Facebook-ის გუნდი გეგმავს გამოიყენოს ახალი, ყოვლისმომცველი მიდგომა, რათა აღნიშნული პლატფორმა ქალებისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს. სოციალურ ქსელში ძალადობის პრევენციას კომპანია მკაფიო და მკაცრი პოლიტიკის ჩამოყალიბებით, ექსპერტებთან მჭიდრო ურთიერთობითა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით აპირებს.
Facebook-ის პოზიცია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მუდამ მკაფიო იყო. კომპანიაში სჯერათ, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ყველა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, განათლებასა და სოციალური კავშირებზე, რომლებსაც ინტერნეტი უზრუნველყოფს.
აშშ-ში დაფუძნებული ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე მომუშავე ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის, სინდი საუზვორზის თქმით, იგი უკვე 30 წელია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობს და ძალიან კარგად იცის, თუ როგორ შეიძლება სოციალური ქსელის გამოყენება ძალადობის იარაღად. თუმცა, სოციალური ქსელი შესაძლოა იქცეს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და თავის გადასარჩენ ხელსაწყოდ. მისი თქმით, Facebook-ის ახალი პოლიტიკა მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქალს გაუადვილებს ყოველდღიურ ყოფას სოციალურ ქსელში.
ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტი ქალებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას, როგორც მკაცრი პოლიტიკის, ისე ხელოვნური ინტელექტის და ე.წ. “Machine learning” დახმარებით აპირებს. ეს ტექნოლოგიები იმ პირების იდენტიფიცირებისთვის იქნება გამოყენებული, რომელთაც არ სურთ რომელიმე ვიდეოსა თუ ფოტოში გამოჩენა ან მონაწილეობა. ტექნოლოგია ყურადღებას ძირითადად სექსუალური ხასიათის სურათებსა და ვიდეოებზე გაამახვილებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს სექსუალური ძალადობის ფაქტები Facebook-ის მფლობელობაში არსებულ სხვადსხვა სოციალურ ფლატორმაზე.