეკორდსმენი გახდა. მან 28 დღეში 62 მილიონი ნახვა დააგროვა.
არაჩვეულებრივი გონების მქონე ელიზაბეთ ჰარმონს ჭადრაკის თამაში უნდა, თუმცა მამაკაცების მიერ დომინირებად სფეროში მისი წარმატების არავის სჯერა და ბევრ წინააღმდეგობასაც აწყდება. თუმცა, გოგონა ჩვეული უკომპრომისობით მარტივად უმკლავდება ყველანაირ წინააღმდეგობას და მალევე აღწევს დიდ სიმაღლეს ჭადრაკის სამყაროში.
ბეთ ჰარმონი ასპარეზობას იწყებს და კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ქალი მოწინააღმდეგე ჰყავს. თუმცა, ჯერ კიდევ მცირეწლოვან გოგონას ეს ფაქტი არ აბნევს და საკუთარ თავში დარწმუნებული, ყველა კონკურსში მონაწილეობს.
ბეთ ჰარმონი ამერიკით იწყებს, თუმცა მალევე ხდება მსოფლიოში ცნობილი მოჭადრაკე, რომლის მთავარი მიზანი ვასილ ბორგოვის, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოჭადრაკის დამარცხებაა.
რატომ კლავენ ქალები
ერთი სახლისა და სამი სხვადასხვა წყვილის უცნაური, დამაბნეველი და საინტერესო ისტორია ნამდვილად სასიამოვნოდ გაგატარებინებთ დროს.
სერიალის მთავარი გმირი სხვადასხვა დროში მცხოვრები სამი ქალია, რომლებიც რაღაც მიზეზით კლავენ. სწორედ იმიტომ, რომ მკვლელობა მოხდა, ისინი სახლს ყიდიან.
თავდაპირველად სახლში რობი და ბეთ ენი ცხოვრობენ. სერიალის დასაწყისში ბეთი მორჩილი ცოლია, თუმცა მალევე მიხვდება, რომ დიდად კარგი როლი არ აქვს არჩეული. შემდეგი სიმონ გოროუა, ულამაზესი ტანსაცმლის მფლობელი ქალი, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ წესებს არღვევს და სრულიად იცვლება. სიმონ გროუსგან სახლს ტეილორი და ელი ყიდულობენ. მათი და ჯეიდის სასიყვარულო სამკუთხედი კი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.
იმის გარკვევას, თუ რატომ კლავენ ქალები 10 სერია ეთმობა და თავისუფლად ჩაწერთ იმ სერიალთა სიაში, რომლებიც არასდროს გინდათ რომ დამთავრდეს.
ენი
ენი 13 წლის უსახლკარო გოგონაა, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება, თუმცა მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც შეცდომით მოხუცი და-ძმა კუთლერტების სახლში მოხვდება.
Anne With An E – კანადური სერიალია, რომელიც ლუსი მაუდ მონტგომერის საბავშვო წიგნს ემყარება. ენი ჭკვიანი და კაშკაშა გოგონაა, რომელსაც მწერლობა სურს. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა და ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. იგი რამდენიმე ოჯახს იცვლის, მათ შორის არიან კუთლერტებიც, რომლებთანაც თავდაპირველი უთანხმოება დიდ სიყვარულში გადაიზარდა და ენიც მათი ოჯახის წევრი გახდა. მიუხედავად გოგონას მცირე ასაკისა, იგი უსამართლობას უპირისპირდება.
ალბათ, ვისაც სერიალი ნანახი აქვს, თავისუფლად იტყვის, რომ ცოტა თუ არსებობს „ენის“ მსგავსი ლამაზი სერიალი.
ქალბატონი ამერიკა
სერიალი აქტივისტი ფილის შლეფლაისა და მისი საქმიანობის შესახებ გვიამბობს. ეს მინისერიალი ფემინისტურ მოძრაობასა და თანაბარი უფლებებისათვის ბრძოლას შეეხება.
„ქალბატონ ამერიკაში“ მე-20 საუკუნის ბოლოს განვითარებულ მოვლენებია ასახული, ანუ მასში მეორე ტალღის ფემინისტები – ბეტი ფრიდანი, შირლი ჩიშოლმი, ბელა აბზუგი – მონაწილეობენ. სერიალში ნაჩვენებია კულტურული ბრძოლა და ქალების წილი ამ ბრძოლაში.
სერიალის თითქმის ყველა ეპიზოდი შეიცავს აშკარა შეტყობინებას, რომელშიც გაცხადებულია, რომ ზოგიერთი სცენა ანდა პერსონაჟი გამოგონილია.
ეს იმ სერიალების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ყურებაც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ქალების უსაზღვრო შესაძლებლობებში. რამდენიმე ახალი სერიალი უკვე დაანონსდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ 2021 წელსაც არაერთ საინტერესო ქალ პერსონაჟს ვიხილავთ.