ინიციატივის – „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ (TIWB) სამდივნოს ხელმძღვანელი, რუსუდან კემულარია გამოცემა ITR-ის 2022 წლის Global Tax 50-ში მოხვდა. ცნობისთვის, ამ სიაში საგადასახადო პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროდან ყველაზე გავლენიანი პირები ხვდებიან, საჯარო მოხელეებიდან დაწყებული დარგის ლიდერებით დამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე 2019 წელს TIWB-ის შეუერთდებოდა, კემულარია იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივაა, რომელიც საერთაშორისო დაბეგვრის სფეროში განვითარებადი ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.
რუსუდან კემულარია ძირითადად მუშაობდა წამყვან საგადასახადო რეფორმებსა და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებზე. ის ასევე მოლაპარაკებებს მართავდა საქართველოში სატრანსფერო ფასების ახალ რეჟიმთან დაკავშირებით. როგორც ITR-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, კემულარიას მისწრაფებამ საგადასახადო სფეროს რეფორმირებისკენ, მას ამ დარგში ფართოდ გაუთქვა სახელი.
ამჟამად, TIWB-ში კემულარია ხელმძღვანელობს პროექტებს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან 60-ზე მეტ ქვეყანას საგადასახადო აუდიტის შესაძლებლობების განვითარებაში.