საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) მიერ გამართული ქალთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ფოტო: GCF

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზეს: ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ, ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ.

ფინალში, რომელიც პოლონეთში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის ნაკრები ორივე შეხვედრაში დაამარცხა. ქართველებმა პირველი დაპირისპირება ანგარიშით 2½-1½ მოიგეს, მეორე შეხვედრაში კი მეტოქეს დიდი უპირატესობით – 3½-½ სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად აშშ-ის ნაკრები დაამარცხა, მანამდე კი, ნახევარფინალში მოსახვედრად, ჩინეთის ნაკრებს სძლია.