2021 წელს საქართველოში შვეიცარიული სტანდარტების მქონე აგრარული სკოლა „კავკასია“ (SASC), დმანისში, პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნება. დაახლოებით ათ წელიწადში კი ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული დამატებით 300 პროფესიონალი ფერმერი ეყოლება. ახალი სკოლის კონცეფცია პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც ორიენტირებული იქნება მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით პროფესიონალების მომზადებაზე.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს განცხადებით, ამ ეტაპზე ინვესტორი სახელმწიფოს მთავრობამ დამატებით 300,000 დოლარი გამოყო სკოლის მშენებლობისთვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული სკოლა შვეიცარიის პრესტიჟული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას დაეყრდნობა.
„ამაყი ვარ, რომ შვეიცარიის 200-წლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმას საქართველოში“, – განაცხადა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, დანიელ მევლიმ.
პროფესიული სკოლა სტუდენტების პირველი ნაკადის მიღებას 2021 წლის გაზაფხულზე შეძლებს. სტუდენტები და ფერმერები გადამზადდებიან მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ინიციატივაა განათლების სფეროში. სასწავლებელი შვეიცარიული და ქართული კერძო წყაროებიდან ფინანსდება, რომელთა შორისაა სამხრეთ კავკასიის შვეიცარიული ფონდი. ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების ღირებულებამ 3,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.