სერენა უილიამსს „ჩელსის“ წილის შეძენა სურს

ჩოგბურთის ვარსკვლავ სერენა უილიამსს ლონდონის „ჩელსის“ წილის შეძენა სურს. Sky News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის და ფორმულა 1-ის პილოტი, ლუის ჰამილტონი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის კლუბის შესაძენად მარტინ ბროუტონის შეთავაზებას უერთდებიან.

ფოტო: Bradley Kanaris/Getty Images

როგორც ცნობილია, ჩოგბურთის „დიდი სლემის“ 23-გზის გამარჯვებული ბროუტონის £2.5-მილიარდიან გარიგებაში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით შესვლას გეგმას. „ჩელსიში“ ამავე რაოდენობის თანხის ინვესტირებას აპირებს ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ჰამილტონიც.

აღსანიშნავია, რომ სერენა უილიამსი ლოს-ანჯელესის ქალთა საფეხბურთო კლუბის, Angel City-ს თანამფლობელია. კლუბი აშშ-ის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჩოგბურთელის ვენჩურული კაპიტალის ფონდმა, Serena Ventures-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში დაფუძნებულ სპორტული ტექნოლოგიების სტარტაპ Opensponsorship-ში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

რაც შეეხება „ჩელსის“, კლუბის შესყიდვაში ბროუტონისა და მისი პარტნიორების მთავარი კონკურენტები ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელი ტოდ ბოელი და NBA-ის გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელი სტივენ პალიუკა არიან.