სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში | ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტმა პროექტი „სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში“ განახორციელა. მისი დასკვნითი ეტაპი 30 მაისს გაიმართა, რა დროსაც სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.

პროექტის განხორციელების იდეაზე, მის მიზნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Forbes Woman Georgia-სთან ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ნანა დიხამინჯიამ ისაუბრა.

როდის და საიდან გაგიჩნდათ პროექტის „სამედიცინო ტექნოლოგიები სკოლაში“ განხორციელების იდეა?

შოთა რუსთაველის ფონდს აქვს ყოველწლიური კონკურსი „მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტი“, ალტე უნივერსიტეტში კი ფუნქციონირებს მედიცინის საერთაშორისო სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი – აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ სკოლების ძალების გაერთიანებით ერთობლივად მოგვეფიქრებინა პროექტი, რომელიც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლეებისთვის და მათ სამედიცინო და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით დააინტერესებდა.

ფოტო: ნატა გაბუნია

გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ.

პროექტში მონაწილეობისთვის თბილისის ათი სკოლა შეირჩა, თითოეულ მათგანში კი – მენტორი მასწავლებლები. სწორედ მათ გამოავლინეს საკუთარ სკოლებში, მე-10-მე-12 კლასებიდან, ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომლებმაც პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის განმავლობაში ალტე უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები, გარდა ამისა, მოწვეული მეცნიერები საზღვარგარეთიდან, რომლებიც ბიოტექნოლოგიური მეცნიერებების, ბიოინფორმატიკისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ, ვაცნობდით მოსწავლეებს თანამედროვე ბიოინჟინერიის მიღწევებს. ამასთანავე, ვუხსნიდით მათ, თუ როგორ შეუძლიათ თვითონაც იფიქრონ და იმუშაონ ამ ტიპის პროექტებზე.

ასევე, მოსწავლეებმა მეწარმეობისა და იდეის შექმნის კუთხით გაიარეს ტრენინგები. გარდა ამისა, ალტე უნივერსიტეტში ჩაუტარდათ ელექტრონიკის 10 ვორქშოპი.

ამის შემდეგ, გუნდებმა დაიწყეს იდეებზე მუშაობა, პრობლემების შესწავლა და სამედიცინო სატარებელი მოწყობილობებით მათი გადაწყვეტის გზების ძიება.

30 მაისს ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. სამ საუკეთესო სკოლას გადაეცა Arduino-ს ნაკრებები, რომლებითაც ისინი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას შეძლებენ. გამარჯვებული სკოლები კი არიან 21-ე, 71-ე და 1-ელი სკოლა-გიმნაზია.

ფოტო: ნატა გაბუნია

რა მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი?

პროექტის მიზანი მოსწავლეების თანამედროვე ბიოტექნოლოგიებით, ბიოინჟინერიით დაინტერესება იყო. გარდა ამისა, მათთვის ცოდნის გაზიარება, თუ რა ხდება მსოფლიოში ამ სფეროებში დღესდღეობით, ასევე როგორ შეუძლიათ აღნიშნული მიმართულებით კარიერის არჩევა. ამისთვის ჩვენ მათ შევახვედრეთ ბიოინფორმატიკის მიმართულების სპეციალისტები, ცოტნე ჩიტიაშვილი და დავით მანაგაძე, რომლებიც სილიკონის ველზე მუშაობენ.

გარდა ამისა, მოსწავლეები შეხვდნენ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც ბიოინჟინერია უკვე ისწავლეს და ამჟამად ამერიკაში სამედიცინო ტექნოლოგიებზე მუშაობენ. მოსწავლეები ასევე გაესაუბრნენ ბიოქიმფარმის დირექტორს, რატი ღოლიჯაშვილს და ბიოტექნოლოგიურ სტარტაპებს, საქართველოში ამ მიმართულების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებმა, რომლებმაც მოსწავლეებს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიებში არსებული პრობლემები გააცნეს.

ფოტო: ნატა გაბუნია

სწორედ ეს იყო პროექტის იდეა, რომ მოსწავლეებს გაეცნოთ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, დაინტერესებულიყვნენ კვლევებით, ესწავლათ, თუ როგორ შეუძლიათ ამ პრობლემებზე მუშაობა და ელექტრონიკის გამოყენებით მათი გადაწყვეტა.

მაგალითად, გუნდებმა იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორიც არის: სათვალე უსინათლოებისთვის, რომელიც მათ გადაადგილებაში დაეხმარება; ასევე, ბრძოლის ველზე ჯარისკაცის გადარჩენის მიზნით სწრაფი შეტყობინებისთვის მოწყობილობა; ხელთათმანი, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს ხელის კუნთის ვარჯიშში ეხმარება.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ ჩაატარონ კვლევა და შემდეგ, როგორ იმუშაონ მათ მიერ შექმნილი პროტოტიპების გაუმჯობესებაზე. რამდენიმე გუნდი ფიქრობს, რომ ამ პროტოტიპებზე მუშაობას და ჩვენი მენტორობით მათ დახვეწას გააგრძელებს. მომავალში გუნდებს ამ პროექტების წარდგენა სხვა ტიპის კონკურსებში, მაგალითად სტარტაპკონკურსებში ან ტექნოლოგიურ ჰაკათონებში შეუძლიათ.

ფოტო: ნატა გაბუნია

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? ხომ არ აპირებთ მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის სხვა პროექტის განხორციელებას?

წელს ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი უკვე განვახორციელეთ. მათ შორის იყო „ციფრული მოქალაქეობა სკოლაში“ – მასწავლებლები სწავლობდნენ და შემდეგ მოსწავლეებს ასწავლიდნენ, როგორია თანამედროვე მედიაწიგნიერება, ციფრული უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი. ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა წარმოადგინეს გუნდური ნამუშევრები, რომლებიც ამ მიმართულებით მათ გარშემო არსებულ პრობლემებსა და მათი ტექნოლოგიებით გადაწყვეტას მოიცავდა.

ჩვენ მიერ განხორციელებული მეორე მასშტაბური პროექტი, Forbes Woman Georgia-ს მედიამხარდაჭერით, არის „Technovation Girls“, რომელშიც 61-მა გუნდმა, ანუ 249 გოგონამ მიიღო მონაწილეობა. მათ იმუშავეს თემში პრობლემების აღმოჩენაზე და შემდეგ, მობილური აპლიკაციების პროტოტიპები შექმნეს, ზოგმა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით. ამის შემდეგ კი წარმოადგინეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება თემში არსებული პრობლემების გადაწყვეტა.

გარდა ამისა, ხშირად ვატარებთ ელექტრონიკის ვორქშოპებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.