გამართული ინფრასტრუქტურა, გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები, სპორტი და ფიტნესი, საერთაშორისოდ აკრედიტებული სკოლები და სერტიფიცირებული ლაბორატორიები, ხელმისაწვდომი ფასი და ხარისხი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრულფასოვანი დასაქმების შესაძლებლობას იძლევა ‒ ეს ყველაფერი საქართველოს უნივერსიტეტის თითქმის ორი ათეული წლის მონაგარია, სადაც საერთო ჰოლდინგში საბავშვო ბაღი, საშუალო სკოლა, პროფესიული კოლეჯი, მუსიკის აკადემია, რობოტექნიკის აკადემია, სტომატოლოგიური კლინიკა, Start Up Factory, საგამომგონებლო ცენტრები და სხვა შვილობილი ორგანიზაციები შედის. განვითარების ახალი ხაზი დღეს უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრების ათვისებაზე გადის. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთა შესახებ, საქართველოს უნივერსიტეტის მოკლე ისტორიასთან ერთად, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ…
საქართველოს უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში პირველად 2004 წლის ოქტომბერში გამოჩნდა ‒ მაშინ მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მანანა სანაძემ დიდი მისია იკისრა, მას სურდა, განათლების სისტემა საბჭოთა ფესვებს მოეწყვიტა და მეტი დასავლური, კერძოდ კი ამერიკული სტანდარტი შემოეტანა.
ამერიკული სტანდარტით მას შემდეგ მოიხიბლა, რაც 2002 წელს, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული პროექტით, ამერიკის ათამდე სხვადასხვა ცენტრალურ ქალაქში საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ლექციებიც მოისმინა.
საქართველოში დაბრუნებულმა, თავის მეგობართან და თანამოაზრესთან ‒ გიული ალასანიასთან ერთად, უნივერსიტეტის ჩანასახი ‒ ტექნიკური უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ არსებული მაგისტრატურა გახსნა.
იმ პერიოდში სპეციალურად ამ მაგისტრატურისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ოთახი საგულდაგულოდ გარემონტდა, ბიბლიოთეკის შევსება კი, საწყის ეტაპზე, თავად დამფუძნებლების საოჯახო ბიბლიოთეკებითა და აშშ-დან და ევროპიდან მათ მიერვე ჩემოდნებით ჩამოზიდული წიგნებით დაიწყო.
2004 წლის ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, თუმცა, კერძო უნივერსიტეტად ჩამოყალიბება შემთხვევითობა უფრო იყო, ვიდრე გამიზნული სტრატეგიული ნაბიჯი. უფრო სწორად, გრძელ ვადასა და მაგისტრატურის მზარდი პოპულარობის პირობებში, ეს მაინც მოხდებოდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარა: ევრაზიის ფონდის საგრანტო დაფინანსების მისაღებად სააპლიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ იურიდიულ პირად რეგისტრაციას გულისხმობდა. ამ მიზნით შეიქმნა შპს „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა“. შპს-დ გადაკეთებულმა მაგისტრატურამ, მართალია, მაშინ გრანტი ვერ მოიპოვა, მაგრამ, დ დარჩა და ძალები უკვე დამოუკიდებლად მოიკრიბა. „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“ ჯერ „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი“, საბოლოოდ კი „საქართველოს უნივერსიტეტი“ ეწოდა.
მზად აღმოჩნდით ამ რეალობისთვის?
რთული იყო. როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, ტექნიკური უნივერსიტეტის ფართით სარგებლობისთვის იჯარა უნდა გადაგვეხადა. როცა უნივერსიტეტებში სამხედრო კათედრები გაუქმდა, სტუ-ის მე-5 კორპუსში ის ფართი ვიქირავეთ, რომელიც მანამდე სტუ-ის სამხედრო კათედრას ეკავა. ჯერ მხოლოდ ორი სართული, თანდათან დანარჩენი სართულებიც. განვითარების იმ ეტაპზე იჯარის თანხის მობილიზება ჩვენთვის ადვილი ამოცანა არ იყო. ამიტომ ახალი პროგრამების დამუშავება და დამატება დავიწყეთ. ასე გავხსენით 2005 წელს უკვე საბაკალავრო პროგრამებიც. იმ პერიოდში არსებული რეგულაციების მიხედვით სტუდენტების ზღვრული რაოდენობა სასწავლო ფართის კვადრატულობით განისაზღვრებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ფართიდან გამომდინარე, საკმაოდ ცოტა სტუდენტი გვერგო – 127, მაგრამ იმხანად ეს რაოდენობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად სულ სამი საბაკალავრო პროგრამა გვქონდა: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ერთიანი ჰუმანიტარული პროგრამა, სადაც მესამე კურსელები შემდეგ მიმართულებებს ირჩევდნენ: – პოლიტიკა, ისტორია და არქეოლოგია. ჩემი ხელფასი მაშინ 300 ლარი იყო. სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური მთლიანად უნივერსიტეტის მიმდინარე ხარჯების დაფარვასა და განვითარებას ხმარდებოდა. ველოდებოდი, როდის მოგროვდებოდა საკმარისი თავისუფალი თანხა, რომ კიდევ ერთი აუდიტორია გამერემონტებინა და სტუდენტებს მეტი სივრცე ჰქონოდათ.
და შემდეგ, მეხუთე კორპუსი აუქციონზე გავიდა…
უცებ დაგვჭირდა მილიონ სამასი ათასი დოლარის მობილიზება, რადგან თუ კორპუსს სხვა იყიდდა, ჩვენი რემონტიც წყალში გვეყრებოდა და შენობის გარეშეც ვრჩებოდით. თუმცა, აუქციონზე კონკურენტი არ გვყოლია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის ცხადი იყო რამხელა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ამ კორპუსის განახლება. თანაც ფუნქციონალურად შენობა ათწლიანი ვადით საგანმანათლებლო პროფილით იყო დატვირთული, რაც მას ბიზნესის კუთხით სრულიად არამომხიბლავს ხდიდა. ჩვენთვის მას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა… რთული წარმოსადგენი იყო, რომ იმ კორპუსისაგან თითით საჩვენებელი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა გამოვიდოდა.
განვითარების ამ ეტაპზე, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სტარტაპი იყავით – როგორ შეძელით აუქციონისთვის საჭირო თანხის მოძიება?
ზოგს ჰგონია, რადგან ჩემი პარტნიორი, გიული ალასანია იმჟამად მოქმედი პრეზიდენტის დედა იყო, ჩვენთვის ყველა კარი იოლად იღებოდა. არადა, ასე საერთოდ არ ყოფილა. მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება კორუფციისა და ნეპოტიზმისადმი… შესაბამისი დამოკიდებულებით იყო განწყობილი ჩვენდამი ყველა სახელმწიფო უწყებაც. ყველას ეშინოდა ჩვენ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა. დემონსტრაციულად რთულად და ძვირად გვიწევდა ყველაფრის მოპოვება, ყველა ეტაპზე ბრძოლა გვიხდებოდა. ბაზისბანკმა გამოგვიწოდა მაშინ ხელი და მილიონ სამასი ათასი დოლარით დაგვაფინანსა. ეს ბანკი იმ დროს დაგვიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და ახლა, როცა სხვა ბანკებისგან ზოგჯერ ბევრ საინტერესო წინადადებებს ვიღებთ ხოლმე, მაინც ბაზისბანკის ერთგულები ვრჩებით.
2008 წლის ივლისში კიდევ გაფართოვდით…
ამ გაფართოებას ძალიან ბინძური კამპანია მოჰყვა – რას არ ამბობდნენ, რომ ვითომ 200 ლარად ვიყიდეთ ან სახელმწიფომ საერთოდ გვაჩუქა შენობა. ცხადია, ყველაფერი აბსურდი იყო. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე დაახლ. 2,000,000 აშშ-ის დოლარად შევისყიდეთ კარკასი, რომელიც 25 წელი ღია ცის ქვეშ იდგა და მისი მოშიშვლებული კონსტრუქციები წვიმისა და თოვლის შედეგად კოროზიას განიცდიდა. შენობას ბევრგან სართულების გადასახური რკინაბეტონის ფილაც აღარ ჰქონდა და, მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტრომ შენობის საწყისი ფასი სართულების მიხედვით კვადრატურით გამოიყვანა. თან, პირველი სართულის კვადრატულობის სართულების რაოდენობაზე გადამრავლებით, მაშინ, როცა ბოლო სართულების ფართობი ბევრად მცირე იყო. მის ყიდვაზე დეველოპერები უარს აცხადებდნენ, რადგან ეს არ იყო მომგებიანი წინადადება. ამ შენობიდან მიღებული პოტენციური სარგებელი ვერ ამართლებდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ კარკასისა და მასზე მიმაგრებული მიწის აუქციონზე გამოტანილ საწყის ფასს და იმ დანახარჯებს, რაც ამ კარკასის საექსპლუატაციოდ მოსამზადებლად იყო საჭირო. ჩვენთვის მას კვლავაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იქვე ხომ უნივერსიტეტის ორი სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა (ერთი შენობა და სპორტული დარბაზი ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის აუქციონზე ნაყიდი კორპუსის იმ უსახური და დაუსრულებელი მიშენებებიდან შევქმენით, რომლებიც კორპუსს თან მოჰყვა) და ამ კარკასის შეძენა ჩვენი კამპუსის იქვე გაფართოების ერთადერთი შანსი იყო. ამ შემთხვევაშიც ბაზისბანკი დაგვიდა გვერდით, 2 მილიონი დოლარი გვასესხა. თუმცა კარკასის კონსტრუქციული გამაგრება, მშენებლობის დასრულება და საექსპლუატაციოდ მომზადება გაცილებით დიდ თანხებს საჭიროებდა.
გამოდის, კიდევ ერთხელ დაგიდგათ საკმაოდ დიდი თანხების მობილიზების საჭიროება.
დიახ. ამ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა OPIC-დან მივიღეთ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩვენ აღმოვჩნდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც OPIC- მა დააფინანსა. მასთან ერთად განვახორციელეთ 12,000,000 აშშ-ის დოლარის ღირებულების პროექტი, რომელშიც 4,000,000 აშშ-ის დოლარის ოდენობით თანამონაწილეობა ჩვენ გვეკუთვნოდა (ამ თანხაში ითვლებოდა ჩვენ მიერ შენობისა და მასზე მიმაგრებული მიწის შესაძენად უკვე გადახდილი თანხა). OPIC აშშ-ის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საზღვარგარეთ არსებულ აშშ-ის ბიზნესებს აფინანსებს. ასეთად კი ითვლებოდა ყველა ის ბიზნესი, რომელშიც ამერიკული თანამონაწილეობა მთლიანი წილის არანაკლებ 25%-ს წარმოადგენდა. OPIC-ის პირობების დასაკმაყოფილებლად მე და გიულიმ თანაბრად დავთმეთ ჩვენ-ჩვენი წილები და შპს-ში ამერიკელი პარტნიორები შემოვიყვანეთ. OPIC-დან დაფინანსების მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის კონსალტინგურ კომპანია „უინგს ენდ ფრიმანს“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი კარლო (კოკა) გოგინავა ჩვენი ახლობელი და გარკვეული პერიოდი თანამშრომელიც იყო. OPIC-ის ინჟინრების მეთვალყურეობით, ყველა მზიდი კონსტრუქცია ხელახლა გამაგრდა, გამაგრდა საძირკველიც, დაემატა საყრდენი კედლების რაოდენობა და 2012 წელს რესტავრაცია-მშენებლობა სრულად დავასრულეთ. სტუდენტების რაოდენობამ 6000-ს გადააჭარბა.
2008 წელი საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო – ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები ერთად ამძიმებდა მოსახლეობის მდგომარეობას. 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის 4%-ით შემცირდა.
რა სტრატეგია დაუპირისპირეთ ამ გამოწვევებს?
მკვეთრად შევამცირეთ გადასახადი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ამ პერიოდში ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის. ამის დაბალანსება სტუდენტთა რაოდენობის ზრდით ვცადეთ. თუმცა, სწავლების მაღალი სტანდარტის გამო, რის დაგდება არც კი განიხილებოდა, ბევრი კი აბარებდა, მაგრამ შემდეგ, სწავლისთვის ფეხის აწყობა უჭირდა და უკმაყოფილო, სხვა უნივერსიტეტებში გადადიოდა. შემოსული ნაკადიდან სტუდენტების დაახლოებით 30% ამთავრებდა საქართველოს უნივერსიტეტს, მაგრამ ვინც ამთავრებდა, ხარისხიან განათლებას იღებდა. დღემდე, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე – ეს ხარისხია და ამით ძალიან ვამაყობთ.
როგორ ზომავთ ხარისხს და ეფექტიანობას?
უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის მთავარი საზომი მისი კურსდამთავრებულების წარმატებაა, ასევე ის სამეცნიერო სიახლეები, რაც იქ იქმნება. ორივე კუთხით, ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი ვართ. ცხადია, როგორც ბიზნეს-ორგანიზაციისთვის, ეფექტურად საქმიანობის გასაგრძელებლად აუცილებელია მისი შემოსავლები იზრდებოდეს, რაც მას სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარების საშუალებას აძლევს. ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების 94%- ზე მეტი წარმატებულადაა დასაქმებული, ის, რომ ჩვენი სტუდენტები იმარჯვებენ მსოფლიო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე (აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ჯგუფმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს მედიაციის კონკურსზე და დაამარცხა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტების გუნდები. ეს საქართველოსთვის ისტორიული წარმატება იყო) ცალსახად მიუთითებს სასწავლო პროცესის ხარისხზე. საერთაშორისო რეიტინგითაც, საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონული ლიდერია. მას მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი უსწრებს სამეცნიერო-კვლევით ნაწილში (თსუ, ილიაუნი, სტუ, თსსუ, ბაქოსა და ერევნის უნივერსიტეტები), თუმცა, ამ მხრივაც რეგიონში ყველაზე სწრაფად ვვითარდებით. ესპანური საერთაშორისო მარეიტინგებელი კომპანიის, „ვებომეტრიქსის“ კვლევის მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების 4,000-ეულში შედის, რითაც ის ევროკავშირსა და აშშ-ში არსებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო 25%-შია. საქართველოში არსებული სხვა კერძო უნივერსიტეტები ამავე რეიტინგით მე- 10,000 ადგილის მიღმა არიან.
ამ ნაწილში თუ არსებობს ე.წ. ქართული საზომი?
თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს. ბევრი უნივერსიტეტი საკუთარ კონკურენტუნარიანობასა და ეფექტიანობას იმით ზომავს, რამდენად მეტი მაღალგრანტიანი, რეიტინგული სტუდენტი მივა. ჩვენი გადმოსახედიდან უნივერსიტეტის სიძლიერე მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. მეტიც, შეიძლება იმით უფრო განისაზღვრება, რა პროგრესს განიცდის სტუდენტი უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში, რამდენად განსწავლული ტოვებს კურსდამთავრებული უნივერსიტეტს – იმის მიუხედავად, თუ რამდენი იცოდა უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე. ცხადია, ზუსტ ანალოგიად ვერ გამოდგება, მაგრამ როცა სამკურნალო დაწესებულებას ვირჩევთ, ხომ იმას ვაკვირდებით, რამდენად კარგი ექიმები ჰყავთ, როგორი აპარატურა აქვთ და ა.შ. და არა იმას, თუ რამდენად ჯანმრთელი პაციენტები მიდიან იქ სამკურნალოდ.
თუმცა, ზოგადად, როგორ თვლით, რამდენი იციან აბიტურიენტებმა, რომლებიც ყოველწლიურად აბარებენ უნივერსიტეტებში? მათი ჯამური რაოდენობა დაახლოებით 30 ათასია.
ამ მხრივ, საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გავუსწოროთ თვალი ამ რეალობას. ყოველწლიურად მართლაც 28-30 ათასი აბიტურიენტი აბარებს უნივერსიტეტებში. მათგან 4 ათასი სტუდენტი იღებს სრულ გრანტს და მერწმუნეთ, მხოლოდ ეს 4 ათასი აბიტურიენტია რეალურად მომზადებული საუნივერსიტეტო პროგრამისთვის. ჯამურად რომ შევხედოთ, 75-50%-იან გრანტს იღებს 10 ათასი სტუდენტი. ლოგიკა და წაკითხულის გააზრება – უფრო მარტივად რომ ვთქვათ, წერა და კითხვა – ძალიან მნიშვნელოვანი უნარებია, რაც, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს აბიტურიენტს, რომელიც უნივერსიტეტში აბარებს. დღეს ამის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი არ არის თუნდაც, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება – უნარების ტესტის ამოღება საგამოცდო დღის წესრიგიდან. ბავშვი ყველა ეტაპზე განსხვავებულად იგებს და აანალიზებს მასალას – ამიტომ, როცა უნივერსიტეტში ეს საბაზისო უნარები აკლია, მას უჭირს დაეწიოს საუნივერსიტეტო დონეს. სათქმელად ძალიან მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია.
ამას მხოლოდ თქვენ არ ამბობთ. PISA-ს რეიტინგიც ამის დასტურია. მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს – მაშინ რატომ იღებთ ამ სტუდენტებს?
შანსს ვაძლევთ. ეს არ არის ამ ბავშვების ბრალი. ეს იმ მასწავლებლების ბრალიცაა, რომლებიც სასერტიფიკატო გამოცდებს ვერ აბარებენ და მათი პროტესტის შემდეგ, გამოცდები იხსნება ხოლმე. დღეს საქართველოს უნივერსიტეტის სტამბას ხელმძღვანელობს ჩვენი კურსდამთავრებული, რომელსაც მსგავსი სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ტახტზე იძინებდა, უნივერსიტეტს არ ტოვებდა და სულ მეცადინეობდა. ერთხელ რომ ვკითხე, აქ არასასწავლო დროს რას აკეთებ-მეთქი, ასე მიპასუხა – მივხვდი, რომ ახლა თუ არ ვისწავლე, ცხოვრებას უკან ვეღარ მოვატრიალებო. ასე რომ, არიან ბავშვები, რომლებიც ამას იაზრებენ. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უფრო მეტია მათი რაოდენობა, ვინც გამოცდის შედეგს გააპროტესტებს, ვინც იხუვლებს და იმედი აქვს, რომ უშრომლად დაამთავრებს უნივერსიტეტს. ვუხსნით, რომ ქულა ვერ იქნება ჭიდილის საკითხი. ქულა უნდა დაიმსახურო ცოდნით. მხოლოდ ქულით ცოდნას ვერ მიიღებ.
სისტემა გეხმარებათ?
სისტემა სისტემაა. საქმეს – როგორიც უნდა იყოს ის – ხელს თუ ჰკიდებ, ხედვა და მოტივაცია გჭირდება. მაშინ გზას ყოველთვის მონახავ. თუმცა სისტემასთან გარკვეული კითხვები მაინც გვაქვს: მაგალითად, რას ემსახურება საერთო 51 ქულიანი ზღვრის დაწესება? ამ ქულის შემდეგ, სტუდენტის მოსწრება დამაკმაყოფილებლად ითვლება. ჩვენ, ამერიკული სისტემის მსგავსად, 60 ქულა გვქონდა იგივე ზღვრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტანდარტი გაცილებით მაღალი იყო. რატომ უნდა დავწიო ჩემი სტანდარტი? თუ სტუდენტი ჩემთან არ მოვა, ან თუ სხვა უნივერსიტეტში გადავა მობილობით, ეს ხომ ჩემი – როგორც კერძო უნივერსიტეტის რისკია? ან მაგალითად, რატომ უნდა ურთულდებოდეთ ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს სკოლაში დასაქმება? ჩვენ ჰოლდინგური სისტემა გვაქვს – ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ჩვენთან ასეთი მიდგომაა: ექვსი წლის განმავლობაში, დამრიგებელი აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგიც. ამიტომ ძალიან ხშირად, ჩვენს სტუდენტებსაც ვასაქმებდით, შესაბამისი ანაზღაურებით. თუმცა დღეს ისინი კრედიტების დაგროვების გზით, სკოლაში ვეღარ ხვდებიან – ჯერ ბაკალავრიატი უნდა დაასრულონ, შემდეგ 60 კრედიტი აიღონ და ამასობაში უკვე სხვა შემოთავაზებას თანხმდებიან. თუკი სისტემას გაახალგაზრდავება და თანამედროვე უნარების მასში დანერგვა სურს – მაშინ რა საჭიროა ასეთი ბარიერები? და ბოლოს, დღემდე გვაქვს კითხვა – რატომ არ შეიძლება პანდემიის დროს, უცხოელი სტუდენტებიც დისტანციურად სწავლობდნენ და მხოლოდ გამოცდებზე ჩამოდიოდნენ აქ და ადგილზე აბარებდნენ გამოცდას? მთელი მსოფლიო ამ სქემაზეა გადართული. ჩვენც რამდენჯერმე მივმართეთ განათლების სამინისტროს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებისთვის ორიენტაციას სწორედ უცხოელ სტუდენტებზე ვაკეთებთ. ამ მიმართულებით 2011 წლიდან ვმუშაობთ.
რატომ უცხოელი სტუდენტები?
უცხოელ სტუდენტებზე ორიენტირება, ვფიქრობ, თანდათან ყველა უნივერსიტეტმა უნდა შეძლოს. უცხოელი სტუდენტებისთვის ჩვენი საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება საქართველოს ექსპორტის მაგალითია. ექსპორტზე ორიენტირებულობა კი ყველა დარგში ხარისხის ამაღლების მთავარი გარანტია. ასეთ დროს, კონკურენციაში შედიხარ მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად იძულებული ხდები სტუდენტს დასავლური სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება შესთავაზო. ქართული უნივერსიტეტები მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთისთვის კონკურენტებს აღარ წარმოადგენენ. მსოფლიო ბაზარი ხომ უზარმაზარია… მეტიც, ასეთ დროს უნივერსიტეტები ერთმანეთის პარტნიორები გამოდიან, და თითოეული მათგანი დაინტერესებულია ყველა დანარჩენის მაღალი ხარისხით. სტუდენტი ხომ გადაწყვეტილებას პირველ რიგში ქვეყნის მიხედვით იღებს. მან იცის, რომ, ვთქვათ, ინგლისში, გერმანიასა თუ აშშ-ში მაღალი დონის უნივერსიტეტებია, იქ სწავლის გადაწყვეტილებას იღებს, და მერე იწყებს სასურველი უნივერსიტეტის შერჩევას. ყველა ქართული უნივერსიტეტის ინტერესებშია, რომ საქართველომ დაიმკვიდროს რეგიონში სასურველი საგანმანათლებლო კერის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში თითოეულ უნივერსიტეტში სწავლის მოსურნეთა საერთო რიცხვი გაიზრდება. ვფიქრობ, ექსპორტზე ორიენტირება ერთადერთი გამოსავალიცაა ჩვენთან უამრავი დარგის გადასარჩენად. ვთქვათ, საქართველოში გვირაბმშენებლობაზე ან მანქანათა მექანიკაზე ჩამბარებელთა რიცხვი ძალზე მცირეა, რადგან აქ ათწლეულში შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე გვირაბი აშენდეს, მანქანათმშენებლობა კი საერთოდ არ გვაქვს. სტუდენტების სიმცირე აუცილებლად გამოიწვევს ასეთი მიმართულებების კვდომას. თუმცა, თუ სტუდენტებს საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანთ, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა პროფესორებსაც, ამ აკადემიური დარგების შენარჩუნებისა და განვითარების პერსპექტივა გაიზრდება… ვფიქრობ, რომ საქართველოს კარგი შანსი აქვს იქცეს რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბად. ამისთვის მრავალი ხელშემწყობი პირობაა, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ ქვეყანა იქცა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად მსოფლიოში (იმედია ბოლო დროს გაზრდილი კრიმინალი ამ სურათს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოში სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას. საქართველო მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება, მასთან ასოცირებულ თავისუფლების მაღალ ხარისხს კი მაგნიტური ეფექტი აქვს რეგიონის ახალგაზრდებისთვის. ევროპასთან და თურქეთთან შედარებით, საქართველოში ცხოვრება გაცილებით ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო უნივერსიტეტების დონე დასავლური სტანდარტების შესაბამისია.
რომ შევაჯამოთ, სამომავლოდ, საქართველოს უნივერსიტეტისთვის ადგილობრივ ბაზარზე მეტად, უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურენცია იქნება?
გლობალური მასშტაბით თუ დავაკვირდებით ევრაზიის კონტინენტზე ყველა პროდასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ-ის დასაყრდენი ქვეყნები შესაბამის რეგიონებში, უკლებლივ ყველა, თანდათან ჩამოყალიბდა რეგიონულ საგანმანათლებლო ჰაბებად. საგანმანათლებლო ჰაბობა ქვეყანას შემდეგ მნიშვნელოვან მისიას სძენს: შედარებით ნაკლები დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან აქ ჩამოსული ახალგაზრდები ეზიარებიან ლიბერალურ ღირებულებებს და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობას მიიღებენ საკუთარი საზოგადოებების დემოკრატიზაციის პროცესში. საქართველოში გატარებული სტუდენტობა და მასთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებები უცხოელ სტუდენტებს ჩვენს „ელჩებად“ აქცევს საკუთარ ქვეყნებში. ეს გაზრდის როგორც ჩვენი ქვეყნისა და კულტურის ცნობადობასა და ავტორიტეტს, ისე ხელს შეუწყობს სამომავლო ბიზნეს-კავშირებს და რეგიონში ჩვენი ქვეყნის გავლენის ზრდას. ეს ჩვენი ისტორიული შანსია, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ, თუ გვინდა, რომ 21-ე საუკუნეში წარმატებული ერი ვიყოთ.