პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ზე უკეთ უმკლავდება პანდემიას

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Covid-19-თან ბრძოლაში რუსეთის მიერ შემუშავებული ტაქტიკა ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს ამერიკისა და ბრაზილიის შემდეგ.

Photo Credits to Alexey Druzhinin

„ჩვენ ვირუსს მინიმალური დანაკარგით ვამარცხებთ, შტატებში კი ასე არ ხდება“-განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რუსეთში მთავრობა და რეგიონული ლიდერები კოორდინირებულად მოქმედებენ, როგორც ერთი გუნდი და საილუსტრაციოდ დაღესტანი მოიხმო, რომლის დასახმარებლადაც მთელი ქვეყანა გაერთიანდა.

ამ დროისთვის ქვეყნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის 2,162,406 დადასტურებული შემთხვევა აქვს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 117,859-ია. რუსეთში კი ინფიცირებულია 537,210, ხოლო გარდაცვლილია 7,091 ადამიანი.

ცნობისთვის, 13 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გადაეხედა სიკვდილიანობის აღრიცხვის პოლიტიკისთვის – ამ განცხადებით საერთაშორისო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიწოდებული რიცხვების სიზუსტე.