საამური – ჭიქა ღვინოსთან მოსაყოლი ამბავი | ინტერვიუ მაია ჭოხონელიძესთან

თბილისურ „ფაბრიკაში“ არის ღვინის ბარი, რომელიც სხვებს არაფრით ჰგავს: იქ ვერც დაძველებული აგურით მოპირკეთებულ კედლებს ნახავთ და ვერც მარნისათვის დამახასიათებელ ტენიანობას შეიგრძნობთ. სამაგიეროდ, იქ ქართული ბუნებრივი ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ, რომელიც „საამურის“ დამფუძნებლების ძალისხმევით, ბოლო დროს, საკმაოდ პოპულარული გახდა.

ბუნებრივი ღვინის რაობაზე, გაგანია პანდემიისას ღვინის ბარის შექმნის ისტორიაზე და ქართულ ღვინოსთან მობრუნებული ახალგაზრდა მომხმარებლების გემოვნებაზე „საამურის“ დამფუძნებელს, მაია ჭოხონელიძეს ვესაუბრეთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მაია, ერთი წინადადებით ხომ ვერ მეტყვით, „საამური“ რა არის?

ერთი წინადადებით რომ ვთქვა, საამური – ბუნებრივი ღვინის ბარია, რომელსაც სურს, რომ ბუნებრივი ღვინო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეაყვაროს.

ბუნებრივი, ანუ ბიო?

არა, ბუნებრივსა და ბიოს შორის დიდი განსხვავებაა: ბუნებრივ ღვინოში მთავარი პრინციპი ველური საფუარით ღვინის დადუღებაა, აქ არ გამოიყენება დანამატი საფუარი და ღვინის დავარგების დროს არანაირი სხვა დანამატი. ამასთანავე, უხეში ჩარევა არ არის დაშვებული, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომელიც ამ შემთხვევაში 40 მგ. ლიტრზე არის დაშვებული, ხოლო კონვენციურ ღვინოში 200-ს აჭარბებს. ბიოში, როგორც ბიო საფუარის, ასევე სხვა ბევრი დანამატის გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა ყველა ეს პროდუქტი უნდა იყოს ბიო. ბუნებრივ და ბიო ღვინოებს ხშირად აიგივებენ, არადა სიტყვა „ბუნებრივიც“ – გაცილებით უფრო ბუნებრივად ჟღერს.

თუ ასეა, საქართველოში ბუნებრივი ღვინის დიდი რაოდენობით შეძენა რთული არ არის?

ზოგადად, ბუნებრივი ღვინის მარნების რაოდენობა საქართველოში მუდმივად იზრდება: თუ, მაგალითად, 2006 წელს, ამ საქმით ათიოდე ადამიანი იყო დაკავებული, დღეს, ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში 120 მეღვინეობა შედის. თუმცა, ბუნებრივი ღვინის დიდი რაოდენობით შეძენა მაინც რთულია, რადგან უმეტესად მეღვინეები ექსპორტზე მუშაობენ, ვინაიდან უმეტესად სხვა ქვეყნები გაცილებით ადრე დაინტერესდნენ ამ პროდუქტით. ასე მუშაობა მათთვის ბევრად უფრო სტაბილური, მარტივი და სარფიანია. ამასთანავე, წარმოებული ღვინის მცირე მოცულობა საშუალებას არ აძლევთ, რომ ექსპორტზე სრულიად უარი თქვან და ქართული შიდა ბაზრის განვითარებას დაელოდონ – მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველას უნდა თავის ქვეყანაშიც ხელმისაწვდომი იყოს მისი ღვინო და ცდილობენ გადაანაწილონ ისე, რომ ცოტა ჩვენთანაც იყიდებოდეს. თუმცა, მეღვინეებისთვის დიდი რაოდენობის ტარის ერთიანად გაშვება და ახალი მოსავლისთვის მომზადება უფრო მარტივია.

რაკიღა სიტყვა ბაზარზე ჩამოვარდა, სჯობს პანდემიით გავაგრძელოთ, რომელიც „საამურის“ გახსნას დაემთხვა. რა პრობლემები შეგხვდათ და რა დასკვნები გამოიტანეთ?

შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გამოგვადგა კიდეც, რადგან გახსნის პერიოდში სტუმრების სრული დატვირთვით მისაღებად მზად არ ვიყავით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბარი „ფაბრიკაში“ მდებარეობს, პანდემიის სირთულეები ბოლომდე მაინც არ გვიგრძვნია. ისე კი, ფინანსურად ეს წელი სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენი ბარი „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს, მას თავისებურ ხიბლს სძენს, რომელიც „საამურის“ ინტერიერისა და გარემოსთან შერწყმით განსაკუთრებულ გარემოს ჰქმნის. მაია, „საამურის“ დიზაინზე ვინ იმუშავა?

„საამურის“ ინტერიერზე ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა – ის ძალიან კარგი არტისტია, რომელიც ინტერიერის დიზაინთან ერთად, უამრავ სხვა პროექტზე მუშაობს. ინტერიერის კუთხით, ასეთი მიზანი დავისახეთ: არც აგურისა და ხის ელემენტების გამოყენებით შექმნილი ძველებური სტილი გვინდოდა და – არც თანამედროვე, კედლებზე ღვინის ბოთლებით სავსე განათებული თაროები. გვსურდა, რომ „საამურს“ თავისებური ინტერიერი ჰქონოდა, რომელიც მაინცდამაინც ღვინოსთან არ იქნებოდა დაკავშირებული. ბარისთვის ლადომ ყველა დეტალის დიზაინი შექმნა, თუმცა ბარის ინტერიერი ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და ვფიქრობ, გაზაფხულზე უკვე მთლიანად დასრულდება.

ჩვენს ლოგოზე, რომელიც ძალიან მიყვარს, ანკა ბოჭორიშვილმა იმუშავა – მგონი, მართლა საამური ლოგო გამოვიდა. მადლობა ანკას.

მაია, რა გამოარჩევს „საამურს“ მისი კონკურენტებისგან, ინტერიერის გარდა, ცხადია?

კონკურენციაზე საუბარი ახლა ძალიან არასწორია – უბრალოდ, ბუნებრივი ღვინის ბარი, რაოდენობრივად, თბილისში ძალიან ცოტაა, ხოლო რეგიონებში, მგონი მხოლოდ ბათუმში არის. ეს იმდენად მზარდი ბაზარია, რომ ჯერჯერობით, ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ და მგონი, არც მომავალში ვიქნებით, რადგან ბუნებრივ მეღვინეობას ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

„საამურში“ მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს ვყიდით, როგორც ქართულს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულს. გვაქვს საინტერესო კრაფტ ლუდები და ძლიერი სასმელები, რომლებიც ასევე საქართველოში არის წარმოებული, მათ შორის ჯინი, აბსენტი, რეზონიაკი და სხვა. მომხმარებლებს იმ ღვინოს ვთავაზობთ, რომელიც ჩვენ თვითონ მოგვწონს. ღვინის ძალიან დიდი სელექცია არ გვაქვს – ასამდე სხვადასხვა ღვინოს ვყიდით, რომელიც ყველანაირი ტიპის ღვინის მაძიებელს დააკმაყოფილებს. თუმცა, მხოლოდ ბუნებრივის!

ჩვენი მიზანია, რომ ადამიანები ბუნებრივი ღვინით დავაინტერესოთ და შევაყვაროთ. თან, გვინდა რომ ის ხელმისაწვდომი გავხადოთ – გვსურს ვიყოთ ერთგვარი ხიდი ღვინის ახალი თაობის მოყვარულებსა და მეღვინეებს შორის.

მაია, ახლა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობთ?

კი, ფიზიკურადაც ვართ და ონლაინ-რეჟიმში, როგორც Bolt Food-ზე, ასევე Wolt-სა და Glovo-ზე. პანდემიის გამო, გაციფრულება მოგვიწია, რასაც თავიდან არც კი წარმოვიდგენდით, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბარებში არ დადიან და დიდად ღვინოსაც არ სვამენ, ზოგჯერ, ბუნებრივ ღვინოს ონლაინ უკვეთავენ ხოლმე – ასე რომ, რატომაც არა!

გამოდის, რომ მთავარი აქცენტი მაინც ბარზე გაქვთ, ჰო?

კი, თავიდან ასე იყო, ახლა რასაც ვხედავთ არის ის, რომ ამ პლატფორმებზე ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ბუნებრივ ღვინოს პირველად სვამს, უყვარდება. მე და ნიკის ბარის გახსნა სულ გვინდოდა, თუმცა იმას რომ ამისთვის კარგი დრო ზუსტად ახლა იყო „გაუსინჯე თბილისს გემო“-ში მონაწილეობისას მივხვდით, როცა რამდენიმე წლის წინ ღვინოს თითქმის არავინ სვამდა. ადამიანები ჩვენს დახლთან მოდიოდნენ და ღვინოს რომ ხედავდნენ, გვეკითხებოდნენ, აუ, თქვენ ღვინო გაქვთ? და ამატებდნენ, უკაცრავად, სხვა რამეს მოვძებნითო. მე კი მაინც ვიდექი, რადგან მჯეროდა და მინდოდა, რომ ხალხი ღვინით დაინტერესებულიყო. თან ყოველ წელს ცოტ-ცოტა ბედნიერი ადამიანი სულ გვემატებოდა ჩვენი სტენდის დანახვისას.

თუმცა, დაახლოებით ორი წლის წინ, შემოდგომაზე რეგულაციები ცოტა ხნით რომ შემსუბუქდა, ჩვენს ჯიხურთან აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ მოხდა: გაჩნდა რიგები და ადამიანები, რომლებიც ღვინის საყიდლად მოდიოდნენ, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, როგორი ტიპის ღვინო სურდათ. აი, იმ დროს მივხვდი, რომ ქვეყანაში ღვინის ამბავი ძალიან შეიცვალა. ახლა თუ ადამიანები იმასაც მიხვდებიან, რომ ბუნებრივი ღვინო ჩვეულებრივზე გაცილებით უკეთესია, ხომ საერთოდ კარგი იქნება.

ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ, ღვინოს საერთოდ არ ვსვამდი, მაგრამ თქვენთან გავსინჯე და შემიყვარდაო. ჩვენც ვცდილობთ, რომ ჩვენი ღვინო ისეთ ადგილებში იყოს ხელმისაწვდომი, სადაც მას არავინ ელოდება: კლუბებში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე, ინსტალაციებსა და გამოფენებზე – იმ ღონისძიებებზე, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენ მოგვწონს, გვაინტერესებს.

მაია, „საამურის“ განვითარების ადრეულ ეტაპზე, თქვენმა კომპანიამ თიბისის სტარტაპ სესხი მიიღო. რას მოახმარეთ ეს ფინანსური რესურსი და, ზოგადად, რა როლი ითამაშა თიბისიმ თქვენი სტარტაპის განვითარებაში?

თიბისის სტარტაპ სესხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თავდაპირველად, პატარა მაღაზიის გაკეთებას ვაპირებდით, ხოლო პანდემიის გამო გადავიფიქრეთ. ამ დროს, ეს ჩვენი სივრცე დაცარიელდა და „ფაბრიკამ“ მასზე ე.წ. „ოფენ ქოლი“ გამოაცხადა, რომლისთვის ფინანსურად მზად არ ვიყავით, თუმცა მაინც შევავსეთ განაცხადი. ამ მხრივ, სტარტაპერი ძალიან დაგვეხმარა, რადგან სესხი ძალიან მალე და მარტივად ავიღეთ – რეალურად, ჩვენი ბარი სტარტაპერის სრული ფინანსური მხარდაჭერით გავაკეთეთ.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

გეგმები ბევრია, თუმცა პირველი მიზანი – გუნდის გაზრდაა, სხვადასხვა იდეების განხორციელება რომ შევძლოთ. ახლაც ვცდილობთ, რომ ჩვენ სტუმრებს მუდმივად საინტერესო ამბები შევთავაზოთ. ჩვენი ბარით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევ, რომ თვალი ადევნონ ჩვენს ინსტაგრამ-გვერდს, სადაც სიახლეებს ვაზიარებთ.