ინტერნეტი ადამიანებისთვის ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. გაციფრულებული სამყაროს ფონზე, სადაც ყოველდღიური მარტივი ოპერაციებიც კი ინტერნეტის დახმარებით სრულდება, ჩნდება რისკი იმისა, რომ მომხმარებლების ინფორმაციული უსაფრთხოება დაირღვეს. ინტერნეტი ზედამხედველია, რომელიც მუდმივი სიფხიზლითა და მონდომებით აკვირდება ჩვენს ქმედებებს, ინიშნავს ისტორიებს, იმახსოვრებს საკრედიტო ინფორმაციას და რომელმაც იცის, რა მოგვწონს ან რა გვაინტერესებს. თუმცა, სად გადის ინტერნეტისა და მომხმარებლის ურთიერთობას შორის ზღვარი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენ წინააღმდეგ მომართულ იარაღად არ იქცეს, ამ პროცესის თანმდევი კითხვაა.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც 170 ქვეყანაა ჩართული. მისი მიზანი სწორედ ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა და ადამიანების ჭკვიან მომხმარებლად ჩამოყალიბებაა. ამ დღეს ცნობიერების ასამაღლებლად ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით არაერთი შეხვედრა და დისკუსია იმართება ისეთი თემების ირგვლივ, როგორებიცაა, მონაცემთა კონფიდენციალურობა და მფლობელობა. განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა კიბერბულინგთან, ციფრულ იდენტობასთან ან სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ,,ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის“ ამ სლოგანის ქვეშ ერთიანდება სურვილი იმისა, რომ ინტერნეტ-სივრცე ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, სასიამოვნო და უსაფრთხო გამოცდილებასთან ასოცირდებოდეს.
2020 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით მსოფლიოში ინტერნეტს 4.66 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, რაც მთელი პოპულაციის 60%-ს უდრის. ამ პროცენტულ მაჩვენებელში ერთიანდებიან მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებიც, მთავრობის წევრებიც, ანტერპრენერები, პოლიტიკოსები, უბრალო მომხმარებლები, მოზარდები და ახალგაზრდები. ინტერნეტ-სივრცის გამოყენება ციფრულ ტრანსფორმაციასა და დადებით ეფექტთან ერთად, უფრო დიდ და კომპლექსურ გამოწვევებთან გამკლავებას გვთხოვს. თუმცა იმისათვის, რომ დარღვევის იდენტიფიცირება შევძლოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თუ რას გულისხმობს უსაფრთხო ინტერნეტი და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი.
თანხის გადახდა, ონლაინ შოპინგი, მობაილ ბანკინგი და ახლა უკვე ციფრული საფულეები ის ფუფუნებაა, რომელიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველად გამოიყურება. თუმცა, მხოლოდ მომხმარებლების მოჭარბებულ ყურადღებას როდი განიცდის ონლაინ სივრცე. ჰაკერებისთვის ინტერნეტი იდეალური ადგილია დანაშაულის ჩასადენად და კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ინტერნეტ-უსაფრთხოება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ონლაინ ტრანზაქციების და ციფრული საფულის გამოყენების დროს. ბავშვები, თინეიჯერები და ტექნოლოგიებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები წამოეგებიან ხოლმე ხაფანგს. განსაკუთრებით Covid-19-ის პირობებში გახდა შესაძლებელი ამ საშიშროების მასშტაბების დანახვა. პანდემიის პერიოდში კიბერდანაშაულის სტატისტიკამ ხუთჯერ იმატა. რაც შეეხება საქართველოს, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს კომპიუტერი დანაშაულის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა.
ვიყოთ კიბერდანაშაულის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ჩვენი არჩევანია. ამაში კი იგულისხმება ის, რომ სწორედ ადამიანები უწევენ კიბერდანაშაულს პროვოცირებას საეჭვო კონტენტსა და ვებგვერდზე დაწკაპუნებით. ამის გამომწვევი მიზეზი კი, პირველ რიგში, არის ის, რომ არ ვიცით რას ვაკეთებთ. მეორე მიზეზი კი მარტივ ადამიანურ ბუნებაში იმალება – ვხედავთ, მოგვწონს და ვინტერესდებით. რეკლამები, ლინკები , შეტყობინებები ხშირად ჩვენს ყურადღებას იქცევენ და ,,გვაიძულებენ“, რომ დაუკვირვებლად მივყვეთ მათ.
პრობლემები, რომელსაც შესაძლოა ინტერნეტ-მომხმარებელი გადააწყდეს:
ვირუსები და ჯაშუშური პროგრამები – Malware
Malware არის ნებისმიერი ტიპის მავნე პროგრამა, რომელიც შედგება კოდებისგან და მისი მიზანი მონაცემებსა და სისტემაზე წვდომის მოპოვებაა. ვირუსი კი მავნე პროგრამის კონკრეტულ ტიპს წარმოადგენს. ვირუსი ფაილებსა და პროგრამებს ეკვრის და მისი გავრცელების ძირითადი წყარო ვებსაიტები, ფლეშ-დრაივები და ელ. ფოსტაა. ვირუსის გარდა არსებობს Spyware (ჯაშუშური პროგრამა), რომელიც კომპიუტერში არსებულ გარკვეული ტიპის მონაცემებს იძიებს, როგორიცაა პაროლი და სხვადასხვა ინტერნეტ აქტივობა. მისგან განსხვავდება Ransomware (გამომძალველი პროგრამა), რომელიც ფინანსურ სარგებელზეა ორიენტირებული. თავდამსხმელი მონაცემებს პოულობს, შიფრავს და კომპიუტერს ბლოკავს. შენივე მონაცემების სანაცვლოდ კი გამოსასყიდს გთხოვს.
ფიშინგი, რომლის მიზანიც ჩვენი პირადი და ფინანსური ინფორმაციის მოპარვაა
ფიშინგის მიზანი მომხმარებლის საკრედიტო ბარათებზე წვდომის მოპოვებაა. ამ დროს მსხვერპლს მისდის მოწვევა საიტზე, სადაც მას ეკითხებიან დაცულ ინფორმაციას – პაროლებს, საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის ნომერს. საიტი უმეტეს შემთხვევაში ცნობილი ორგანიზაციის ვებ-გვერდს ჰგავს.
ფიშინგის ერთ-ერთი მაგალითი იყო, როდესაც საქართველოს მასშტაბით ადამიანებს ქსელ კარფურის სახელით შეტყობინებები დაეგზავნათ. თითქოს მათი იუბილის აღსანიშნავად კარფური მომხმარებლებს ვაუჩერს სთავაზობდა, რომლის მისაღებადაც მითითებულ ლინკზე უნდა გადასულიყვნენ.
თაღლითობა, რომლის მსხვერპლიც შეიძლება გავხდეთ ყალბ ანგარიშებზე ვიზიტისას შოპინგის დროს, თანხის გადახდისას ან უბრალოდ თამაშის დროს.
საავტორო უფლებების დარღვევა, რომლის დროსაც სხვა პირი საავტორო მასალებს, როგორიცაა ფოტოები, ვიდეოები, სიმღერები, დოკუმენტები, უნებართვოდ იყენებს.
ინტერნეტის მოხმარების ერთ-ერთი უარყოფითი ზეგავლენა კიბერბულინგის შემთხვევათა ზრდაა ახალგაზრდა ადამიანებში. მოზარდთა 95% ინტერნეტს მოიხმარს, მათგან 85% კი სოციალური მედიის წევრია. ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში 2007 წლის მონაცემებთან შედარებით კიბერბულინგის შემთხვევათა გაორმაგება შეინიშნებოდა. 2020 წელს მოზარდთა 42% ინსტაგრამზე, 37% ფეისბუქზე, 31% სნაპჩატში, 12% WhatsApp-ში, 10% YouTube-ში და 9% Twitter-ზე დააბულინგეს.
როგორ გავხდეთ ჭკვიანი ინტერნეტ-მომხმარებელი?
გამოიყენეთ ძლიერი პაროლი
გამოიყენეთ მომხმარებლის ID/პაროლის სხვადასხვა კომბინაცია სხვადასხვა ანგარიშისთვის და თავი აირიდეთ მათი ჩაწერისაგან. გაართულეთ პაროლები ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების (სულ მცირე 10 სიმბოლოს) კომბინირებით და შეცვალეთ ისინი რეგულარულად.
იზრუნეთ თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოებაზე
გააქტიურეთ Firewall. ეს კიბერდანაშაულისგან თავდაცვის პირველი ნაბიჯია, რომელიც ბლოკავს უცნობი ან ყალბი საიტების კავშირებს და ხელს უშლის ზოგიერთი ტიპის ვირუსის გავრცელებას.
გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები
შეაფერხეთ თქვენი კომპიუტერის დავირუსება ანტივირუსული პროგრამების ინსტალაციითა და პერიოდულად განახლებით.
აკონტროლეთ თქვენი აქტივობა
თქვენ არ აირჩევთ სახიფათო სამეზობლოში სიარულს. ასე რომ, ნუ მოინახულებთ „საშიშ უბნებს“ ინტერნეტით. კიბერდამნაშავეები სატყუარად იყენებენ სხვადასხვა მიმზიდველ შემოთავაზებებს. ერთი დაუფიქრებელი კლიკით შესაძლოა დაინფიცირდეს თქვენი მოწყობილობა და გამოაშკარავდეს პერსონალური მონაცემები.
დააკვირდით რას ტვირთავთ
კიბერდამნაშავეთა მთავარი ხერხი ტყუილია, რომლითაც გიბიძგებენ გადმოწეროთ მავნე ფაილები – პროგრამები ან აპები, რომლებიც ატარებენ ვირუსებს და ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ. ეს მავნე პროგრამა შეიძლება შენიღბული იყოს, როგორც რუკები, ამინდის განმსაზღვრელი პროგრამა და ა.შ.
შეიძინეთ მხოლოდ უსაფრთხო გვერდიდან
ნებისმიერ დროს, როდესაც ინტერნეტით ვაჭრობთ, გიწევთ საკრედიტო ბარათის ნომრის მითითება. ეს კი არის ის, რაზეც წვდომის მოპოვებას თაღლითები ცდილობენ. მიუთითეთ ინფორმაცია მხოლოდ დაცული და დაშიფრული კავშირის მქონე ვებ-გვერდზე. თუკი საიტის მისამართში თქვენ ხედავთ https: (სადაც s უსაფრთხოების ინდიკატორია), შეგიძლიათ ამ გვერდს თქვენი მონაცემები ანდოთ. https-ის გვერდით კი დაინახავთ აუცილებლად პატარა ბოქლომს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისამართი მხოლოდ http: არის (s-ის გარეშე) და მის გასწვრივ არ ჩანს ბოქლომი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი მონაცემები დაცული არ იქნება.