რამდენიმე კვირაა, თვითიზოლაციის რეკომენდაციით უამრავი ადამიანი გადავიდა ფიზიკურად აქტიური ცხოვრების ფაზიდან პასიურზე. როცა შენი ზუსტად გაწერილი გრაფიკი, გეხმარება ისე დააბალანსო საქმიანი დღე, რომ დრო ჯანსაღი აქტივობებისთვისაც დაგრჩეს, უეცარი ცვლილება გაურკვეველ მდგომარეობაში გტოვებს. ეს დრამატული კლება სოციალური კონტაქტისა ბევრად მოდუნებულსა და კიდევ უფრო იზოლირებულს გხდის.
ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, დრო სწორად ვმართოთ და იგი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. უესტმინსტერის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი რუსუდან ღვამიჩავა თვითიზოლაციის გამოწვევებსა და ამ პერიოდში ჯანსაღად ცხოვრების აუცილებლობაზე Forbes Woman Georgia-ს ესაუბრა.
ძალიან რთულია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესიდან უცებ გადაერთო პასიურ და თვითიზოლირებულ ცხოვრებაზე. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
ყველასთვის საკმაოდ სტრესულია ცხოვრების სტილის ასეთი რადიკალური ცვლილება. ჩემი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იყო ლექციების, სამსახურის, ვარჯიშისა და მეგობრების გარეშე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. სამწუხაროდ, რეალობას ვერ შევცვლით, თუმცა შეგვიძლია, ვცადოთ და ვიყოთ უფრო პოზიტიურები. რაც მთავარია, ეს დრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ.
ახლა ვცდილობ, ვიმეცადინო და ვიმუშავო დისტანციურად, დრო გავატარო ოჯახის წევრებთან ერთად, ჩავატარო კულინარული ექპერიმენტები, დრო დავუთმო საკუთარ თავს, ვიკითხო და ვივარჯიშო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მენტალური ჯანმრთელობა, ამიტომ შევეცადოთ, არ ავყვეთ ემოციებს და მუდმივად ვიყოთ კონტაქტზე ჩვენს საყვარელ ადამიანებთან. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორი ასე ეფექტურად უძღვება ამ გლობალურ გამოწვევას.
რა გავლენა აქვს კვების რაციონს ადამიანის ჯანმრთელობაზე?
You are what you eat! შენ ხარ ის, რითაც იკვებები! ამ ბოლო დროს, ჰიპოკრატეს ეს ფრაზა ძალიან პოპულარული გახდა და ვფიქრობ, განსაკუთრებულად კარგად გამოხატავს კვების მნიშვნელობას.
საკვები ადამიანს ამარაგებს ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიით და ეხმარება მას, რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს. კვება და ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ამჟამად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით, რომელიც გულისხმობს დაბალანსებულ კვებასა და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების პრევენცია.
ჩვენი ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს როგორც მაკრონუტრიენტებს – ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ასევე მიკრონუტრიენტებს – მინერალებსა და ვიტამინებს. თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი დანიშნულება. არ არის მიზანშეწონილი რომელიმე მათგანის რაციონიდან მთლიანად ამოღება, ისინი უნდა დავაბალანსოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით ცხიმების მიღება არ უნდა აღემატებოდეს დღეში საერთო მიღებული ენერგიის 30%-ს, თავისუფალი შაქრები 10-5%-ს, ხოლო მარილი 5 გრამს.
რატომ უნდა მივაქციოთ ახლა ჩვენს კვებას ყველაზე დიდი ყურადღება და რა უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით?
ეპიდემიის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სახლში დარჩენა და თვითიზოლაცია, მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს სწორი კვების პრინციპები.
რეკომენდირებულია, ვიკვებოთ ზომიერად და ჩვენი რაციონი გავამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით. თუ სასურსათო მაღაზიასთან მუდმივი წვდომა არ გვაქვს, უპირატესობა შეგვიძლია მივანიჭოთ არამალფუჭებად პროდუქტებს. მაგალითად, პარკოსნებს (ლობიო, ოსპი, ბარდა), რაც ხელმისაწვდომია და მცენარეული ცილების ძალიან სასარგებლო წყაროს წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება. აუცილებელია, არ დაგვავიწყდეს საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.
იზოლაციის პირობებში, როდესაც გარეთ, მზეზე ყოფნა არ არის შესაძლებელი, სასურველია, მივიღოთ D ვიტამინით მდიდარი საკვები – ცხიმიანი თევზი, კვერცხი, ყველი და საჭიროების შემთხვევაში D ვიტამინის დანამატები. რეკომენდირებულია, მოვერიდოთ შაქრით მდიდარ, ზედმეტად პროცესირებულ არაჯანსაღ პროდუქტებს.
სახლში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა, რომ არ ამოვვარდეთ რეჟიმიდან და დრო ეფექტურად გამოვიყენოთ. ადამიანთა უმეტესობა წუხს იმის გამო, რომ თვითიზოლაციის პერიოდში შედარებით მეტს მიირთმევს, ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და შიშობს, რომ წონაში საგრძნობლად მოიმატებს. უმჯობესია, დილიდან გავწეროთ დღის გეგმა და დავთქვათ კონკრეტული საათები კვებისა და ვარჯიშისთვის. ეს მიდგომა დაგვეხმარება, რომ მოვასწროთ ბევრი რამ დღის განმავლობაში. სახლიდან მუშაობის შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ სახლში მოვიწყობთ სამუშაო სივრცეს, ოთახს ან კუთხეს, რათა ყურადღება არ გაგვეფანტოს.
თუმცა კვებასთან ერთად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. ამ შემთხვევაში რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას?
ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სახლში ვართ, უნდა ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. ვარჯიში სახლის პირობებში მარტივად არის შესაძლებელი, განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე. საკმარისია მონდომება და კრეატიულობა. თუ გყავთ ბავშვები, მათთან ერთად ვარჯიში ძალიან სახალისო და სასარგებლო აქტივობა შეიძლება გახდეს. ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში უკვე კარგია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ინტერნეტში წარმოდგენილია უამრავი ვიდეო გაკვეთილი, რომელიც ძალიან გამოგვადგება. ასევე სასიამოვნო ემოციურ განწყობას შეგვიქმნის ამ პროცესში ჩვენი საყვარელი მუსიკაც.
ბოლოს, რამდენიმე სიტყვით რომ აღგვიწეროთ რა ვითარებაა ახლა ლონდონში და მანდ როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას?
ბრიტანეთმა, გარკვეულწილად, განხვავებული გზა აირჩია კორონავირუსთან საბრძოლველად და კვლავ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფაზაშია. ამ ეტაპზე, მთავრობა რეკომენდაციებით შემოიფარგლება, მათ შორისაა რჩევები, რომ მოსახლეობა მოერიდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და დაიცვას სოციალური დისტანცირების ნორმები. თუ შესაძლებელია იმუშაონ სახლიდან, ხოლო 70 წელს გადაცილებული ადამიანები მოექცნენ თვითიზოლაციაში, დაახლოებით, 12 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა, თუ ოჯახში ერთ პირს კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდება, მაშინ, ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს 14-დღიან იზოლაციაში. ასევე გაკეთდა ოფიციალური განცხადება სკოლების, რესტორნების, ბარებისა და რიგი მეტრო სადგურების დახურვის შესახებ.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!