პროფესიად ქცეული სტუმარმასპინძლობა | ინტერვიუ მარიამ სეხნიაშვილთა

„არასოდეს თქვა არასოდეს“ და „შეუძლებელი არაფერია“ – ეს ორი ცნობილი გამოთქმა მარიამ სეხნიაშვილის ცხოვრებას, მისივე თქმით, ყველაზე ზუსტად გამოხატავს. მარიამი ამჟამად Adjara Group-ის გაყიდვების ხელმძღვანელია. წარმატებას სწორედ იმ სფეროში მიაღწია, რომელშიც ბავშვობაში თავი სულაც არ წარმოედგინა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ნაპოვნმა გზამ თავად აჩვენა, სად გაეგრძელებინა სწავლა და როგორ შეექმნა მყარი კარიერა.

Forbes Women Georgia გთავაზობთ ინტერვიუს აჭარა ჯგუფის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მარიამ სეხნიაშვილთან.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები სწავლიდან პირველ სამსახურამდე?

ვმუშაობ სფეროში, რომელზეც ბავშვობიდან ნამდვილად არ მიოცნებია. კარიერის სულ პირველ საფეხურზე, როცა კავკასიის ბიზნეს სკოლის მესამე კურსზე გადასასვლელად სავალდებულო სტაჟირება მომთხოვეს, მუშაობა „თბილისი მარიოტში“ დავიწყე. გავიარე ყველა ის უმნიშვნელოვანესი საფეხური, რომელიც სასტუმროს წარმატების მყარი საფუძველია. შეუძლებელი ამ ამბავში, ვფიქრობ, არაფერია. შეუძლებელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ ჩემი ბებია ჩემს ღამის მორიგეობაზე მუშაობის დაწყებას გაგებით მოჰკიდებოდა.

სტაჟირების დასასრულს, ხელმძღვანელმა ანაზღაურებად სამუშაოზე დარჩენა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი, სწავლის პარალელურად მუშაობა გამეგრძელებინა. შესაბამისად, მესამე კურსიდან ვმუშაობ და ამ დროიდან მაქვს საკუთარი შემოსავალი. სწავლის დასრულების შემდეგ კითხვა არავის გასჩენია, სად გავაგრძელებდი სწავლას. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და პროფესიული განათლება სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით, მსოფლიოში საუკეთესო Les Roches Marbella-ში მივიღე.  მახსოვს, ჩემმა ლექტორმა მითხრა, იცი, რას ნიშნავს აქ სწავლა, შენ Les Roches ოჯახის წევრი ხდები და ეს არის მთავარი გზავნილი შენგან ამ ბიზნესისთვისო.

რა არის თქვენი ძირითადი ორიენტირი კრიზისულ ვითარებაში წონასწორობის შესანარჩუნებლად?

კრიზისულ ვითარებაში მთავარი ემოციების კონტროლია. გუნდის მართვისას შენი დამოკიდებულება ხშირად განსაზღვრავს განწყობას და სამუშაო პროცესს. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ გეგმა დავსახო და თანამშრომლებს ის მაქსიმალურად მშვიდად, გასაგებად გავაცნო. მსგავს ვითარებაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და ცვლილებაა საჭირო, რაშიც სიტუაციის მუდმივი ანალიზი და სხვადასხვა პრაქტიკის გაცნობა მეხმარება. ხშირად გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი საუბარია, გუნდთან ერთად დეტალების განხილვა და საერთო სურათის სხვადასხვა რაკურსით დანახვა. უცნაურია, მაგრამ ამაში მუსიკა, გონების განტვირთვა მეხმარება. 

როგორი გამოწვევაა თქვენთვის Adjara Group-ის გაყიდვების ხელმძღვანელობა?

ამ სფეროში საქმიანობა საინტერესო და სასიამოვნოა. სტუმრებთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის მიღების პროცესში, ყოველდღიურად რაღაც ახალს ვეცნობი, ვსწავლობ. ჩვენი ქვეყნისთვის მასპინძლობა კულტურის განსაკუთრებული ნაწილია, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ვქმნით სერვისს, რომელიც ჩვენი თუ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. 

პანდემიის პირველმა შოკმა უკვე ჩაიარა, როგორ განვითარდა მოვლენები ამ ინდუსტრიაში?

ბუნებრივია, ამ მდგომარეობამ ბევრი უსიამოვნება მოიტანა, თუმცა სტუმართა რაოდენობრივი კლების ფონზე, საშუალება გვაქვს უკეთ დავაკვირდეთ როგორც საოპერაციო, ისე – მომსახურების პროცესებს, გავაანალიზოთ არსებული პრაქტიკები და ახალ გამოწვევებს მომზადებული დავხვდეთ. ვუბრუნდებით მუდმივ სტუმრებს, ვატარებთ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით და ვცდილობთ მოვერგოთ უცნაურ რეალობას. იმედი მაქვს, სასტუმროების სავსე დერეფნები მალე ისევ ჩვეულებრივ რეალობად იქცევა. ამ ვითარებაში მთავარია ჩვენ, როგორც გაყიდვების გუნდმა, ვაგრძნობინოთ მომხმარებელს, თუ რამდენად ზრუნავს ჩვენი გუნდი უსაფრთხოებაზე, როგორ ვერგებით სტანდარტებს და ა.შ. ვითვალისწინებთ შექმნილ ვითარებას და ჩვენი სტუმრებისთვის ვქმნით მაქსიმალურად მისაღებ, კომფორტულ შეთავაზებებს… საბედნიეროდ, ბევრს უყვარს ჩვენი სასტუმროები და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ, კვლავაც და არაერთხელ დასაბრუნებლად. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, სად წარმოგიდგენიათ კარიერული თუ პიროვნული განვითარება რამდენიმე წელში?

ამ სფერომ თავი ძალიან შემაყვარა, ამიტომ რამდენიმე წლის მერეც სტუმარმასპინძლობის სფეროში ვხედავ საკუთარ თავს. სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას უნიკალური პოტენციალი აქვს. მინდა, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებაში მივიღო მონაწილეობა. უცხო ქვეყანაში თავის დამკვირდება საინტერესო გამოწვევაა, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარებისთვის. მინდა, შესაძლებლობები სხვა, უფრო დიდ მასშტაბებში გამოვცადო. თუმცა ბოლო პერიოდმა დაგვარწმუნა, რომ გრძელვადიანი გეგმები, შესაძლოა, რამდენიმე წამში შეიცვალოს. ამიტომ ვცდილობ, ვიცხოვრო დღევანდელი დღით, დღეს გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, ამისთვის გამოვიყენო ყოველი წუთი და დღეს, ახლა ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.