იუკატანის ნახევარკუნძულის წყალქვეშა ლაბირინთებში არის არქეოლოგიური რელიკვიები, რომლებიც, შესაძლოა, სხვაგან არსად გვხვდებოდეს. დატბორილი გამოქვაბულების ვრცელ ქსელში დაცულია მაიას ტომის საიდუმლო საგანძური. ახალი აღმოჩენებით ირკვევა, რომ აქ გვხვდება პრეისტორიული ხანის უძველესი ნივთებიც. ახალი აღმოჩენის შესახებ Scienc Advances-ი წერს.
კვლევის შედეგად მეცნიერებმა განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მიაკვლიეს ამერიკის უძველეს მაღაროს, რომელიც 12 000 წლის წინ ფუნქციონირებდა.
„წყალქვეშა გვირაბი დროის მანქანას ჰგავს“ – ამბობს ექსპერტ-დაივერი და მიკროპოლეონტოლოგი, ედ რეინჰარდი. წყალქვეშა ლაბირინთებს რეინჰარიდის ჯგუფი 2017 წლიდან იკვლევს. აღმოჩენილმა მასალამ აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები მანამ ცხოვრობდნენ, სანამ ზღვის დონე დაბალი იყო. გამოქვაბულში აღმოჩენილია ნივთები, რომლებიც მაიას ტომის ხალხს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში ეხმარებოდა.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულების სისტემაში ჟანგმიწას 2000 წელი მოიპოვებდნენ, 12 000-დან 10 000 წლის წინ. სხვა მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ჟანგმიწას აქ მოიპოვებდნენ კიდევ უფრო ადრე. უცნობი მიზეზის გამო, მეშახტეებმა მიატოვეს გამოქვაბულები, თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამის მიზეზი სხვა ადგილას გადასვლა იყო.
ის ფაქტი, რომ მაიას ტომის ხალხი სიცოცხლის რისკის ფასად ჩადიოდა ჟანგმიწის მოსაპოვებლად, მიანიშნებს იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ კულტურაში ამ სასარგებლო წიაღისეულს.
ცნობისთვის, საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს მდებარეობს საყდრისის პრეისტორიული მაღარო. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა ძვ.წ. 3350-2500 დათარიღებული.