რუსმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები ამოიღეს მიზანში და სამეცნიერო კვლევის მოპარვა სცადეს. კიბერთავდასხმის სავარაუდო განზრახვა ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა იყო ბრიტანული, კანადური და ამერიკული კვლევითი ორგანიზაციებისგან.
ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) განცხადებით, კიბერშეტევა განახორციელა ჰაკერულმა დაჯგუფებამ APT29, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „მყუდრო დათვი“ (Cozy Bear) და „ჰერცოგები“ (the Dukes). წყაროს მიხედვით, ისინი თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ჰაკერები რუსეთის სადაზვერვო სამსახურზე მუშაობენ.
კიბერთავდასხმა ორიენტირებული იყო სამთავრობო დეპარტამენტებზე, დიპლომატიურ მისიებზე, კვლევით ინსტიტუტებზე, ჯანდაცვასა და ენერგო სექტორზე.
APT29-მ რამდენიმე განსხვავებული ტექნიკა გამოიყენა სამედიცინო საიდუმლოებების მოსაპარად. მათ შორის, მავნე პროგრამები სახელწოდებით „WellMess” და “WellMail” და „ფიშინგის“ გავრცელებული მეთოდი მეილებზე პასუხისმგებელი პირების მოსატყუებლად და პირადი ინფორმაციის მისაღებად.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა: „სანამ სხვები თავის ეგოისტურ ინტერესებზე ღელავენ და დაუფიქრებლად იქცევიან, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები მძიმედ შრომობენ ვაქცინის შესაქმნელად და გლობალური ჯანმრთელობის დასაცავად. ბრიტანეთი გააგრძელებს მათთან დაპირისპირებას, ვინც ასეთ კიბერ შეტევებს ახორციელებს“.
NCSC-ის ოპერაციების დირექტორი, პოლ ჩიჩესტერი კი მომხდარს სამარცხვინო ფაქტს უწოდებს. „მოკავშირეების დახმარებით პასუხისგებაში მივცემთ იმ დამნაშავე პირებს, რომლებიც ჩვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ კიბერ სივრცეში“ – აღნიშნავს ის.
აღსანიშნავია, რომ იშვიათია ბრიტანეთის მიერ იმის აშკარა მტკიცება, რომ სხვა ქვეყანა კოორდინირებული კიბერშეტევების კამპანიის უკანაა. ჯერ-ჯერობით არ არის აღნიშნული რომელი ორგანიზაცია იყო ჰაკერების სამიზნე ან მოიპარეს თუ არა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. თუმცა ბრიტანეთის ოფიციალური პირების მიხედვით, კიბერშეტევის შედეგად ვაქცინასთან დაკავშირებული არც ერთი კვლევა არ არის საფრთხის ქვეშ.