რატომ აცხადებს რუსეთი უარს გაეროს ჰუმანიტარულ პროგრამაში მონაწილეობაზე

რუსეთმა  დატოვა გაეროს ჰუმანიტარული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სირიის დახმარებასა და საავადმყოფოების დაცვას მეომარი მხარეებისგან.

დროებითი ბანაკი დევნილებისთვის იდლიბში (Via Daily Sabah)

გადაწყვეტილების მიზეზი გაეროს შიდა გამოძიების დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, წინა წელს  სირიის მთავრობამ და მისმა მოკავშირეებმა განახორციელეს თავდასხმა სამ სამედიცინო დაწესებულებაზე, სკოლასა და ბავშვთა თავშესაფარზე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში.

რუსეთმა და სირიამ განაცხადეს, რომ მათი ძალები არ უპირისპირდებიან სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურას. თავდასხმების გადასამოწმებლად  გაეროს მიერ გამოყენებულ რესურსებს  კი დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

შეგახსენებთ, რომ  სამოქალაქო ომის დროს რუსეთი სირიას სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფდა.  2011 წლის  ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ჩაახშო პრო-დემოკრატიული საპროტესტო აქციები.

ვასილი ნებენზია, რუსეთის ელჩი გაეროში, გაეროს ჰუმანიტარული „დე-კონფლიქტის“ პროგრამის ბოროტად გამოყენებაში  ტერორისტებსა და რამდენიმე ოპოზიციურ დაჯგუფებას ადანაშაულებს – „რუსეთს მიაჩნია, რომ გაერომ სირიის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს“.

გაერო ჯერ კიდევ აპირებს მოლაპარაკებას რუსეთთან.  ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) შენიშვნაში აღნიშნულია, რომ „გაერო შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის გამოთიშვით პროგრამიდან და განიხილავს ამ გადაწყვეტილების შედეგებს ჰუმანიტარული პერსონალისა და ოპერაციებისთვის სირიაში“.

„თუ რუსეთი ფიქრობს, რომ ეს მათ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში დაეხმარებათ, მწარედ ცდებიან“, ამბობს Human Rights Watch-ის დირექტორი ლუი შარბონუ. „ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და დავამტკიცებთ საავადმყოფოების მიზანმიმართულ დაბომბვასა და სხვა მძიმე დანაშაულებს სირიაში“.