დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა გამარტივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება.

საგადასახადო სისტემის დახვეწის უწყვეტი პროცესი მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობის შედეგად ცვლილებები შედის საგადასახადო ადმინისტრირებაში, კერძოდ:

  • სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური, რომელიც ადრე 20 ლარს შეადგენდა.
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მარტივდება საქონლის ჩამოწერის წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.
  • სავაჭრო ობიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა არ დაბეგრონ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი.

შედეგად, გადამხდელებისთვის, რომელთაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, ამასთან, მცირდება ბიზნესის ფინანსური და დროის დანახარჯი.

„ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“ – განაცხადა პრემიერმა გახარიამ.