თითოეულ სივრცეში ინდივიდუალური ხელწერა იგრძნობა, მაგრამ საერთო შტრიხი ‒ ჰარმონიისა და სიმყუდროვის განცდა ‒ მიგანიშნებს, რომ ეს განწყობა შემთხვევითი არაა და, მეტიც, კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„კომუნალი“ თბილისის ისტორიულ უბნებში ‒ სოლოლაკში და პლეხანოვზე ბუტიკ-ურბანულ სასტუმროებს, ასევე თელავში ბუტიკ-რეზორტის ტიპის სასტუმროს აერთიანებს.
სასტუმროების გარდა, კომპანია ფოკუსირებულია რესტორნებისა და ბარების მიმართულებაზეც. რესტორან „ველერში“ წამყვანი ხაზი ახლო აღმოსავლური კულინარიაა. მის მეზობლად მდებარეობს კომუნალ-კაფე, რომელიც ბრანჩის კონცეფციას ატარებს.
სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციული მიმართულების გარდა, კომპანიამ დამატებით განავითარა მაღაზია, იგივე კონცეპტ-სთორი, სახელწოდებით „კომუნალ-კრაფტი“, რომელიც ქართველი არტისტების მიერ შექმნილ პროდუქტზე ფოკუსირდება.
კომპანიის საქმიანობის მრავალფეროვანი არეალის შესახებ „კომუნალის“ თანადამფუძნებელი და დიზაინერი კაწა სამსონაძე გვიყვება.
როდის და რა ფორმით დაარსდა კომპანია? რითი დაიწყო მისი ისტორია?
კომპანია დაარსდა 2017 წელს იმ მიზნით, რომ საქართველოს ტურისტულად და კულტურულად მიმზიდველ სხვადასხვა არეალში შექმნილიყო მაღალი ხარისხის ბუტიკის ზომის სასტუმროები, რესტორნები, ბარები და ჰოსპითალითი სფეროსთან თანაარსებული კონცეფციები თუ სივრცეები.
რით ჰგავს ერთმანეთს „კომუნალის“ სასტუმროები და რა არის მათ შორის მთავარი განმასხვავებელი? რა აერთიანებს სამივე ობიექტს? როგორია საერთო კონცეფცია?
ძირითადი მსგავსება არის ბუტიკის კონცეფცია, რადგან ყველა სასტუმრო მსგავსი ზომისა და მასშტაბისაა. თანამიმდევრულია სივრცითი დაგეგმვის ხედვა, რაც კამერულ და მყუდრო გარემოს ქმნის კომუნალის სივრცეებში. მსგავსებებს იპოვით ხასიათსა და განწყობებში როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის მიმართულებით. დეტალებზე ორიენტირებულობა და ამ დეტალების მსუყე, მაგრამ ჰარმონიული ნაზავი იმ საერთო ემოციას ქმნის, რაც საერთოა კომუნალის სასტუმროებისთვის. ჩვენი სივრცეები არ არის კორპორატიული და სტერილური, გარემო ყველგან თბილი და კომფორტულია.
რაც შეეხება განმასხვავებელ ფაქტორებს, აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა: თითოეული სასტუმრო ინსპირირებულია ნაგებობით, მისი აშენების პერიოდითა და არქიტექტურით. ამ შენობას საინტერესო ისტორია აქვს, რასაც ქალაქი და მისი სხვადასხვა უბანი განსაზღვრავს. ადგილმდებარეობა კი სასტუმროს ინდივიდუალურ სახესა და ხასიათს გვკარნახობს.
რის მიხედვით შეირჩა თბილისის სასტუმროების ადგილმდებარეობა ‒ სოლოლაკი, პლეხანოვი?
სოლოლაკი და პლეხანოვი ქალაქის კულტურულად მდიდარი უბნებია, დიდი ისტორიითა და გამორჩეული არქიტექტურით. ორივე უბანი ტურისტულად საინტერესოა და, ამავე დროს, ქალაქში მცხოვრებ ახალ თაობასაც იზიდავს, რომელიც ცდილობს საკუთარი ყოველდღიურობა სწორედ კულტურულად მდიდარ და საინტერესო უბნებს დაუკავშიროს. ეს ქმნის მიზიდულობის ძალას, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ტურისტები და ადგილობრივები. საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, რომელიც მნიშვნელოვანია ურბანული სასტუმროს სწორად განვითარებისთვის.
რატომ აირჩიეთ თელავი?
თელავი ავირჩიეთ ბევრი კარგი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ეს არჩევანი განაპირობა გამორჩეულად სასიამოვნო და ღირსეულმა ხალხმა, რომელიც ამ ქალაქის ყოველდღიურობას ქმნის. თელავი შთამბეჭდავი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქია, გარშემორტყმულია ბუნების ძეგლებითა და ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშებით. გარდა ამისა, ქალაქში მუდამ მზიანი და სასიამოვნო ჰავაა, რაც განწყობასა და დასვენებაზე დადებითად მოქმედებს. ემოციური ფაქტორების გარდა, გავითვალისწინეთ თბილისთან და საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოტენციალი და ის ფაქტორი, რომ ტურისტულ რუკაზე თელავი აქტიურადაა წარმოდგენილი.
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა „კომუნალის“ სხვადასხვა სივრცეში დიზაინი და თუ არსებობს ერთიანი ხედვა, სტილი, რომელიც ყველა თქვენს სივრცეს თან გასდევს როგორც საავტორო ხელწერა?
სწორედ დიზაინით ხდება კონცეფციის და ხედვის ილუსტრირება. სივრცის დიზაინით აწვდი მომხმარებელს იდეებს, სუბ-კულტურას, განწყობებსა და ემოციას, ეს ყველაფერი კი ერთიანობაში ბრენდის იდენტობის განცდას ქმნის. რამდენადაც კომუნალის თითოეული სივრცე ერთიანი ხედვის ნაწილია, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაჭერა მათ გამაერთიანებელ და განმასხვავებელ კომპონენტებში იმისთვის, რომ ბრენდის თანამიმდევრულობა არ დაიკარგოს და, ამავდროულად, თითოეულმა სასტუმრომ იდენტურობა შეინარჩუნოს.
რით განსხვავდება „კომუნალის“ სასტუმროები საქართველოს სხვა სასტუმროებისგან? რა არის ბრენდის მთავარი თავისებურება, მთავარი უპირატესობა, – ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
ჩემი აზრით, ჩვენი უპირატესობაა ის, რომ კომუნალი ზედმიწევნით გარკვეულია საკუთარ ხედვებსა და მიზნებში. ჩვენ ავირჩიეთ ბუტიკის ნიშა, რომელიც კონკრეტული მასშტაბითა და ზომით შემოიფარგლება. ვავითარებთ პროექტებს მომავლის ლოკაციებზე და ორიენტირებულები ვართ სწორ, თანაზომიერ ზრდაზე. ჩვენს პრიორიტეტებს შორისაა თანამშრომლების განვითარება. პროცესს ანტრეპრენიერულად ვუდგებით და მუდმივად ვცდილობთ კომფორტის ზონიდან გამოსვლას. არ გვეშინია შეცდომების დაშვების, მაგრამ, ამავე დროს, სწრაფად ვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს და სწრაფადვე ვსწავლობთ, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ყოველი მომდევნო პროექტი წინასთან შედარებით უკეთესია.
ვისზეა გათვლილი „კომუნალის“ სასტუმროები?
სიტყვა “Communal” ნიშნავს საყოველთაოს, საერთოს, იმას, რასაც საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად მოიხმარს. ასე, რომ, კომუნალი საკუთარი ინკლუზიური იდეითა და დემოკრატიული ხედვით ყველასთვისაა გათვლილი და ხელმისაწვდომი.
რესტორან „ველერზე“ მოგვიყევით – რას უკავშირდება მისი სახელწოდება, რამ განსაზღვრა მისი ადგილმდებარეობა, კონცეფცია?
„ველერის“ იდეა სასტუმრო კომუნალ პლეხანოვის შენობას უკავშირდება, რომლის მთავარ სართულზეც განთავსებულია რესტორანი და ბარი. შენობა აგურის ძველი საცხოვრებელი სახლი გახლდათ, რომელსაც წლების წინ ფლობდა ქართველ ებრაელთა ოჯახი. ამ ისტორიით შთაგონებულებმა მივიჩნიეთ, რომ საინტერესო იქნებოდა ებრაულ და, ზოგადად, ახლო აღმოსავლურ კულინარიაზე გვეფიქრა. რაც შეეხება სახელს, გამოვიყენეთ ჩემი ბებიის, ნინა ველერის გვარი, რომელიც საქართველოში იმიგრირებული გერმანელი ებრაელის შვილი გახლდათ. ამით ერთგვარი ლეგიტიმურობა შევძინეთ ჩვენს კონცეფციას და „უფლება“ მოვიპოვეთ, სტუმრებისთვის თანამედროვე ებრაული და ახლო აღმოსავლური კულინარია შეგვეთავაზებინა.
როგორია კომუნალის კონცეპტ სთორის კონცეფცია?
„კომუნალ კრაფტი“ არის სივრცე, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ მოვიდნენ, მიირთვან, იმუშაონ, დაისვენონ და გაეცნონ მუდმივად განახლებად კოლექციას. ისევ და ისევ სიტყვა „კომუნალიდან“ გამომდინარე, აქაურობის კონცეფციაც უკავშირდება რაღაც საერთოს, რასაც საზოგადოების წევრები იზიარებენ და მოიხმარენ; რაც ემსახურება საყოველთაო მიზანს. სახელწოდებაც მიანიშნებს ჩვენს ხედვას: გვინდა მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია იყოს ფართო მოხმარების, მაქსიმალურად ინკლუზიური, დემოკრატიული და ხელმისაწვდომი. ხელნაკეთი ნივთების წარმოებაში ჩართულნი არიან ოსტატები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ამ იდეის კომერციულად გარდაქმნა მოვახერხეთ.
რა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ „კომუნალის“ სასტუმროებს სხვა აუთლეთებიც დაემატა? რა დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ეს ახალი სივრცეები?
ახალი სივრცეები იმ ახალი იდეების გამოძახილია, რომლებიც გუნდში მუდმივად იბადება. ეს ერთგვარი თვითრეალიზების პროცესია, როდესაც გინდა, რომ იდეები დანერგო, სხვებს გაუზიარო და ამით დაეხმარო საკუთარ ბიზნესსა და თანამშრომლებს განვითარებაში. დაეხმარო საკუთარ ქვეყანას, რომ უკეთ წარმოჩნდეს საერთაშორისო ბაზარზე კრეატიული და თანამედროვე პროდუქტით. ამის დიდი პოტენციალი გვაქვს და ვფიქრობ, ბევრ მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესს უნდა მიეცეს განვითარების, საკუთარი ხედვებისა და იდეების დანერგვის საშუალება.
პანდემიის პერიოდი როგორ აისახა კომპანიაზე? რა იყო მთავარი გამოწვევა ამ პერიოდში?
პანდემიის პერიოდში ძირითადი გამოწვევები იყო სიტუაციაში დროული და სწრაფი გარკვევა, დაბნეულობის თავიდან აცილება, ნიჰილიზმში არ ჩავარდნა, დროის უაზროდ არ დაკარგვა, რადგან უამრავი რამ შეიძლება მოესწროს, თუ გუნდი ფოკუსს შეცვლის და ახალი, მოცემული მომენტისთვის მეტად რელევანტური საკითხების ირგვლივ დაიწყებს ფიქრს თუ განვითარებას. რეტროსპექტრში ვფიქრობ, რომ ბევრი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც მთავარია, არ გავჩერდით, შევძელით ხარჯების ოპტიმიზება და იმ პროექტების დასრულება, რომლებიც დღეს უკვე გაიხსნა და წარმატებით ოპერირებს.
როგორია გეგმები, კომპანიის განვითარების ხედვა?
გეგმები არის მეტის კეთება! ახალი სივრცეების შექმნა და მათი როგორც თვითმყოფადი ბიზნესის დასტაბილურება. ციხისძირი, ქუთაისი, მესტია, წინანდალი, ელიზაბეტალი, სალხინო… ეს ის ლოკაციებია, სადაც კომუნალის განვითარება იგეგმება. ასე, რომ, დარჩით ჩვენთან.