საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში გამართულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირზე ქვეყნის ღირსებას ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ.
ქართველი მოფარიკავეების ნაკრებმა გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 45:10 დაამარცხა. ამის შემდეგ, მათ ფინალში იტალიის ნაკრებს 45:26 მოუგეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ სან-პაულუში გამართულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველმა ეტლით მოფარიკავე ქალებმა საერთო ჯამში ექვსი მედალი მოიპოვეს. აქედან ირმა ხეცურიანის ანგარიშზე სამი მედალია. მან ხმლით ფარიკაობაში – ოქროს, რაპირით ფარიკაობაში – ვერცხლის, ხოლო დაშნით ფარიკაობაში – ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ორი ერთნაირი სინჯის მედალი აიღო ნინა თიბილაშვილმა. მან ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაო მოიპოვა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში 20 აპრილს დაბრუნდება.