ნულიდან მილიონებამდე: სერენა უილიამსი

სპორტის ნებისმიერ ინდუსტრიაში მამაკაცების სიჭარბე აშკარა შესამჩნევია. მაგრამ, ბოლო დროს არაერთი ქალი ათლეტის წარმატების, მსოფლიო აღიარებისა და მოგებული ტურნირების შედეგად, ვიმედოვნებთ, ეს მაჩვენებელი ქალებისათვის პოზიტიურად შეიცვლება. ამ დროისათვის უკვე წარმატებული ქალი სპორტსმენების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ნამდვილადაა სერენა უილიამსი, ქალი, რომლისთვისაც წარმატების მიღწევა ორმაგად რთული აღმოჩნდა.

Photo Credits Getty

სერენა უილიამსი Forbes-ის იმ სიის წევრია, რომელიც ას ამერიკელ ქალს აერთიანებს – ქალებს, რომლებმაც ქონება მხოლოდ საკუთარი შრომითა და უნარებით დააგროვეს. სერენა 225 მილიონი დოლარით ამავე სიის 83-ე ადგილს იკავებს. იგი ამ ქონებას 2019 წლიდან სტაბილურად ინარჩუნებს. თანაც, აღსანიშნავია, რომ უილიამსი სიის ერთადერთი ათლეტია.

სერენა უილიამსმა, აფრო-ამერიკელმა ათლეტმა, ჩოგბურთის თამაში 4 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როდესაც მთელი ოჯახი კალიფორნიაში დაფუძნდა. თავდაპირველად სერენასა და მის დას, ვენუს უილიამსს, მამა სახლში ასწავლიდა ჩოგბურთის თამაშს, თუმცა გოგონების ნიჭს სახლში ვარჯიში აღარ ჰყოფნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდების მშობლები ჩოგბურთის მწვრთნელები იყვნენ, მათ მაინც ჰყავდათ საკუთარი მენტორები. ასე რომ, გოგონები ადრეული ასაკიდანვე აქტიურად იწყებენ ჩოგბურთის პროფესიონალურ თამაშს.

სერენა უილიამსმა ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ამერიკის ეროვნულ საბავშვო ტურნირზე 46-ით 3 დაამარცხა მოწინააღმდეგე და თქვა, რომ საკუთარ გზას განაგრძობს. ათლეტი საერთაშორისო ასპარეზზეც მალევე გამოჩნდა. მან პირველი გამარჯვება გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წელს, აშშ-ს ღია პირველობაზე მოიპოვა. ახლა კი უკვე სერენა უილიამსი ყველაზე პოპულარული, წარმატებული და მდიდარი პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელია.

Photo Credits Getty

Grand Slam-ზე 23 გამარჯვების, ათობით კორპორატიული პარტნიორისა და არაერთი წარმატებული თამაშით სერენა უილიამსმა 94 მილიონიანი სპორტული კარიერა შექმნა. ეს თანხა დანარჩენი ქალი ათლეტების მიერ ერთად დაგროვებულ საპრიზო თანხას ორჯერ აღემატება. ამასთანავე, ქალი Forbes-ის მიხედვით, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტების სიაში 33-ე ადგილს იკავებს. ამ სიაში მხოლოდ ორი ქალი – ნაომი ოსაკა და სერენა უილიამსი მოხვდნენ.

სერენა უილიამსმა საკუთარი თავი არამარტო ჩოგბურთის კორტებზე წარმატებული ასპარეზობით, არამედ კარგი ინვესტორობითაც გაგვაცნო. ქალმა ბოლო ექვს წელში ორმოცდაათამდე სტარტაპში ათი მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წელს სერენა უილიამსმა დააფუძნა კომპანია, სახელწოდებით Serena Ventures, რომლის საშუალებითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში, რომლებიც „თავიანთი იდეებითა და პროდუქტით მსოფლიოს ცვლიან”. Serena Ventures ორიენტირებულია ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიერ დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობაზე – მათზე აქამდე განხორციელებული ინვესტიციის 60% დაიხარჯა.

„ნებისმიერი ქალის წარმატებამ შესაძლოა დანარჩენები შთააგონოს. ჩვენ ერთმანეთი სიმაღლეებისკენ უნდა ავიყვანოთ.“

გარდა საინვესტიციო კომპანიისა, სერენა უილიამსი მფლობელი და თანადამფუძნებელია ტანსაცმლის ხაზის – S By Serena. ამას დამატებული, ის საკუთარ წილს ფლობს ფეხბურთის გუნდში The Miami Dolphins და UFC-ში.

Photo Credits Getty

იმგვარ ინდუსტრიებში, სადაც კაცების სიმრავლე ცხადია, თანაც წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი, შრომა არ კმარა და გავლენებიცაა საჭირო, ქალებს მუდამ დიდი წნეხის ქვეშ უწევთ განვითარება. ასეთი ინდუსტრიაა სპორტიც. ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტი ქალი წარმატების ზენიტშიც იმაზე საუბრობს, რომ მისი კარიერის თანმდევი ყოველთვის იყო რასიზმი, განსხვავებულობა კანის ფერისა და იმის გამო, რომ ქალია. უილიამსი The Undefeated-თან ინტერვიუში ამბობს, კაცი რომ ყოფილიყო ასეთ კარიერულ წარმატებას ბევრად მცირე დროში მიაღწევდა. „მე შევძელი ქალების უფლებებზე ლაპარაკი, რადგან ვფიქრობ, ისინი იკარგებიან ფერებში ან კულტურებში”,- დასძენს იგი.

სერენა უილიამსი აქტიური ჩოგბურთის ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ქალია. მიუხედავად კარიერის გზაზე არსებული არაერთი დაბრკოლებისა, ქალი კვლავაც განაგრძობს მწვერვალების დაპყრობასა და მომავალ წლებშიც მის არაერთ გამარჯვებასა და დამყარებულ რეკორდს უნდა ველოდოთ.