პირველი ქალი პრეზიდენტი საბერძნეთში – თანასწორობის ახალი ერა

© Reuters / Eurokinissi / V. Rebapis
© Reuters / Eurokinissi / V. Rebapis

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარე, ეკატერინი საკელაროპულუ 22 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ჯერ კიდევ 2019 წელს, ანუ მაშინ, როცა ევროკავშირის გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებულ კვლევაში საბერძნეთმა 28 ქვეყანას შორის ბოლო ადგილი დაიკავა, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ერთი წლის შემდეგ ისტორია ხელახლა დაიწერებოდა და თანასწორობის ახალი ეტაპი დაიწყებოდა იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც გენდერული ბალანსი ნაკლებად არის დაცული.

300-წევრიანი პარლამენტიდან, სადაც მანდატების მხოლოდ 18% აქვთ ქალებს, ხმების უმრავლესობა – 261 ხმა, ეკატერინი საკელაროპულუმ მიიღო და პროგრესულობის ახალ ერას დაუდო საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის გენდერული უთანასწორობის ფონზე, ზოგი ამას სიმბოლურ პროგრესულობად მიიჩნევს, ახალ პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს და მათ განხორციელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, მომავალი 5 წლის მანძილზე აპირებს. „დროა საბერძნეთი უფრო ღია გახდეს მომავლისთვის“ – განმარტა ქვეყნის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, მას შემდეგ, რაც საკელაროპულუს კანდიდატურას დაუჭირა მხარი და მისი არჩევის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი პრეზიდენტი ქალია, არამედ იმიტომაც, რომ იგი არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

„პარლამენტს და თითოეულ ბერძენს ვპირდები, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ და ვეცდები, მაქსიმალურად შევასრულო ჩემი საკონსტიტუციო როლი.“ განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ ეკატერინი საკელაროპულუმ და თავის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა კომენტარი. „ამ ეტაპზე საზოგადოებაში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და ნდობის დამკვიდრება, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სუსტების დაცვა წარმოადგენს ჩემთვის პრიორიტეტებს.“

63 წლის ასაკში პოლიტიკურ აუტსაიდერად წოდებულ საკელაროპულუს, პირველობის სტატუსი მხოლოდ პრეზიდენტობით არ ჰრგებია, რადგან იგი ბოლო 15 თვის მანძილზე ასრულებდა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას და იყო პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. მისი კარიერული ისტორია კი ბევრად ადრე, წარმატებული განათლებით იწყება. წარმოშობით ბერძენმა საკელაროპულუმ სამართლის განხრით ისწავლა ათენში, ეროვნულ და კაპოდისტრიულ უნივერსიტეტში და მაგისტრატურა საჯარო სამართლის მიმართულებით პარიზის უნივერსიტეტში გააგრძელა. იგი ასევე ცნობილია, როგორც უმცირესობათა უფლებადამცველი და ადამიანი, რომელიც დიდი ყურადღებით ეკიდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ლტოლვილები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო თავისუფლება თუ სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას საბერძნეთში ფორმალური დატვირთვა აქვს, ეკატერინი საკელაროპულუს არჩევა დიდ იმედებს აძლევს საზოგადოებას. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ქვეყანაში მუდმივი გენდერული უთანასწორობით დაიღალა და მზად არის ცვლილებებისა და პროგრესისთვის.