სალომე ჯანაშვილის თავის მოვლის ბრენდი Orivah Beauty მალე მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდება

მსოფლიო ბაზარზე მალე თავის მოვლის ახალი ბრენდი – Orivah Beauty გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ, “Waterless Beauty” კონცეფციას შესთავაზებს.

ბრენდის დამფუძნებელი, სალომე ჯანაშვილი აღნიშნავს:

„ბრენდის შექმნის იდეა თელ-ავივში ყოფნისას, Forbes Under 30-ის სამიტზე გაგვიჩნდა, რასაც, ისრაელში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, მალევე ჩავუყარეთ საფუძველი. დავუკავშირდით ფლორიდაში მდებარე წამყვან ლაბორატორიას, რომელსაც თავის მოვლის ინოვაციური პროდუქტების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სფეროს სპეციალისტებთან ერთად, შევქმენით 15-მდე დასახელების პროდუქტისგან შემდგარი თავის მოვლის ინოვაციური ხაზი, რომელიც ავითარებს “Waterless Beauty” კონცეფციას, რაც, თავის მოვლის საშუალებებში წყლის გამოყენების შემცირებას გულისხმობს. ამით, მსოფლიოში არსებულ კლიმატურ კრიზისს ვეხმიანებით და ვცდილობთ, თავის მოვლის საშუალებები კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, მასში აქტიური ინგრედიენტების უფრო ჭარბად გამოყენებით, წყლის შემცირების ხარჯზე. გარდა ამისა, Orivah Beauty-ს პროდუქტებში გამოყენებული ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური და ვეგანური“.

Orivah Beauty-ს ორი მმართველი ოფისი აქვს – თბილისში და თელ-ავივში, ხოლო ბრენდი, თავდაპირველად, ამერიკისა და ისრაელის ბაზრებზე იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ნუში, რამდენიმეთვიანი ლაბორატორიული კვლევებისა და ტესტის წარმატებულად გავლის შემდეგ, Orivah Beauty-ს პროდუქტებში გამოყენებული წამყვანი ინგრედიენტი იქნება.