ლონდონში მცხოვრებმა ხელოვანმა – სარა ეზეკიელმა თავისი არაორდინალური ნამუშევრების წყალობით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდურები პარალიზებული აქვს, იგი მაინც ახერხებს ხელოვნების ნიმუშთა შექმნას.
მისი ნახატები გამორჩეულია იმით, რომ ეზეკიელი მათ თვალების მოძრაობით ხატავს, სპეციალური კომპიუტერის საშუალებით, რომელსაც შეუძლია ხელოვანის თვალის მოძრაობათა აღქმა.
ხელოვანს ნეიროდეგენერაციული დაავადება სახელად – ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი დაუდგინდა, რამაც საგრძნობლად შეცვალა მისი ცხოვრება. ამ დაავადების შემდგომ განვითარებულ ხუთ წელს ეზეკიელი მარტოსულობის წლებად მოიხსენიებს. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ მას არც საუბარი შეუძლია და არც მოძრაობა, იგი ამბობს, რომ ტექნოლოგიებია ის, რამაც მის სიცოცხლეს ღირებულება შესძინეს.
მხატვარი იყენებს Tobii Dynavox-ის მიერ შექმნილ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია დახმარება გაუწიოს მომხმარებლებს კომუნიკაციის დარგში. აღნიშნული სისტემა იყენებს პროჟექტორებს, კამერასა და ალგორითმებს იმისათვის, რომ შეამჩნიოს მომხმარებლის სულ მცირე თვალის ამოძრავებაც კი და შემდგომ იგი ეკრანზე ასახოს.
ინოვაციური სისტემა, ასევე, საშუალებას აძლევს ხელოვანს, რომ არამხოლოდ ხატოს, არამედ ონლაინ რეჟიმში შეიძინოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი და გამოიყენოს ნებისმიერივე სახის სოციალური მედია.